Facebook Twitter

საქმე № ას-612-2021 8 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ა–ნი (გ.ა–ნის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.დ–ი, დ.ლ–ძე, ნ.ბ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ნივთის გამოთხოვა, შეგებებულ სარჩელზე - უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ა–ნის (შემდეგში: მოსარჩელის უფლებამონაცვლე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინება, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც გ.ა–ნის სარჩელი დ.ლ–ძის, ნ.ბ–ნისა და თ.დ–ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა, ხოლო, თ.დ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის, მოსარჩელის უფლებამონაცვლისა და ნ.ჯ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ხაშურში, .... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა შეგებებული სარჩელის ავტორს.

2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინებით არასწორადაა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად თქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო გარიგების - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით, მოსარჩელე მიზანს მაინც ვერ მიაღწევდა. სწორედ სადავო გარიგება წარმოადგენდა შემდეგ დადებული გარიგებების საფუძველს, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში ბათილად იქნებოდა ცნობილი ასევე დანარჩენი გარიგებებიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;

5. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი):

5.1. მოსარჩელემ, 2010 წლის 20 სექტემბერს, სადავო უძრავი ქონება მიჰყიდა დ.ლ–ძეს 7 500 აშშ დოლარად. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო ნივტის საფასური ხელშეკრულების დამოწმებისთანავე გადაეხადა, ხოლო გამყიდველი ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის საფასური.

5.2. დ.ლ–ძემ 2011 წლის 13 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მიჰყიდა ნ.ბ–ნს სადავო უძრავი ქონება მდებარე. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასი გადაეხადა, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის ფასი.

5.3. სადავო უძრავი ნივთი იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ნ.ჭ–ძის სასარგებლოდ, მოვალე ნ.ბ–ნის ვალდებულების უზრუნველსაყოფად. მოვალეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.

5.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 აპრილის განკარგულების თანახმად მოვალე ნ.ბ–ნის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება 2016 წლის 11 აპრილს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე 18 600 ლარად შეიძინა თ.დ–მა. რომელმაც თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის (იპოთეკარის) ნ.ჭ–ძის სასარგებლოდ.

5.5. მოსარჩელეს, იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგები და მის საფუძველზე 19.04.2016 წელს გაცემული #A15101345-014/001 განკარგულების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია და არც ნ.ჭ–ძის და ნ.ბ–ნს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად 2016 წლის 5 ივლისიდან ირიცხება თ.დ–ის საკუთრებად.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, მასსა და დ.ლ–ძეს შორის დადებული, სადავო უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დ.ლ–ძესა და ნ.ბ–ნს შორის 2011 წლის 13 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამავე ნივთზე, მოსარჩელის მესაკურედ აღრიცხვა წარმოადგენდა.

7. საკასაციო სასამართლო უპირველესად კასატორის პრეტენზიის პასუხად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დამტკიცებულად მიჩნეულიყო ფაქტობრივი გარემოებები და მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორი თავადვე უთითებდა, რომ მოსარჩელემ დაფარული გარიგებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იკისრა და მზად იყო შეესრულებინა თავისი ვალდებულება, მხარეს სურდა სწორედ იმ გარიგებით ნაკისრი შედეგის დადგომა, რომელიც დაფარულად განიხილება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა - 7 500 აშშ დოლარი, იმ დროისათვის 12 600 ლარი, არ შეესაბამებოდა ქონების, 181.2. კვ.მ. მოწყობილი საცხოვრებელი ფართის, საბაზრო ღირებულებას.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შდრ. სუსგ-ები №ას-487-461-2015, 17.06.2015; №ას-1382- 2018, 25.01.2019წ; № ას-3-2020, 16 ივნისი, 2020, პ.12).

10. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ 23.01.2015წ. საქმე №ას-1142-1088-2014). ამდენად, გარიგების თვალთაქცურად მისაჩნევად, უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, მოცემულ შემთხვევაში კასატორის მითითებას, რომ გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულებაში მითითებული საგნის ღირებულებასა და ამავე საგნის რეალურ ღირებულებას შორის სხვაობაა და განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ გახდება გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველი, როდესაც კასატორი თავადვე უთითებდა სესხად მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობაზე. ამავე პრეტენზიებით, სადავო გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, კასატორი იმ იურიდიულ ინტერესს, რომელიც მას ამოძრავებდა, ვერ მიაღწევს და ვერ აღადგენს საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ.ა–ნსა და დ.ლ–ძეს შორის 2010 წლის 20 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იმავე ნივთზე დ.ლ–ძესა და ნ.ბ–ნს შორის 2011 წლის 13 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თავდაპირველი მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, ამ გარიგებების შემდეგ დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება, სადავო ქონება წარმოადგენდა იპოთეკის საგანს, მოსარჩელეს არ მოუთხოვია იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საჯარო აუქციონზე გატანილი ქონება შეგებებული სარჩელის ავტორმა, მოპასუხემ შეიძინა, შესაბამისად ამგვარ ვითარებაში, გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც ეს არ გამოიწვევს სადავო ნივთზე თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვებას და იურიდიული ინტერესიც ვერ მიიღწევა. (შეად.სუსგ საქმე ას-540-2019).

13. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მოპასუხის არაკეთილსინდისიერების დასატასტურებლად მხარის ახსნა-განმარტება ვერ იქნება საკმარისი, ხოლო, მოწმის ჩვენებით არ დასტურდება, რომ სადავო ქონების შეძენამდე რაიმე ინფორმაციას ფლობდა ეს პირი. ამდენად, სათანადო წესით ვერ დაამტკიცა მოსარჩელემ, რომ რეესტრის ჩანაწერების წინააღმდეგ არსებობდა რაიმე საჩივარი ან სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც შემძენისთვის ცნობილი იყო და მის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებდა აღნიშნული.

14. საკასაციო სასამართლო, შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზეც გაამახვილებს ყურადღებას და საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელებად ჩაითვლებოდა.

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა (ტ.1,ს.ფ. 91-92), ხოლო, საპირისპიროდ, საკუთრების უფლების კანონისმიერ ან სახელშეკრულებო ბოჭვის მართლზომიერ საფუძვლებზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა (იხ. სსკ-ის 170-ე მუხლი).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.ა–ნს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №11573000399, გადახდის თარიღი 13.09.2021), 1 167.75 ლარის 70% - 817.42 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე