Facebook Twitter

საქმე№ას-1253-2022

14 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ა.ჯ“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.დ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, კონტრაჰირების იძულება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ჯ.დ–მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „ა.ჯი“-ის მიმართ და მოითხოვა:

1.1. აღიარებულ იქნას, რომ მოპასუხეს ბაზარზე უკავია დომინირებული მდგომარეობა;

1.2. აღიარებულ იქნას, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეზე გასცეს გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შემდეგი არსებითი პირობებით: (ა) ფასი: 1 კვ.მ. / 8 ლარი (იგივე, რაც დადებულია შპს „ა“-სთან]; (ბ) ლოკაცია: ქ. თბილისი, . ..... განთავსებულ სარეკლამო კონსტრუქცია; (გ) ვადა: 2021 წლის 3 აპრილამდე (ლიცენზიის მოქმედების ვადით);

1.3. აღიარებულ იქნას მოსარჩელის უფლება 1.2 პუნქტში მითითებული პირობების დაცვით განათავსოს გარე რეკლამა;

1.4. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარით, 2018 წლის 27 ნოემბრიდან სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღემდე (15 თვე, 18 დღე) მიყენებული ზიანის, 70 309.2 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ანაზღაურება;

1.5. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარით, სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე მიყენებული ზიანის, თვეში 4,507 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.დ–ი“-ს სარჩელი მოპასუხე შპს „ა.ჯ“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიარებული იქნა შპს „ა.ჯ“-ს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. დაევალა შპს „ა.ჯ“-ს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით, მისცეს შპს „ჯ.დ–“-ს გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შემდეგი არსებითი პირობებით: გარე რეკლამის კონსტრუქციის განთავსების ადგილი - ქ. თბილისი, ......; საზღაურის ოდენობა - 1 კვ. მეტრის განთავსების ღირებულება განისაზღვრა 8 ლარით. აღიარებულ იქნა შპს „ჯ.დ–ი“-ს უფლება სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული პირობების დაცვით განათავსოს გარე რეკლამა. დაეკისრა მოპასუხე შპს „ა.ჯი“-ს მოსარჩელე შპს „ჯ.დ–ი“-სათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარის თქმით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის - 2018 წლის 27 ნოემბრიდან, ერთი წლის განმავლობაში (12 თვე) მიყენებული ზიანის, 54 084 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზრაურება, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. მოპასუხისათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარის თქმით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის, სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე მიყენებული ზიანის, თვეში 4 507 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ა.ჯ“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. და მე-2. პუნქტების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაეკისროს მოპასუხე შპს „ა.ჯი“-ს მოსარჩელე შპს „ჯ.დ–ი“-სათვის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე უარის თქმით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის - 2018 წლის 27 ნოემბრიდან, ერთი წლის განმავლობაში (12 თვე) მიყენებული ზიანის, 43 284 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება, გადახდის დღეს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში, შპს „ა.ჯი“-ის უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე; შპს „ა.ჯ“-ის უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებების 1.სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 2. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 3. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), ასევე, ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინების (მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმების შესახებ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების ტექსტში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა; გადაწყვეტილების ტექსტსა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნაცვლად 43 284 აშშ დოლარისა, მიეთითა 44 928 აშშ დოლარი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ა ჯი“-ს წარმომადგენელმა ვ.ლ–ძემ.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ: შპს „ა.ჯი-ს“ დაევალა 10 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა..

აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, 2022 წლის 10 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ვ.ლ–ძეს, (მინდობილობა ტ.3, ს.ფ. 413) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის 13 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგაზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2022 წლის 13 ოქტომბერს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 13 ოქტომბრის მომდევნო დღეს, 2022 წლის 14 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 ოქტომბერს. ვინაიდან, მე-10 დღე, 23 ოქტომბერი იყო, კვირა - უქმე დღე და შესაბამისად 24 ოქტომბერი იყო პირველი სამუშაო დღე, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა.ჯ-ს“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ჯის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი