საქმე №ას-1072-2022 9 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.შ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ა–ი (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) არის არასრულწლოვნების, 01.07.2010წ დაბადებული ა.შ–ისა და 04.10.2012წ დაბადებული ე.შ–ის ბებია, დედის დედა.
2. ბავშვების დედა გარდაიცვალა 2013 წლის 25 სექტემბერს.
3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დაინიშნა არასრულწლოვნების კანონიერ წრმომადგენლად - მეურვედ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 მარტის განჩინებით არასრულწლოვნების მამას, ვ.შ–ს (შემდგომში „მოპასუხე“) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების მიმართ.
5. მოსარჩელე ბავშვებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.
6. არასრულწლოვანი ე.შ–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი და მისი მკურნალობის ხარჯებს იხდის მოსარჩელე.
7. მოპასუხე დაოჯახებულია მეორედ და ჰყავს მეუღლე და შვილი.
8. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია სამი უძრავი ქონება (სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..... (ს/კ: #.....), ქ. თბილისი, ....... ბ.11 (ს/კ: #........), ქ. თბილისი, ........ (ს/კ: #........)).
9. 2021 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხე იპოთეკარად რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე 2019 წლის 6 აგვისტოს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
10. სარჩელის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა არასწრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ე.შ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1000 ლარის, ხოლო ა.შ–ის სასარგებლოდ 500 ლარის დაკისრება.
11. მოპასუხის პოზიცია
11.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მზადაა მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენა-აღზრდაში.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 4 ოქტომბერს დაბადებული ე.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, თვეში 350 ლარის, ხოლო 2010 წლის 1 ივლისს დაბადებული ა.შ–ის სასარგებლოდ - თვეში 220 ლარის გადახდა 2020 წლის 29 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანობის მიღწევამდე.
13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
14.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა, გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების მხედველობაში მიღება კი თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც, უნდა განისაზღვროს ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რაც საჭიროა არასრულწლოვნის რჩენისა და აღზრდისთვის.
14.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ერთ-ერთი ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე განსაზღვრა, შესაბამისად, არ არსებობდა მისი გაზრდის საფუძველი.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
15.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ამასთან, ერთ-ერთი ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ბავშვის საუკეთესო ინტერესებში კი ვერ იქნება მამის შემოსავლების მოძიების მტკიცების ტვირთის დაკისრება. ეს ეწინააღმდეგება „ბავშვის უფლებების კონვენციის“ 27-ე მუხლს, რომლითაც აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
19. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ალიმენტის დაკისრების შესახებ, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და განმარტავს, რომ დაკისრებული თანხა არაგონივრულია და ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ყოველთვიურ საჭიროებებს.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განსაზღვრის მიზნით, საკასაციო პალატა ითვალისწინებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ და საკასაციო საჩივრით შეუდავებელ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-9 პუნქტები) და განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. „სპეციალური დაცვის“ აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად კონვენცია განიხილავს არასრულწლოვნის სოციალურ უფლებას, რომელიც უდავოა, რომ ამავე კონვენციით აღიარებულ „საუკეთესო ინტერესების“ ცნებაში მოიაზრება და კონვენციის მე-3 მუხლის (1) (2) თანახმად, აღიარებულია შემდეგი: ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. არასრულწლოვნის დაცვის (მათ შორის, სოციალური) იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია ასახული, რომელთაგან ერთ-ერთს, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1238-ე მუხლები წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლში ასახულია მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირება და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. უნდა განიმარტოს, რომ ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას. სამოქალაქო კოდექსი შვილის საჭიროებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობის განსაზღვრას მშობლების ურთიერთშეთანხმებას მიანდობს (სკ-ის 1213-ე მუხლი). სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს, მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მას სრული რესურსი გააჩნია, მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს (სკ-ის 1214-ე მუხლი).
22. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა.
23. ამასთან, მართალია, კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის №ას-58-49-2011 გადაწყვეტილება, 2017 წლის 17 ოქტომბრის №ას-1141-1061-2017, 2020 წლის 25 თებერვლის №ას-1355-2019 და 2020 წლის 13 მარტის №ას-1301-2019 განჩინებები).
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვნებს გარდაცვლილი ჰყავთ დედა, მამას შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და მეორე მეუღლესთან ერთად ეწევა საოჯახო მეურნეობას, ბავშვები ცხოვრობენ ბებიასთან (დედის დედასთან), რომელიც სრულად უზრუნველყოფს მათ ყოველთვიურ მატერიალურ თუ სხვა საჭიროებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, და, გარდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნებისა, საჭიროებს დამატებით სახსრებს მკურნალობისათვის, მედიკამენტებისა და ექიმების მომსახურებისათვის. ამასთან, მოსარჩელე არის უმუშევარი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მართალია, მოპასუხეს ოფიციალურად შემოსავალი არ უფიქსირდება, თუმცა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთები და იპოთეკა მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მას გარკვეული შემოსავალი აქვს.
26. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა (ე.შ–ისთვის - 350 (სამასორმოცდაათი), ხოლო ა.შ–ისთვის - 220 (ორასოცი) ლარი) ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ყოველთვიურ მინიმალურ საჭიროებებსაც კი.
27. სასამართლო მხედველობაში იღებს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობას, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლისათვის 255.1 ლარს შეადგენს (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით და მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების, ტრანსპორტისა და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს.
28. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების - არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის, ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის, ასევე, მოპასუხის შემოსავლის მხედველობაში მიღებით, წარდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არასრულწლოვანთა ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტვალდებული პირისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 150-150 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 4 ოქტომბერს დაბადებული ე.შ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 500 ლარის, ხოლო 2010 წლის 1 ივლისს დაბადებული ა.შ–ის სასარგებლოდ - 370 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვ.შ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 4 ოქტომბერს დაბადებული ე.შ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს 500 ლარის გადახდა 2020 წლის 29 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. ვ.შ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის პირველ ივლისს დაბადებული ა.შ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 370 ლარის გადახდა 2020 წლის 29 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე