საქმე № ას-616-2021 25 მაისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - ა.დ–ნი (მოსარჩელე)
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება სრულად/გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისში, .......... ქუჩაზე #12 მდებარე ა-242 ტიპის სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურში, 2005 წლის 31 აგვისტოს 15 საათზე, სხვა არასრულწლოვნებთან ერთად შევიდა 13 წლის ა.დ–ნი (შემდეგში: მოსარჩელე, დაზარალებული, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი), რომელმაც მაღალი ელექტროძაბვის დარტყმის შედეგად მიიღო ელექტროთერმული ტრავმა სხეულის 17%-ზე, მე-3-მე-4-ე ხარისხის დამწვრობა. არასრულწლოვანს ჩაუტარდა ორივე ხელის ამპუტაცია, დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით. დაზარალებულმა გაიღო მკურნალობის ხარჯები, გარდა ამისა, იგი საჭიროებდა სამომავლო მკურნალობას, პროთეზირებას. დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული სულიერი ტანჯვით განიცადა არაქონებრივი ზიანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 992-ე, მე-1000, 413-ე მუხლები; იხ. საქმის მასალები - ტ.1, ს.ფ. 59-66, 160-162,173-248,).
2. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „თ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობაზე გაწეული ხარჯის - 7 046.82 ლარის, პროთეზირებისათვის - 73 105.02 ევროსა და მგზავრობის ხარჯის - 2 985.08 ევროს გადახდა; ყოველთვიური ულუფის გადახდა 2010 წლის განმავლობაში, თვეში - 597,6 ლარი. 2011 წლის განმავლობაში, თვეში - 655.4 ლარი, ხოლო 2012 წლიდან თვეში - 655,4 ლარი. მომვლელის ხარჯების გადახდა 2009 წლის 27 დეკემბრიდან, თვეში - 2557 ლარი (1.4. პუნქტი). მორალური ზიანის ანაზღაურება - 100 000 ლარი;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 ქვეპუნქტი და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდა, 2005 წლის 04 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 121 360.60 ლარი; 2012 წლის 01 იანვრიდან, თვეში - 2 557.00 ლარი; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კომპანიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები ტ.1, ს.ფ. 28-129).
5. დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაცემულია სააღსრულებო ფურცლები და დაკისრებული თანხების ნაწილში გადაწყვეტილებები აღსრულებულია, ასევე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში კომპანია მოსარჩელის სასარგებლოდ იხდის თანხებს (იხ. 08.06.2016 წლის N2/ბ4905-15 სააღსრულებო ფურცელი; 21.07.2016 წლის Nას-543-518-2016 სააღსრულებო ფურცელი).
6. მხარეთა შორის არსებულ დავაზე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობისას გათვალისწინებულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი კლინიკა „ოტტობოკის“ მიერ გაცემული მტკიცებულებები, ასევე კონკრეტული მკურნალობის და სხვადასხვა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქსტატის მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასთან დაკავშირებით და კოალიცია - „შინმოვლა საქართველოში“ მონაცემები სადღეღამისო მომვლელის ყოველთვიურ გასამრჯელოსთან დაკავშირებით.
7. სარჩელის მოთხოვნა
7.1. დაზარალებულმა, ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მის სასარგებლოდ:
7.1.1. მოპასუხე საწარმოსთვის, პროთეზირებისთვის, კლინიკა „ოტტობოკის“ მიერ, მოსარჩელისთვის დამატებით გადახდევინებული 53 887.03 ევროს დაკისრება;
7.1.2. მოპასუხე საწარმოსთვის პროთეზის სრული კომპლექტაციით აღჭურვის მიზნით (ე.წ. ბებიონიკური ხელის „ვარიპლუს შპეეფ ჰანდისა და გრეიფერის ღირებულება“) 54 820.92 ევროს დაკისრება;
7.1.3. მოპასუხისთვის დამატებით, ყოველთვიური სარჩოს სახით, 2011 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით პერიოდზე, ჯამში 23 519.1 ლარი, ხოლო 2019 წლის მაისის თვიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.11.2012 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტით დაკისრებული თანხის - 655.4 ლარის ზემოთ, ყოველთვიურად დამატებითი სხვაობის - 467.15 ლარის დაკისრება;
7.1.4. მოპასუხე საწარმოსთვის დამატებით, მიუღებელი თანხის (სადღეღამისო მომვლელის ხარჯის) სახით 2014 წლის პირველი კვარტლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით - 22 630 ლარი, ხოლო 2019 წლის მაისი თვიდან, სამომავლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 2 557 ლარის ზემოთ, ყოველთვიურად დამატებით სხვაობის 365 ლარის გადახდა;
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ახალი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით, პროთეზირებისათვის „ოტობოკი“-ს კლინიკის მიერ მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდევინებული თანხის - 53 887.03 ევროს გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სრული პროთეზირების და კომპლექტაციის აღჭურვის მიზნით დაეკისრა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, ბებიონიკური ხელის „ვარიპლუს შპეედ ჰანდ“-ისა და „გრეიფერ“-ის ღირებულება - 54 820.92 ევროს გადახდა; ყოველთვიური ულუფისა და სადღეღამისო მომვლელის გასამრჯელოს გაზრდის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
10.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2017 წლის მაისი-ივნისის თვეში ქ. დუდერშტატში „ოტობოკის“ კლინიკაში დაზარალებული აღიჭურვა ორი ცალი მიოელექტრონული კონტროლირებადი პროთეზით VariPlus Speed hand – ითა და Greifer-ით, რომელთა ღირებულებამაც, სასამართლოს მიერ პროთეზირებისათვის დაკისრებულ 73 105.92 ევროზე მეტი შეადგინა და გადასახდელი აღმოჩნდა 126 992.95 ევრო ე.ი. 53 887.03 ევროთი მეტი, რის შესახებაც არ იყო ცნობილი მოსარჩელისათვის და საქმის განმხილველი სასამართლოსათვის ხარჯის დაკისრებისას. მოსარჩელის განმარტებით სრულად გადაიხადა 126 992.95 ევრო, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისთვის დამატებით 53 887.03 ევროს ანაზღაურება.
10.3. ზემოაღნიშნულის გარდა, პირველი აპელანტის განმარტებით პროთეზირება მოხდა არასრული კომპლექტაციით ე.წ. ბებიონალური ხელის მარცხენა პროთეზისათვის VariPlus Speed ხელის მარჯვენა პროთეზირებისათვის და Greifer-ის (მძიმე ამოცანათა შესრულებისათვის) დამატებით კომპონენტთა გარეშე, იმის გამო რომ მას არ ეყო თანხა სრული კომპლექტაციით პროთეზირებისათვის. „ოტობოკის“ 01.06.2017წ. ოფიციალურ დოკუმენტში (Treatment Proposal) მითითებულია მასზე, რომ სრული კომპლექტაციით პროთეზირებისათვის აუცილებელია შემდეგი კომპონენტები: 1. გადამყვანი; 2. System Elekrtic Greifer DMS Vaariplus-ი; 3. სისტემური ელექტრო ხელი “bebionic” ორწლიანი გარანტიით; 4. პროთეზის ხელთათმანი “bebionik glove“ 5. სისტემური ელექტრო ხელი - „Myohand Variplus Speerdi“, 6. პროთეზის ხელთათმანი – „Myoskin Natural“, რომელთა ღირებულება კლინიკიდან გამოთხოვილი ცნობების მიხედვით შეადგენს 54 820.92 ევროს. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე დამატებითი კომპონენტებით აღჭურვის ღირებულების გადახდის დაკისრება 54 820.92 ევროს ოდენობით.
10.4. დაზარალებულს, კლინიკა „ოტტო ბოკისგან“ მიეცა რეკომენდაცია პროთეზებისათვის დამატებითი ტერმინალური მოწყობილობების დამატების შესახებ, რაც მოიცავს მარცხენა პროთეზისთვის ბებიონურ ხელს, ხოლო მარჯვენა პროთეზისთვის - Variplus speed (რადგან იგი მეტად მყარი და სტაბილურია) და Greifer მძიმე ამოცანების დასაძლევად. აღნიშნული ნიშნავს, რომ პაციენტი შეძლებს ისარგებლოს ბებიონიკური ხელით ოფისში, ხოლო Variplus Speed ხელით - სხვა აქტივობებს, მაგ. ბაღში მუშაობა და ა.შ. ინვოისის თანახმად, აღნიშნული კომპონენტების ღირებულება განისაზღვრა ჯამში - 54 820.92 ევრო (კლინიკა „ოტტო ბოკის“ 01.06.2017 წლის ინვოისი (N20279144); კლინიკა „ოტტო ბოკის“ 02.06.2017 წლის ანგარიში; კლინიკა „ოტტო ბოკის“ 07.11.2018 წლის წერილი. ტ.1, ს.ფ. 145-146; 155-156; 151-152).
10.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2017 წლის მაის-ივნისის თვეში, გერმანიის ქალაქ დუდერშტატში, მოსარჩელის აღჭურვა მიოელექტრონული კონტროლირებადი პროთეზებით დადგენილია, ასევე დადგენილი იყო რომ აღნიშნული პროცედურის საფასური 126 992.95 ევრო იყო, ამასთან, უდავო იყო, რომ ახალი პროთეზები განსხვავდებოდა 2010 წლის 11 ივნისს შეთავაზებული პროთეზისგან, როგორც ღირებულებით, ასევე ფუნქციონალურად.
10.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საწარმოს (მეორე აპელანტის) სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ მოსარჩელე 126 992.95 ევროს გადახდას ვერ ადასტურებდა.
10.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქმის მასალებში წარდგენილი იყო კლინიკის მიერ გაცემული ინვოისები, აგრეთვე გადახდის ქვითრები, კერძოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დგინდებოდა, რომ კლინიკას 2019 წლის 9 მაისს 65 ევრო გადაუხადეს, ხოლო, 2017 წლის 31 მაისს 61 992.95 ევრო. დასახელებული ფაქტი დასტურდებოდა აგრეთვე, კლინიკის მიერ 2018 წლის 7 ნოემბერს გაცემული წერილითაც.
10.8. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მოსარჩელის მიერ 126 992.95 ევროს გადახდის ფაქტი, ხოლო, მეორე აპელანტის მითითება ასეთი თანხის მოსარჩელის მიერ გადაუხდელობასთან დაკავშირებით, არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
10.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის შეფასება, რომ დავის საგანი წარმოადგენს მის მიმართ უკვე დადგენილი დელიქტური ვალდებულებისაგან დამოუკიდებელ მოთხოვნას არასწორია, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფაქტი. თავად მოპასუხის მითითებითვე, მან ერთხელ უკვე გადაუხადა მოსარჩელეს პროთეზირებისა და სხვა საჭირო პროცედურებისათვის გარკვეული თანხა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს, მოსარჩელისათვის დამატებითი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, ახალი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას, ცხადია იმ მოცემულობით, თუ მოსარჩელე დაადასტურებს ამგვარი ხარჯების რელევანტურობას.
11. დაზარალებულის (პირველი კასატორის) საკასაციო მოთხოვნა
11.1. დაზარალებულმა საკასაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინების ნაწილობრივ (ყოველთვიური ულუფისა და სადღეღამისო მომვლელის გასამრჯელოს გაზრდის ნაწილში) გაუქმებისა და ამავე ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
11.2. დაზარალებულის განმარტებით, მიუხედავად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტებისა, მისი მდგომარეობა არსებითად არ გამოსწორებულა, ხოლო, სხვადასხვა ცვლილებების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად გასაწევი ხარჯები გაიზარდა.
12. კომპანიის საკასაციო საჩივარი
12.1. კომპანიამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2. კომპანიის განმარტებით, პროთეზირებისთვის გაზრდილი ხარჯის მოთხოვნა, დაზარალებულმა ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით დაზარალებულის, ხოლო, 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კომპანიის საკასაციო საჩივრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრების არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორებს არ წარმოუდგენიათ არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.
19. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მხარეთა შორის თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, უდავოდაა დადგენილი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც საწარმოს პასუხისმგებლობის საფუძველია.
20. დადგენილია, რომ სადავო ქვესადგურის მფლობელს მოპასუხე წარმოადგენდა, რის გამოც მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს.
21. საკასაციო სასამართლო, დასახელებულ შემთხვევაში დელიქტის გამომწვევ მიზეზებზე და მასზე პასუხისმგებელ პირზე დამატებით აღარ იმსჯელებს და მოიხმობს მისსავე განმარტებას, რომელიც არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია ასახული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სუბიექტურ და ობიექტურ ფარგლებთან დაკავშირებით, კერძოდ: სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. იგივე მხარეებში იგულისხმებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ ისინი სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგალითად, ახალ დავაში მოსარჩელე შეიძლება მოპასუხე იყოს ან - პირიქით. მთავარია, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ (იხ. პაატა ქათამაძე, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი“, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 994). სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციული ფაქტები გულისხმობს ისეთ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი“, მუხლი 106, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 574). პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე - ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხილეთ: სუსგ-ები N ას-547-510-2017, 04.05.2018. პ.3.4; N ას-827-791-2014, 13.11.2015; N ას-58-56-2016, 26.02.2016წ).
22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში აღარ იმსჯელებს მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისობას სსკ-ის 992-ე მუხლთან და განმარტავს, რომ მოცემულ დავის საგანზე, სამივე ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა დადგენილი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დაზარალებულის წინაშე.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, მოსარჩელის იმ მოთხოვნას, რომლითაც პროთეზირებისთვის დამატებით გადახდილი თანხა - 53 887.03 ევრო მოითხოვა და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ინვოისებისა და გადახდის ქვითრების გათვალისწინებით, უდავოდ დგინდებოდა, მოსარჩელის მიერ ჯამში - 126 992.95 ევროს გადახდა. ასეთი დოკუმენტების არსებობის პირობებში, მოპასუხეს მართებდა საპირისპირო უფრო მყარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო. მეორე კასატორის პრეტენზია, რომ მან ერთხელ უკვე გადაიხადა პროთეზირების საჭირო ხარჯები, არ გამორიცხავს, არსებულ პირობებში, მიყენებული ზიანის თავისებურების გათვალისწინებით დამატებითი ხარჯების გაწევას იმავე საფუძვლით, შემდგომი პროთეზირების საჭიროებიდან გამომდინარე.
24. დასახელებულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, ამავე საქმეზე და ამავე მხარეებს შორის თავდაპირველი დავის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, „კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პროთეზების ცვეთის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათი აღდგენის ან შეცვლის საჭიროებას, რაც, როგორც თვითონ კასატორი მართებულად უთითებს, პერიოდულად წარმოშობადი ვალდებულებაა მოპასუხე საწარმოსათვის, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებული უფლებამოსილია შესაბამისი გაანგარიშება პერიოდულად (მისი საჭიროებიდან გამომდინარე) წარუდგინოს მოვალეს (მოპასუხე საწარმოს), რაც ამ უკანასკნელს წარმოუშობს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირველ კასატორს მის მიერ გაწეული პროთეზირების, მისი ცვეთის ან მწყობრიდან გამოსვლის, ან პროთეზების აღდგენის ან შეცვლის საჭიროების გამო გაწეული ხარჯები. მოვალის (მოპასუხე საწარმოს, მეორე კასატორის) აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს იმ დელიქტური პასუხისმგებლობიდან, რომლის გამოც ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ფიზიკური დანაკარგი-კიდურების ამპუტაციის სახით და მორალურ-ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა, რაც მისთვის მიყენებული დაზიანებების ფიზიკურად გამოხატული სახისა და ემოციურად (ფსიქოლოგიურად) მუდმივად გადასალახი დაბრკოლებებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და პერიოდულად წარმოუშობს პირველ კასატორს (დაზარალებულს) ზემოხსენებულ ნაწილში მოთხოვნის უფლებას, რაც შესაბამისად - მოვალეს (მეორე კასატორს) წარმოუშობს ვალდებულებას დააკმაყოფილოს დაზარალებულის კანონიერი მოთხოვნა და ინტერესი.“.
25. საკასაციო სასამართლო, პირველი კასატორის პრეტენზიის პასუხად, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისა და საწარმოს პასუხს, და განმარტავს, რომ ყოველთვიური სარჩოსა და მომვლელის ხარჯების დაკისრება, მათ შორის იმ პერიოდზე, რომელიც წინა დავის განხილვის დროს ეხება, დაუსაბუთებელია, ხოლო, დასახელებული დავის შემდგომ პერიოდზე ასევე უსაფუძვლოა.
26. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემაც დაადასტურა რომ მიიღო ზიანის ანაზღაურების მომენტისთვის საუკეთესო პროთეზი, ასევე მიიღო შესაძლებლობა მომავალში, მათ შორის მიმდინარე დავის პერიოდისთვის მიიღოს როგორც გაუმჯობესებული პროთეზი აგრეთვე კლინიკის მიერ რეკომენდებული მომსახურება, ამ პირობებში, გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა მოსარჩელის მდგომარეობის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობის ხარისხის მატება, თავდაპირველ დავასთან შედარებით, რაც დამატებით გამორიცხავს სხვა ხარჯების ნაწილის მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი. ამასთან, დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის #6-784 პასუხის, როგორც მტკიცებულების საქმეზე დართვის თაობაზე.
28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.დ–ნისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „თ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №130151, გადახდის თარიღი 2021 წლის 29 აპრილი), 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;
3. ა.დ–ნის შუამდგომლობა, საქმეზე მტკიცებულების სახით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის #6-784 პასუხის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე