№ას-866-2022
28 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – მ.ნ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოპასუხე)
მეორე კასატორი – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება.
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ნ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტს.ფ. 2-21).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დამსაქმებელმა კანონიერად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ნ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N1324/კ ბრძანება მ.ნ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 8000 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 1999 წლიდან მ.ნ–ი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან.
2.2. მოსარჩელე 2013 წლის 14 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ფინანსური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წლის 09 დეკემბრის N12.12/802 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება დასაქმებულის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოს წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გადაწყვეტილება მ.ნ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე მ.ნ–ი აღდგენილ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ფინანსური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისრა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მოსარჩელე მ.ნ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური ხელფასის - 700 ლარის ოდენობით.
2.3. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N1681/კ ბრძანებით მ.ნ–ი დაინიშნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე 2018 წლის 11 სექტემბრიდან განუსაზღვრელი ვადით. მისი ყოველთვიური ანაზღაურება ხელზე ასაღები ოდენობით შეადგენდა 800 ლარს.
2.4. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N1324/კ ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2019 წლის 17 ივლისის N880/ს ბრძანების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტს მ.ნ–ს 2019 წლის 22 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
2.5. მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა სამსახურში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებისა და შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
2.6. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს N03/10741 მომართვით მ.ნ–ს, 2019 წლის 29 ივლისის განცხადების პასუხად ეცნობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. აღნიშნული მომართვით ირკვევა შემდეგი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N9 50 - ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულებაში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის N2-645 ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა სააგენტოს დებულებაში, რომლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 ივლისი. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობა. აღნიშნულის შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2019 წლის 17 ივლისის N880/ს ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული - ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ და გადავიდა ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. გარდა მითითებული ცვლილებისა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრა 3 ერთეულით, ნაცვლად მანამდე არსებული 9 საშტატო ერთეულისა. კერძოდ, ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილება განისაზღვრებოდა შემდეგი საშტატო ერთეულებით: განყოფილების უფროსი, კოორდინატორი, მთავარი სპეციალისტი (2 ერთეული), წამყვანი სპეციალისტი (2 ერთეული), სპეციალისტი (3 ერთეული). მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ჩამოყალიბდა შემდეგი საშტატო ერთეულებით: სამმართველოს უფროსი, კოორდინატორი, მთავარი სპეციალისტი (1 ერთეული). შესაბამისად, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელსაც იკავებდა მოსარჩელე, დღეისათვის გაუქმებულია. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით სააგენტოს ფარგლებში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა იყო შეუძლებელი, ვინაიდან, საშტატო ნუსხით ასეთი ვაკანტური თანამდებობა სააგენტოში არ არსებობდა. რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა მაქსიმალურად გამოყენებულ იქნა სააგენტოს დარგობრივ სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტოს უფროსის 2019 წლის 19 ივლისის N1324/კ ბრძანებით მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
2.7. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რამ გამოიწვია კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები იქნა დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული.
2.8. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა იმგვარ გარემოებათა არსებობა, რაც შტატების იმგვარი შემცირებით, როგორც ეს სამსახურში განხორციელდა, ორგანიზაციული ცვლილების აუცილებლობას დაასაბუთებდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული საყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მ.ნ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 17 600 ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება რეორგანიზაციის ჩატარებისა და შტატების შემცირების სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი იყო უსაფუძვლო.
5.2. პალატის მითითებით, სადავო არ იყო რეორგანიზაციის განხორციელების საფუძველი, თუმცა მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ეკონომიკური ცვლილებების არსებობას და შესაბამისად, რეორგანიზაციის საჭიროებას, არ წარუდგენია. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მითითებაზე, რომლის მიხედვით, რეორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა საფინანსო სამმართველო, სადაც წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით არის სპეციალისტის ერთი შტატი, რომლის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა ათას ლარს. აღნიშნულს მოპასუხე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად სსიპ ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული - ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ გადავიდა ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე დასაქმებული იყო სპეციალისტად ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილებაში, რომელსაც რეორგანიზაციის შემდგომ ეწოდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური. სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით აღნიშნულ სამსახურში სპეციალისტის შტატი გაუქმდა. რაც შეეხება საფინანსო სამმართველოში არსებული სპეციალისტის შტატს, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, აღნიშნული შტატი არის განსხვავებული ფუნქციების მატარებელი და არ არის ვაკანტური. თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
5.3. პალატამ მიუთითა, რომ არ დგინდებოდა რეორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღება მოპასუხე დაწესებულების მიერ ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. გაურკვერველი იყო, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული კონკრეტულ განყოფილებათა გაუქმება და მათ ნაცვლად ახლის შექმნა, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც დგინდებოდა, რომ სამსახურს ისევ გააჩნდა ის ფუნქციები, რომლის განხორციელება გაუქმებული განყოფილების უფლებამოსილებებს განეკუთვნებოდა და ამ ფუნქციების შესრულება ახალი სახელწოდებით შექმნილ განყოფილებებს დაევალა. ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რის საფუძველზე შეირჩა კადრები, რა იყო ის ობიექტური კრიტერიუმები, რითაც განისაზღვრა მ.ნ–ის მონაცემების შეუსაბამობა რეორგანიზაციის შემდგომ ორგანიზაციაში არსებულ ვაკანტურ პოზიციებთან.
5.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა, რაც განაპირობებდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობას. ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში კი ვინაიდან, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმდა, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, მის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არსებობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორად იყო გამოყენებული დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებად კომპენსაცია. თუმცა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კომპენსაციის ოდენობის ნაწილში დასაბუთებული იყო და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არსებობდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.
5.16. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით მისი პოზიცია კომპენსაციის ოდენობის გონივრულობასთან დაკავშირებით იყო მართებული და განმარტა, რომ კომპენსაციის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის, ხელფასის, სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით და მიიჩნევს, რომ უკვე მიღებული ერთი თვის კომპენსაციისა და 2019 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების გათვალისწინებით კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 17 600 ლარით (ხელზე ასაღები).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.2. კასატორის მოსაზრებით, საქმეში მითითებული გარემოებები ნათლად მიუთითებს მოსარჩელის მიმართ გამოცემული ბრძანების მიზანშეწონილობასა და კანონიერებაზე. სასამართლომ ბათილად ცნო აღნიშნული ბრძანება, მაგრამ არ დაასაბუთა ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია ჩატარდა კანონიერად და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმებულია. რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა კი მაქსიმალურად გამოყენებულ იქნა სააგენტოს დარგობრივ სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებზე.
მ.ნ–ის საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.4. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი ტოლფასი თანამდებობის კვლევასთან დაკავშირებით. მხარეები იმყოფებოდნენ არათანაბარ მდგომარეობაში და სასამართლომ დასაქმებულს, რომელიც წარმოადგენს სუსტ მხარეს, განუზომლად დიდი მტკიცების სტანდარტი დააკისრა.
6.5. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება კომპენსაციის ოდენობასაც, იგი მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობა გათავისუფლებიდან გასული დროისა და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით არ არის შესაბამისი და ვერ უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მ.ნ–ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრით სადავოა სამუშაოზე აღდგენის წინაპირობების არსებობა და კომპენსაციის ოდენობა.
12.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შდეგების მოსარჩელისადმი მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებელის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე და მე-8 მუხლებით რეგულირებული საკითხები და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტი, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ.).
12.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება.
12.3. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.
13. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
13.1. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N9 50 - ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულებაში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის N2-645 ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა, რომლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 ივლისი. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობა. აღნიშნულის შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2019 წლის 17 ივლისის N880/ს ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. მხარეები არ დავობენ, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო ერთეული (2019 წლის 22 ივლისის მდგომარეობით იყო 498 საშტატო ერთეული), ამასთან გაუქმდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობა, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რეორგანიზაციის განხორციელება დადგინდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით. რეორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული - ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ და გადავიდა ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრა 3 ერთეულით, ნაცვლად მანამდე არსებული 9 საშტატო ერთეულისა. დარჩენილი 3 საშტატო ერთული ითვალისწინებდა განყოფილების უფროსის, კოორდინატორისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობებს. შესაბამისად, სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით აღნიშნულ სამსახურში სპეციალისტის შტატი გაუქმდა. რაც შეეხება საფინანსო სამმართველოში არსებული სპეციალისტის შტატს, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, აღნიშნული შტატი არის განსხვავებული ფუნქციების მატარებელი და არ არის ვაკანტური.
13.2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის და მიუთითებს, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არ წარმოშობს დასაქმებული პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველს. დამსაქმებელს ევალებოდა ესაბუთებინა, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. განსახილველ შემთხვევაში უცნობია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული კონკრეტულ განყოფილებათა გაუქმება და მათ ნაცვლად ახლის შექმნა, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ სამსახურს ისევ გააჩნია ის ფუნქციები, რომლის განხორციელება გაუქმებული განყოფილების უფლებამოსილებებს განეკუთვნებოდა და ამ ფუნქციების შესრულება ახალი სახელწოდებით შექმნილ განყოფილებებს დაევალა. ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რის საფუძველზე შეირჩა კადრები, რა იყო ის ობიექტური კრიტერიუმები, რითაც განისაზღვრა მ.ნ–ის მონაცემების შეუსაბამობა რეორგანიზაციის შემდგომ ორგანიზაციაში არსებულ ვაკანტურ პოზიციებთან.
13.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევაშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა ყოფილიყო შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა. შრომით-სამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიური სტანდარტის შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი გარემოებების არსებობა.
13.4. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების მართებულობაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, წარმოიშვა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მითითებული დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31 მაისი 2019 წელი; სუსგ №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). განსახილველ შემთხვევაში, მ.ნ–ის საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი ტოლფასი თანამდებობის მითითების თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). რაც შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილებას ტოლფასი თანამდებობის მითითების თვალსაზრისით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში სწორედ მოსარჩელის (მოთხოვნის ავტორის) და არა მოპასუხის (მოთხოვნის ადრესატის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენს დაასახელოს რომელია ტოლფასი თანამდებობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ტოლფასად მითითებული სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტის მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობა ვაკანტური არ იყო, ხოლო სხვა ალტერნატიული თანამდებობა მოსარჩელეს არ დაუსახელებია. ამდენად, სასამართომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებად მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება.
14. მოსარჩელის, როგორც საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიები შეეხება ასევე კომპენსაციის ოდენობას. სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც უნდა გათვალისწინდეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება.
14.1. საკასაციო პალატა გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის საფუძვლით მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა კომპენსაცია მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
17. მხარეებმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 880 ლარის (საგადახდო დავალება N10137, გადახდის თარიღი20.06.2022) 70% – 616 ლარი. მ.ნ–ი კი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (204578581) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 880 ლარის (საგადახდო დავალება N10137, გადახდის თარიღი20.06.2022) 70% – 616 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე