№ას-178-2022
18 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ხ–ვამ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-20).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დამსაქმებელმა კანონიერად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ი.ხ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2214/კ ბრძანება და ი.ხ–ვა აღდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ი.ხ–ვასთვის კომპენსაციის სახით გაცემული 1 თვის თანამდებობრივი სარგოს გამოკლებით. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მოსარჩელისთვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში.
3. ზუგდიდის სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 30 იანვრის N4 ბრძანებით, ი.ხ–ვა დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2007-2009 წლებში, საჭიროების შემთხვევაში ასრულებდა ზუგდიდის სამსახურის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის მოვალეობებს.
5.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 16 ივლისის N3581/კ ბრძანებით, ი.ხ–ვა განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა თვეში 900 ლარის ოდენობით.
5.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების შესახებ მონაცემით, 2018 წელს ი.ხ–ვა შეფასების მაქსიმალური 60 ქულიდან შეფასდა 57 ქულით.
5.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 01 ნოემბრის N11607/კ ბრძანებით, ი.ხ–ვას დისციპლინური გადაცდომისათვის გამოეცხადა „საყვედური“.
5.5. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება. აღნიშნული ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე. ამავე ბრძანებით სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის (პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით) შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად დადგენილ იქნა ტესტირება (პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები) და გასაუბრება.
5.6. სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 2 დეკემბერს, ი.ხ–ვა გაფრთხილებული იქნა რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ.
5.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ი.ხ–ვა 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5.8. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 22 მარტის N01/52810 მიმართვით, წარმოდგენილი იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის თანამშრომელთა ტესტირების შედეგები. ი.ხ–ვამ ტესტირების შედეგად ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან მოიპოვა - 55 ქულა, ქართული ენის მართლწერაში მაქსიმალური 80 ქულიდან - 47 ქულა, სამართლებრივ თემატიკაში მაქსიმალური 50 ქულიდან - 48 ქულა.
5.9. რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი 813200 ლარი და წლიური ფონდი 9758000 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის ფონდი 749900 ლარით და წლიური ფონდი 9000000 ლარით.
5.10. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის N01/123435 მიმართვით, რეორგანიზაციის შემდეგ სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დარჩენილი თანამშრომლებიდან, 2020 წლის 27 თებერვლამდე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეფარდებული ჰქონდა 14 თანამშრომელს.
5.11. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი განსაზღვრული იყო 41 საშტატო ერთეულით, ხოლო 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ ახლად ჩამოყალიბებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არის ჯამში 26 საშტატო პოზიცია. აქედან 1 სამსახურის უფროსი (ვაკანტური), 25 მთავარი სპეციალისტი.
5.12. მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აეკრძალა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე (ზუგდიდის ერთი ვაკანტური პოზიცია, თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი, ვაკანსიის N64391) კონკურსის შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა, გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა.
5.13. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა შრომითი მოვალეობების შესრულებას და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კვალიფიციურად. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია.
5.14. დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ძირითადად შემცირდა სამსახურების უფროსებისა და მათი მოადგილეების საშტატო ერთეულები, ხოლო მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული შემცირდა მხოლოდ 2 ერთეულით. დამსაქმებელს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რეორგანიზაციის შედეგად თუ რამდენი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული შეივსო და რამდენი დარჩა ვაკანტური, თუმცა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით უდავოდ დასტურდებოდა რეორგანიზაციის შედეგად ვაკანტური 1 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულის არსებობა. აღნიშნული ადასტურებდა, რომ მიუხედავად ორგანიზაციული ცვლილებებისა, ის შტატი – თანამდებობა, სადაც დასაქმებული იყო ი.ხ–ვა ვაკანტური იყო და ასევე, არ შემცირებულა ამ პოზიციაზე შრომის ანაზღაურების ოდენობა.
5.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის მტკიცება, ი.ხ–ვას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლების შესახებ.
5.16. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები და მიიჩნია, რომ ტესტირების შედეგები არ იძლეოდა მოსარჩელის არაკვალიფიციურობის შესახებ დასკვნის გამოტანის საფუძველს, ხოლო ზეპირი გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის დასმული ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე მიღებული არადამაკმაყოფილებელი პასუხები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული მუშაკის არაკვალიფიციურობის შესახებ დასკვნის გამოსატანად, მით უფრო, რომ გასაუბრების ოქმში დაფიქსირებული გარემოებები უარყოფილია დასაქმებულის მხრიდან, ხოლო ამ გარემოებათა ნამდვილობა სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
5.17. პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული სამუშაო პოზიცია არ იყო ვაკანტური, ვინაიდან, აპელანტს ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იმავე სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ [1]დასაბუთებული იყო.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ თანამდებობა, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ვაკანტურია. კასატორი მიუთითებს, რომ ვაკანტურ საშტატო პოზიციაზე კონკურსი არ გამოცხადებულა, გამოცხადებული პოზიცია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კანდიდატის მიღებას ითვალისწინებს და შტატგარეშედ დასაქმებული პირები საშტატო განრიგში არ მოიაზრება.
6.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური პოზიცია არ არსებობს. რაც შეეხება სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებას, სასამართლოს არ მიუთითებია, რომ უშუალოდ ამ პოზიციაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა და ვაკანტურ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საფუძვლიანობა.
12.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შდეგების მოსარჩელისადმი მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებელის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე და მე-8 მუხლებით რეგულირებული საკითხები და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტი, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ.).
12.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
13. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.
14. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილება განიცადა მოპასუხე ორგანიზაციამ. წარმოდგენილია დამაჯერებელი, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტაცია, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო ფინანსებისა და შტატების ოპტიმიზაციით, კერძოდ, დასტურდება როგორც საშტატო ნუსხის, ასევე ყოველთვიური და წლიური ფონდების შემცირება. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის და მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს, დამსაქმებელს ევალებოდა ესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.
16. კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს, რომ სპეციალურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობითა და გამჭვირვალობის ხარისხის დაცვით მოხდა თანამშრომელთა შეფასება. მოსარჩელე სხვა თანამშრომლებთან შედარებით დაბალი შეფასების მიღების გამო, აგრეთვე გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების გათვალისწინებით გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, რასაც ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით არ მიმდინარეობდა გასაუბრების ვიდე/აუდიო ჩაწერა, ამასთან ვერც მოთხოვნის საფუძველზე მიიღო დასაქმებულმა ბრძანებაში მითითებული კომისიის N16 ოქმი გასაუბრების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის მხოლოდ მითითება, რომ მოსარჩელის მიერ გაცემულმა არადამაჯერებელმა პასუხებმა განაპირობა მისი სამუშაოდან გათავისუფლება, ვერ მიიჩნევა საკმარისად, ვინაიდან საქმის მასალები არ იძლევა პასუხების შედარებისა და შეჯერების შესაძლებლობას. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ ტესტირების შედეგად მიღებული ქულები რიგ შემთხვევაში აღემატება ტესტირებაში მონაწილე სხვა თანამშრომელთა შედეგებს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევაშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა ყოფილიყო შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა. შრომით-სამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიური სტანდარტის შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით.
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობაზე ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის რესტიტუციული შედეგი განსახილველ შემთხვევაში არის სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილით (ახალი რედაქციით 48-ე მუხლი) გათვალისწინებული სამუშაოზე აღდგენა, ვინაიდან სამეგრელო - ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არსებობს მთავარი სპეციალისტის კადრის საჭიროება და ვაკანტური პოზიცია, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების გავითარების სააგენტოს მიერ სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (ზუგდიდში) ვაკანსიის გამოცხადებითაც დასტურდება. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იმავე სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სწორი და დასაბუთებულია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. მხარეებმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1080 ლარის (საგადახდო დავალება N24821, გადახდის თარიღი 10.03.2022) 70% – 756 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (202307404) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1080 ლარის (საგადახდო დავალება N24821, გადახდის თარიღი 10.03.2022) 70% – 756 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე