საქმე №ას-994-2022 26 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.თ“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ვ–იმ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.თ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ სახელფასო დავალიანების 54 338, 35 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „თ.თ–ს“ დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 2 716, 92 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 31 ოქტომბერს.
9. 2022 წლის 10 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადის გაგრძელება, რამდენადაც მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება და თანხმდება მორიგების დეტალები.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „თ.თ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „თ.თ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 213) გაეგზავნა და 2022 წლის 28 ნოემბერს ჩაბარდა.
12. 2022 წლის 15 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ მხარეები მორიგდნენ და კასატორს საქმის მიმართ ინტერესი აღარ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინება შპს „თ.თ–ის“ წარმომადგენელს ნ.რ–ს 2022 წლის 28 ნოემბერს ჩაბარდა პირადად.
17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა 2022 წლის 29 ნოემბერს დაიწყო და ამავე წლის 8 დეკემბერს ამოიწურა.
18. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ. შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, თუმცა რამდენადაც იგი წარმოდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო პალატა მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „თ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე