Facebook Twitter

ას-1054-2022

18 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო.ს–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ქ–ვა, შპს „ნ.ს–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ო.ს–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა თ.ქ–ვასა და შპს „ნ.ს–ის“ (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2020 წლის 22 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო აქტი N-200064435) და ო.ს–ძეს განესაზღვრა: 2018 წლის 30 იანვრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის (6000 აშშ დოლარი) 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დასრულებამდე.

2. საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (პირგასამტეხლოს შემცირება 0.0001%-მდე).

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 64.08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 1) სააპელაციო პალატას მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით, აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადით. 2) 2022 წლის 10 მარტს სააპელაციო პალატას მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე, მოსარჩელის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით. 3) 2022 წლის 14 აპრილს სააპელაციო პალატას მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ერთი თვით. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით აპელანტს 3 დღის ვადით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. 4) 2022 წლის 08 ივნისს სააპელაციო პალატას კვლავ მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 14 დღით, იმ საფუძვლით, რომ აპელანტის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ იყო საკმარისი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით ო.ს–ძის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

3.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის შუამდგომლობები ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ არაერთხელ დააკმაყოფილა, თუმცა მხარის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს არ წარმოუდგენია. საპროცესო ვადის უსასრულოდ გაგრძელება კი იწვევს საქმის განხილვის გაუმრთლებელ გაჭიანურებას და ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, დასაბუთებული იყო ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი, რის გამოც ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ო.ს–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 64.08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტ მხარეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ხარვეზის დადგენის შემდეგ 2021 წლის 06 დეკემბრიდან აპელანტის წარმომადგენელმა სამჯერ მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის გადავადების შუამდგომლობით. სააპელაციო პალატამ ყოველ ჯერზე დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და დამატებითი ვადა დაუდგინდა მას ხარვეზის შევსავსებად. 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით, ხოლო ამავე წლის 21 მარტისა და 26 აპრილის განჩინებებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადით.

12. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინების ჩაბარების შემდგომ აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 14 დღით გაგრძელება.

13. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდა ხარვეზის დადგენიდან - 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისამდე, თუმცა აპელანტს არც სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად რაიმე მტკიცებულება წარუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან გასულია რამდენიმე თვე და ხარვეზი სრულად არ გამოსწორებულა, შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობები იწვევს საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიიღოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.

15. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა და შეაფასა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე და მართებულად არ დააკმაყოფილა იგი.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია, ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.

17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, დასაბუთებული იყო ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი, რის გამოც ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

18. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, მისი შუამდგომლობა დასაბუთებულად ვერ ჩაითვლებოდა.

19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

20. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018). მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე