Facebook Twitter
საქმე №ას-902-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - შპს „ს.ქ.მ–ბი“, სს „ე-პ.ჯ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ნ–ძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

არასრულწლოვან ა.ნ–ძის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სს „ე-პ.ჯ–ას“ და შპს „ს.ქ.მ–ის“ მიმართ, მატერიალური და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ნ–ძის სარჩელი შპს „ს.ქ.მ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს „ე-პ.ჯ–ას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ე-პ.ჯ–ას“ ა.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მკურნალობის ხარჯის - 4653.05 ლარის, მორალური ზიანის - 10000 ლარის და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის - 600 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში ა.ნ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა.ნ–ძემ და სს „ე-პ.ჯ–ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სს „ე-პ.ჯ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ნ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ გაწეული მკურნალობის ხარჯის - 9306.09 ლარის, მორალური ზიანის 100000 ლარის და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის - 1800 ლარის ანაზღაურება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ არ ჩაუდენიათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, არ არსებობს მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. გარდა ამისა, კასატორები სადავოდ ხდიან მატერიალური და მორალური ზიანის გაანგარიშების სისწორეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მატერიალური და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის კუმულატიურად უნდა არსებობდეს შემდეგი ელემენტები: 1. ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 3. მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის; და 4. ბრალეულობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის №ას-1005-2020 განჩინება და 2021 წლის 21 აპრილის №ას-473-2020 გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეებისგან ჯანმრთელობის ვნების შედეგად გამოწვეული მკურნალობის ხარჯის და განცდილი სულიერი ტანჯვის მაკომპესირებელ ანაზღაურებას ითხოვს.

საკასაციო პალატა, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:

- 10-კილოვატიანი მაღალი ძაბვის საჰაერო გადამცემი ხაზი „მ–ი“ (ეგხ) 2007 წლიდან ეკუთვნის სს „ე პ-ჯ–ას“;

- შპს „ს.ქ.მ–მა“ დაბა ......, ეგხ-ის დაცვის ზონაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ააშენა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსი;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ნაჩვენები არ იყო, რომ სამშენებლო ობიექტი მოქცეული იყო ეგხ-ს დაცვის ზონაში. ამდენად, შპს „ს.ქ.მ–ს“ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისათვის მეორე მოპასუხის თანხმობა არ მიუღია;

- 2015 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებით ა.ნ–ძის მამამ - დ.ნ–ძემ შპს „ს.ქ.მ–ბის“ მიერ აშენებულ კორპუსში შეიძინა ბინა;

- 2017 წლის 26 აგვისტოს 9 წლის ა.ნ–ძე საცხოვრებელ კომპლექს „მ–ის“ აივანზე თამაშის დროს, მეტალის საზომით შეეხო ელექტროგადამცემ ხაზს, რის შედეგადაც ა.ნ–ძემ, მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მას სხეულზე აღენიშნება მიღებული დამწვრობის კვალი და საჭიროებს მკურნალობას, მათ შორის, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, საკასაციო პალატა მიუთითებს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაზე. კერძოდ, დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოთა წარმოება. ხოლო, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ე“ პუნქტით, ეს დაცვის ზონა 10 კვტ. ძაბვის საჰაერო ხაზისთვის 10 მეტრია. ამრიგად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში ნებისმიერი მშენებლობა უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით, ხაზობრივი ნაგებობის ფუნქციონირების მოშლის გამორიცხვით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობით.

სადავო შემთხვევაში კი, შპს „ს.ქ.მ–მა“ საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები აწარმოა იმგვარად, რომ სს „ე-პ.ჯ–ას“ თანხმობა არ მიუღია და მშენებლობის მოპოვების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოში განცხადების წარდგენისას სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დაუფიქსირებია, რითაც დაარღვია მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უბედური შემთხვევის მომენტში ელექტროგადამცემი ხაზის მდებარეობას. კერძოდ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მანძილი ა.ნ–ძის ბინის აივნიდან ელექტროგადამცემ ხაზამდე შეადგენდა 2.65 მეტრს; ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტ უ.ხ–ის მოსაზრებით, არ არის გამორიცხული, ხაზი გარემოპირობების ზემოქმედებით მნიშვნელოვნად გადახრილიყო და შენობის აივნის უკიდურეს წერტილს 2 მეტრზე ნაკლები მანძილითაც კი მიახლოვებოდა. ამდენად, შპს „ს.ქ.მ–მა“ კორპუსის მშენებლობის შემდგომ პერიოდშიც დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნები, უგულვებელყო კორპუსის მიმდებარედ არსებული საჰაერო ელექტროხაზიდან მომდინარე საფრთხე და დაუშვა მაცხოვრებლებისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „ს.ქ.მ–ის“ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ა.ნ–ძისთვის ჯანმრთელობის დაზიანება, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

რაც შეეხება სს „ე-პ.ჯ–ას“ მიერ ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. მითითებული ნორმა მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის დაზიანება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მე-1000 მუხლის დანაწესით კანონმდებელი გულისხმობს ისეთ ნივთს, რომელიც მასში წარმოებული, მოთავსებებული ან მიწოდებული ენერგიის, თუ მომწამვლელი ნივთიერების გამო მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის №ას-646-617-2016 განჩინება, 2016 წლის 23 დეკემბრის №ას-543-518-2016 გადაწყვეტილება). ერთ-ერთ ასეთ ნივთად საკასაციო პალატა საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს მიიჩნევს.

ელექტროგადამცემი ხაზის და მისგან მომდინარე საფრთხეების თავისებურებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დამატებით განიხილავს აღნიშნული ობიექტის მესაკუთრის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობების შინაარსსაც. „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №434 დადგენილების 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესები და მათი დაცვის ზონები, კონტროლდებოდეს მათი შესრულება. ორგანიზაცია, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს, უნდა ახორციელებდეს კონტროლს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ელექტროქსელების დაცვის წესების უპირობო შესრულებაზე და აწვდიდეს მათ ინფორმაციას ამ წესების მოთხოვნათა შესახებ. იმავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად კი, ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის დროს ორგანიზებული უნდა იყოს მათი პერიოდული და რიგგარეშე დათვალიერებები. პერიოდული დათვალიერების გრაფიკი დამტკიცებული უნდა იყოს იმ ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრულ ქსელებს. საჰაერო ხაზის მთელ სიგრძეზე დათვალიერების პერიოდულობა უნდა იყოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა ჩაატაროს ხაზების ან ცალკეული უბნების შერჩევითი დათვალიერება, ხოლო კაპიტალურ შეკეთებას დაქვემდებარებული ყველა ხაზის (უბნის) სრული დათვალიერება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ამრიგად, კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი ელექტრული ქსელების ექსპლუატაციის კონტროლის ვალდებულება, რაც მათი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების დაცვის მიზანს ემსახურება.

მოცემულ შემთხვევაში, სს „ე-პ.ჯ–ას“ მიერ წარმოდგენილია 2015, 2016 და 2018 წლებში წარმოებული ელექტროგადამცემი ხაზების შემოვლა-დათვალიერების და პრობლემების აღწერის №2, №96, №4(2) აქტები. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება კორპუსის მშენებლობის პერიოდში (მშენებლობის ნებართვა გაიცა 2014 წელს, თუმცა ფაქტობრივად მშენებლობა ნებართვის მოპოვებამდე იყო დაწყებული) და ასევე, შემთხვევის დროისათვის - 2017 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობის სს „ე-პ.ჯ–ას“ მიერ აღწერა. ამასთან, სს „ე-პ.ჯ–ამ“ ვერც 2015, 2016 და 2018 წლებში წარმოებული შემოვლა-დათავლიერების დროს უზრუნველყო საფრთხის შემცველი ელექტროგადამცემის ხაზის აღმოჩენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ეკომპანიას ელექტროგადამცემი ხაზის გეგმიური შემოვლა-დათვალიერება სრულად და ჯეროვნად არ უწარმოებია, რითაც დაარღვია საქართველოს მთავრობის №434 დადგენილებით დაკისრებული მოვალეობები. შედეგად კი, მოპასუხემ ვერ აღკვეთა ელექტროგადამცემი ხაზიდან მომდინარე საფრთხე. ამრიგად, სს „ე-პ.ჯ–ას“ უმოქმედობა მიზეზშედეგობრივ კავშირშია ა.ნ–ძისთვის ჯანმრთელობის ვნებასთან, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოშობდა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ვინაიდან ორივე მოპასუხის მიმართ დასტურდება ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება.

რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებული მოსარჩელის მკურნალობის ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვებით და გადახდის ქვითრებით; კერძოდ, დადასტურებულია, რომ სამედიცინო მანიპულაციებსა და მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი შეადგენს 14381.66 ლარს, საიდანაც მოსარჩელეს 5075.57 ლარი სადაზღვევო მომსახურების ფარგლებში აუნაზღაურდა. ამდენად, საკასაციო პალატას გამართლებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით სამედიცინო ხარჯის აუნაზღაურებელი ნაწილის - 9306.09 ლარის დაკისრება.

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საგულისხმოა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა სასამართლო დისკრეციას განეკუთვნება, რა დროს სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ისე ობიექტური გარემოებები. მნიშვნელოვანია, რომ კომპენსაციის ოდენობა იყოს სამართლიანი და გონივრული, რათა დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მოსარჩელემ განიცადა ფიზიკური და სულიერი ტკივილი როგორც უშუალოდ დაზიანების მიღების, ისე შემდგომ პერიოდშიც (მათ შორის, მკურნალობისას, ოპერაციის ჩატარებისას), რაც შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს და გამოიხატოს ფულად თანხაში და მოახდინოს მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის სრული კომპენსირება. თუმცა, მოსარჩელის ასაკის, მიყენებული დაზიანების ხარისხის, გარემოებების, მკურნალობის განგრძობადობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისთვის 100000 ლარის გადახდის დაკისრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე-პ.ჯ–ას“ და შპს „ს.ქ.მ–ბის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება;

3. სს „ე-პ.ჯ–ას“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5465.30 ლარის (საგადასახადო დავალება №99153001, გადახდის თარიღი 16.06.2022წ. და საგადასახადო დავალება №1658211821, გადახდის თარიღი 19.07.2022წ.) 70% - 3825.71 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. შპს „ს.ქ.მ–ბს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.გ–ძის (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5465.30 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 27.07.2022წ.) 70% - 3825.71 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე