ას-1251-2022
18 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.უ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ძე (მოსარჩელე)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.გ–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა გ.უ–ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.უ–ძეს არასრულწლოვანი შვილის 2012 წლის 10 დეკემბერს დაბადებული ნ.უ–ძის სასარგებლოს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 2020 წლის 22 ივნისიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე 200 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 12 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე 300 ლარის ოდენობით.
2. საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მომოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2.1. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 05 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2.2. 2022 წლის 11 აპრილს სააპელაციო პალატას დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა აპელანტმა და მიუთითა, რომ ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით 2021 წლის 12 ოქტომბრიდან დაკისრებული ალიმენტის ოდენობად ყოველთვიურად 200 ლარის განსაზღვრას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით გიორგი ურთმელიძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
3.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრებულ იქნა გადაწყვეტილებით დაკისრებული 300 ლარიდან 100 ლარი და ვინაიდან, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნას (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს).
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შეტანილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში შეცდომით მიეთითა დაკისრებული ალიმენტის გასაჩივრებული ოდენობა 200 ლარი, რეალურად აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, 300 ლარის ფარგლებში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით გ.უ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
10. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.უ–ძეს არასრულწლოვანი შვილის 2012 წლის 10 დეკემბერს დაბადებული ნ.უ–ძის სასარგებლოს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 2020 წლის 22 ივნისიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე 200 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 12 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე 300 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაზუსტებისა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით წარგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის თანხის ოდენობად 2021 წლის 12 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 200 ლარის განსაზღვრას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტი სადავოდ ხდიდა, მისთვის ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშება სწორედ ამ თანხის მიხედვით უნდა მოხდეს.
13. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში არასწორადაა მითითებული დაკისრებული ალიმენტის მის მიერ გასაჩივრებული ოდენობა და რეალურად გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, 300 ლარის დაკისრების ნაწილში. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 2020 წლის 22 ივნისიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე 200 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 12 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე 300 ლარის ოდენობით. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნიდან ნათლად ჩანს, რომ პრეტენზია 2021 წლის 12 ოქტომბრამდე დაკისრებულ ალიმენტზე აპელანტს არ გააჩნდა, იგი მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, კერძოდ, 2021 წლის 12 ოქტომბრიდან დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ნაწილში და ითხოვდა აღნიშნული დროიდან დაკისრებული ალიმენტის (300 ლარის) შემცირებას 200 ლარამდე. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლებიდან ასევე დგინდება, რომ აპელანტის პრეტენზია მიმართული იყო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებაზე.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
15. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრითა და კანონით. კანონი კი ქონებრივი დავის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
16. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ები 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017, 16.09.2020წ. საქმე №ას-586-2019).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1200 ლარით (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო ნაწილობრივ, ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის, 300 ლარიდან 200 ლარამდე შემცირების თაობაზე, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას (100*12=1200)) და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.უ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე