Facebook Twitter

საქმე № ას-701-2021 13 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ტ–ე“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი ..“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ–ეს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც, შპს „მ–ი ..“ (შემდეგში: მოსარჩელე კომპანია) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 57 765.61 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოთვალა ხანდაზმულობის ვადა და არასწორად მიიჩნია, რომ 2015 წლის 15 სექტემბრის ტრანზაქცია აღიარება იყო. მხარეთა შორის ვალდებულება განსაზღვრული იყო 2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხოლო, დამატებით აღიარება შეთანხმებულია 2015 წლის 18 მაისს. ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების გვერდის ავლით, ვალდებულების არსებობის შესახებ ბანკის ტრანზაქციის ჩათვლა არ იყო სამართლებრივად დასაშვები. ამდენად, ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 2015 წლის მაისში და მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი:

7.1. მხარეთა შორის 2014 წლის 29 მაისს დაიდო წერილობითი ხელშეკრულება N3- ტენდ/2014, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ზესტაფონში, სოფელ .... შეასრულა სასოფლო გზის (ბეტონის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 200 769.14 ლარს. შესრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 6 დეკემბრამდე. დამკვეთს ხელშეკრულების ობიექტი უნდა მიეღო ეტაპობრივად, თანხის გადახდა კი უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7 საბანკო დღის განმავლობაში (ს.ფ. 20-23).

7.2. მხარეთა შორის 2014 წლის 19 მაისს დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ მოსარჩელეს 153 ლარის ქვიშა მიაწოდა (ტ.1,ს.ფ. 20-23, 33).

7.3. დადგენილია, რომ მხარეთა დირექტორებს შორის, 2015 წლის 18 მაისს გაფორმდა შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აღიარა, რომ მას ერიცხებოდა დავალიანება 63 765.61 ლარი (ტ.1,ს.ფ. 34).

7.4. სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების შუალედური აქტები მხარეებმა გააფორმეს 2014 წლის ივლისში (ტ.1,ს.ფ.24), ოქტომბერში (ტ.1,ს.ფ.25) და დეკემბერში (ტ.1,ს.ფ. 27). 2014 წლის 31 დეკემბრისთვის გადაუხდელი თანხის ოდენობა 68 765.61 ლარი იყო, საიდანაც მოპასუხემ, 2015 წლის 5 იანვარს გადაიხადა 5 000 ლარი (ტ.1,ს.ფ.28). ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 17 სექტემბერს მოპასუხემ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად მოსარჩელეს ჩაურიცხა 6 000 ლარი (ტ.1,ს.ფ.36).

7.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 17 სექტემბრამდე, ნარდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გარდა, მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა ან ვალდებულება, რომლის დასაფარადაც მოპასუხე მოსარჩელე კომპანიას სამუშაოების ღირებულებას ჩაურიცხავდა.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების შუალედური აქტებით (ს.ფ. 24, 25, 27), ამონაწერებით საბანკო ანგარიშებიდან და შედარების აქტით, მოსარჩელემ დაადასტურა მის მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულების ფაქტი. მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, მართალია, შეედავა მოსარჩელეს ამ ფაქტობრივ გარემოებაში და მიუთითა, რომ სამუშაო არ იყო შესრულებული ჯეროვნად, რის გამოც, ძირითადმა დამკვეთმა - ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა არ მიიღო სამუშაოები სრული მოცულობით, მაგრამ ამ გარემოებათა დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის. უფრო მეტიც, გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის შეუსრულებელი ვალდებულების არსებობისა და ამ ვალდებულების ოდენობის თაობაზე არ გაუხდია სადავოდ. მოპასუხე ხანდაზმულობაზე ამახვილებს ძირითადად ყურადღებას წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საკითხს მოცემულ საქმეში, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შემოწმება წარმოადგენს.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამვე კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით კი, „თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან“.

10. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა მოვალის მხრიდან მოთხოვნის არსებობის აღიარების გზით. თავის მხრივ, ვალდებულების არსებობის აღიარებისთვის განსაზღვრულია კონკრეტული ფორმები, კერძოდ, ესენია: ავანსის, პროცენტის გადახდა და გარანტიის მიცემა, რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარებას, ეს საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ საქმე №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. კერძოდ, დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება, სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას), უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს (იხ. ქ. მესხიშვილი,კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.12; შეადრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, თბილისი, მუხლი 341, ველი 24). შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ №ას-1029-949-2017, 23.02.2018წ.).

12. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ, მოპასუხეს 2015 წლის 18 მაისის მდგომარეობით გააჩნდა აღიარებული შეუსრულებელი ვალდებულება 63 765.61 ლარის ოდენობით (შედარების აქტი, ს.ფ. 34). 2015 წლის 17 სექტემბერს მოპასუხემ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად მოსარჩელეს ჩაურიცხა 6 000 ლარი (ტ.3, ს.ფ. 36). მხარეთა განმარტებებით, მათ შორის არ არსებობდა სხვა რამე სახელშეკრულებო ურთიერთობა ან ვალდებულება, რომლის დასაფარადაც შპს ტ–ე, მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ჩაურიცხავდა. მოპასუხემ ვერ ახსნა ზემოაღნიშნული ჩარიცხვის მიზნობრიობა და ვერ დაამტკიცა, რომ ამ თანხის ჩარიცხვა, არა მოცემული სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული, არამედ სხვა არსებული ვალდებულების დასაფარად განახორციელდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

14. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ტ–ეს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,ტ–ეს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1623672015, გადახდის თარიღი 2021 წლის 14 ივნისი), 3 025 ლარის 70% - 2 117.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე