Facebook Twitter

საქმე №ას-68-2021 15 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ლ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ლ–ის“ (შემდეგში: კომპანია, მოსარჩელე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით ნაწილობრივ დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ.გ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 6 077.20 ლარის გადახდა.

2. კასატორის განმარტებით, ზიანი მოპასუხის სასარგებლოდ გამოტანილი უზრუნველყოფის გაუმართლებელი ღინისძიებით მიადგა. კერძოდ, კომპანიას, დაყადაღებული ანგარიშების გამო შემოსავლების სამსახურის მიმართ საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა, ვადაგადაცილებისთვის კი საურავი დაერიცხა, რომლის გაუქმებაზეც შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის წერილით უარი ეთქვა.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით გადაღა მოეხსნა კომპანიის საბანკო ანგარიშებს, ამასთან ბიუჯეტში ჩაირიცხა 94 904 ლარი და საურავი 34 226.28 ლარი. ამდენად, კომპანიას გაუმართლებელი ღონისძიებით სწორედ დარიცხული საურავის ოდენობის ზიანის მიადგა.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი:

8.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ყველა ლიცენზირებულ ბანკში, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს, 325 650.57 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო. ყადაღის დადების რეგისტრაცია სს „ს.ბ–ში“ არსებულ კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე 2015 წლის 17 მარტს განხორციელდა. ყადაღა გავრცელდა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხაზე 308 003.91 ლარზე. აღძრული სარჩელით მოცემულ დავაში მოპასუხემ მოითხოვა 325 650.57 ლარის, ხოლო, მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ - 264 050.57 ლარის კომპანიისთვის დაკისრება. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ლ–ს“ დაეკისრა მხოლოდ იმ თანხის (94 150,57 ლარის) გადახდა, რაც მან მოსამზადებელ ეტაპზე ცნო. შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილდა დამატებით 231 500 ლარის დაკისრების ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ს.ფ. 19-48).

8.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებით, ამჟამინდელი მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და 2017 წლის 13 ივნისს ყადაღა მოეხსნა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 325 650.57 ლარის ფარგლებში. (ს.ფ. 49-76).

8.3. 2015 წლის 17 მარტიდან 2017 წლის 13 ივნისამდე პერიოდში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადი არ გადაუხდია. კომანიამ გადასახადი 2017 წლის 13 ივნისს გადაიხადა და გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 128 798.10 ლარს. მითითებული თანხიდან დაიფარა ძირითადი საგადასახადო დავალიანება - 94 904 ლარი, საურავი - 33894,1 ლარი და 2017 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ბიუჯეტის წინაშე დარჩა დავალიანება - 379,63 ლარი, რაც არის საურავი. აღნიშნული თანხა კომპანიამ 2017 წლის 21 დეკემბერს გადაიხადა (ს.ფ. 120-166).

9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე ზიანის დადგომას იმ გარემოებას უკავშირებდა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ამჟამინდელი მოპასუხის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო კომპანიის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 325 650.57 ლარის ფარგლებში. დავის მიმდინარეობის დროს, კომპანიამ მხოლოდ 94 150 ლარის გადახდაზე განაცხადა თანხმობა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კომპანიას დაეკისრა მხოლოდ 94 150.57 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გასაჩივრების მიუხედავად არ შეცვლილა და კანონიერ ძალაში შევიდა. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ ამჟამინდელი მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე კომპანიას გაუმართლებლად ჰქონდა დაყადაღებული ბანკში რეალურად არსებული თანხა 308 003.91 ლარი, მან კანონით დადგენილ ვადაში, სახელმწიფოს წინაშე, ვერ გადაიხადა 2015 წლის გადასახადები 94 904 ლარი, რის გამოც დაერიცხა საურავი 34 226,27 ლარის ოდენობით, მისი მტკიცებით სწორედ დარიცხული საურავის ოდენობა წარმოადგენდა გაუმართლებელი ღონისძიებით გამოწვეულ ზიანს.

10. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 363​30 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად), რაც იმას ნიშნავს, რომ: ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი (იხ. სუსგ. ას-762-2020; 26.11.2020).

12. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას _ ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის არსებულ თავდაპირველ დავაში, ამჟამინდელი მოპასუხის მოთხოვნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით კომპანიამ განიცადა ზიანი, კომპანიის მხარეზეა.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიის ანგარიშებს 325 650.57 ლარის ფარგლებში დაედო ყადაღა. ამასთანავე დადგენილია, რომ დავის მიმდინარეობის დროს კომპანიამ 94 150 ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. თავდაპირველ დავაში, სარჩელის დაკმაყოფილებით სწორედ 94 150 ლარი დაეკისრა კომპანიას. დადგენილია ასევე, რომ საბანკო ანგარიშზე რეალურად არსებული თანხა 308 003.91 ლარი იყო. უდავოა, რომ 2015 წლის 10 მარტისთვის, კომპანიას არსებული საურავი 21.87 ლარი გადახდილი ჰქონდა, ხოლო სხვა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყადაღის დადების შემდეგ, კომპანიას საგადასახადო დავალიანება - 11 777 ლარი დაერიცხა.

15. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ თავად მოსარჩელე კომპანიას, საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუმართავს, არ გაუსაჩივრებია დარიცხული დავალიანების შესახებ ბრძანებაც შესაბამისი მოტივაციით, ასევე, არც სასამართლოში მოუთხოვია, ე.წ. შებრუნებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ან მის წინააღმდეგ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სახის შეცვლა, მაგალითად, გარკვეული თანხების გამოთავისუფლება, რომლითაც საგადასახადო დავალიანების დაფარვას შეძლებდა. ასევე საგულისხმოა, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება კანონონიერ ძალაში ისე შევიდა, რომ არ გასაჩივრებულა, ხოლო, ყადაღის მოხსნაზე განცხადება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 თვის შემდეგ წარადგინა სასამართლოში.

16. ამდენად, ზემოაღნიშნული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებულ დასაბუთებას, დამდგარი ზიანის თაობაზე, ე.წ. შერეულ ბრალთან დაკავშირებით, და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თავდაპირველ დავაში შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კასატორ კომპანიას, გულისხმიერების პრინციპისა და ზიანის მინიმიზაციის ვალდებულების გათვალისწინებით თავადაც არ განუხორციელებია სათანადო ღონისძიებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებულად შემცირდა მოპასუხის მოთხოვნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ლ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1 407.45 ლარის 30% - 422.23 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე