Facebook Twitter

საქმე №ას-1128-2022 25 ნოემბერი, 2022 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "ს.ბ–ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი ) სარჩელი ლ.ა–ნის (შემდეგში: მოპასუხე ან დასაქმებული) წინააღმდეგ, თანხის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 3 093.75 ლარისა და პირგასამტეხლოს - 44 932.22 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილია გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვა, კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რისი სამართლებრივი საფუძველიც არის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-60.1 მუხლი (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი სშკ-ის 46.3-ე მუხლი, კერძოდ: შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და მე-60.3 მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 46.5-ე მუხლი, რომლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1-ე მუხლი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).

4. სშკ-ის 46.3-ე მუხლის (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია) მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და ამ უფლების შეზღუდვისას საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. სშკ-ის 46.3-ე მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კომპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით და არა ყოველთვიურად (შეადრ. სუსგ. N ას-1041-2019, 12.02.2020 წ; N ას-646-2020, 29.09.2020წ.).

5. შრომითი ურთიერთობის დროს დამსაქმებელმა შესაძლოა დასაქმებულში ინვესტიცია ჩადოს და მისი პროფესიული განვითარება უზრუნველყოს, რაც, თავის მხრივ, ემსახურება თავად დამსაქმებლის - მოცემულ შემთხვევაში მოგებაზე ორიენტირებული მეწარმე სუბიექტის ინტერესებს, ჰყავდეს კვალიფიციური კადრი თავისი სამეწარმეო მიზნების წარმატებით განსახორციელებლად. ამის საპირწონედ დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულს მოსთხოვოს, არ გამოიყენოს დასაქმების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა კონკურენტ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრულ 6-თვიან ვადაში, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

6. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2017 წლის 7 მარტს შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობებით N1 20131001600020... მოპასუხე ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსად დაინიშნა. ამავე თარიღით მიღებული დამატებითი პირობებით N1 განისაზღვრა ცვლილებები შრომითი ხელშეკრულების ,,ვ“ დანართში. 2017 წლის 1 ნოემბერს შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობებით N1 20131001600020..... მოპასუხე საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების ჯგუფის უფროსად დაინიშნა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების Nვ დანართის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა დასაქმების შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შეუწყვიტოს დასაქმებულს უფლება, იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტს/ებს იმ ქვეყანაში/ებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანია/ები. ხელშეკრულების Nვ დანართის 1.1 პუნქტის თანახმად, დასაქმების სპეციალური პირობების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვსი) თვეს ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან. ამავე დანართის 1.3 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის სპეციალური პირობების შესაბამისად დასაქმებულის კომპენსაციის მიზნით, დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების ამოწურვამდე, დამსაქმებელი ყოველთვიურად გადაუხდის დასაქმებულს თანხას დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, დასაქმებულზე არ გავრცელდება დამატებითი შეღავათები, ბონუსები, კომპენსაციები და დამსაქმებელი არ განახორციელებს დასაქმებულის ხარჯების ანაზღაურებას. ამავე დანართის 1.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმების და მათი ცვლილებების შესახებ მომდევნო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში (მათ შორის მესამე პირის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების ჩათვლით).

7. მოპასუხემ, 2020 წლის 29 ოქტომბერს, დამსაქმებელი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს განცხადებით მიმართა და 2 ნოემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. ამასთან, ცნობის სახით აღნიშნა, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის დაწყებას სს ,,ლ.ბ–ში“ გეგმავდა და სურდა ინფორმაციის მოწოდება დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების ალბათობაზე. 2020 წლის 1 ნოემბერს დამსაქმებელ კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან მოპასუხე გათავისუფლდა. მოსარჩელე მოპასუხეს, 2020 წლის 13 ნოემბრიდან, შრომის შეზღუდვის საკომპენსაციოდ ყოველთვიურად (ორ ეტაპად) უხდიდა 2 500 ლარს, სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით. 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2021 წლის 29 აპრილის ჩათვლით ყოფილი დასაქმებულისათვის გადარიცხულმა თანხამ 15 093.75 ლარი შეადგინა, საიდანაც 93,75 ლარი კორპორატიული დაზღვევის თანხა იყო, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილმა თანხამ კი 3 000 ლარი შეადგინა, ხოლო მოპასუხემ რეალურად 12 000 ლარი მიიღო.

8. სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სსკ-ის ნორმებით. სსკ-ის 319-ე მუხლით განმტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლების/ნების ავტონომიის პრინციპი, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს კერძო სამართლის ურთიერთობის მონაწილეთა შესაძლებლობას, თავიანთი შეხედულებისამებრ დაარეგულირონ სახელშეკრულებო ურთიერთობა და შრომის კოდექსით დადგენილ ფარგლებში შეათანხმონ სახელშეკრულებო პირობები, მათ შორის პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც სშკ-ის მე-60 მუხლით დაწესებული შეზღუდვის უზრუნველყოფისათვის შესაძლოა ითვალისწინებდეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესებას და, ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ, ასეთ პირობაზე მხარეთა შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული სწორედ ასეთი სახელშეკრულებო დათქმიდან გამომდინარე მოპასუხის (დასაქმებულის) მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოშობს.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, როგორც მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის მნიშვნელოვანია დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც მოცემული დავის ფარგლებში სადავო გარემოებაა.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, შრომითი ურთიერთობის დროს დამსაქმებელმა შესაძლოა ინვესტიცია ჩადოს დასაქმებულში და უზრუნველყოს მისი პროფესიული განვითარება, რის გამოც ამის საპასუხოდ შეუძლია მოითხოვოს მისგან, რომ დასაქმების დროს მიღებული პროფესიული ცოდნა და გამოცდილება არ გამოიყენოს კონკურენტ დამსაქმებელთან და სწორედ ამ უფლება ადგენს სშკ-ის მე-60 მუხლი, თუმცა ნორმით ვიწროდ არის განმარტებული ასეთი აკრძალვის ფარგლები და ამავდროულად ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებულს, შეზღუდვის შედეგად მიღებული დანაკლისი აუნაზღაუროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებელი გასაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც შესაძლებელია შეეზღუდოს დასაქმებულს დასაქმების უფლება. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, როდესაც მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება დასაქმების შეზღუდვის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა იმავდროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი, შეუძლია თუ არა ყოფილ დასაქმებულს კონკურენტ ორგანიზაციაში დასაქმებისას მიაყენოს მას ზიანი და იყენებს თუ არა დასაქმების შეზღუდვის უფლებას, რა დროსაც შეზღუდვის პერიოდში ასევე უნდა გადაუხადოს ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს (დამსაქმებელს) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს უნდა ეცნობებინა მოპასუხისათვის, რომ იყენებდა მისთვის მინიჭებულ უფლებას და უზღუდავდა დასაქმების უფლებას, რის ასანაზღაურებლადაც მას განსაზღვრულ ვადაში კომპენსაციის ერთიან თანხას გადაუხდიდა და არა ხელფასს ყოველთვიურად, როგორც ამას აპელანტი აღნიშნავს. ამ უფლების გამოყენებისა და მოპასუხისთვის კომპენსაციის ჩარიცხვის შემთხვევაში ამოქმედდებოდა სახელშეკრულებო დათქმა დასაქმების შეზღუდვის შესახებ და მისი დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს ყოფილი დასაქმებულისათვის ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, სადაც მას ეცნობა, რომ დამსაქმებელი იყენებდა შრომითი ხელშეკრულების Nვ დანართით - მინიჭებულ უფლებას მოპასუხის დასაქმების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ხელფასის ყოველთვიურად ჩარიცხვა ვერ იქნებოდა საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შრომითი ხელშეკრულების №ვ დანართით დადგენილი სპეციალური პირობებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის მიზანი დამსაქმებელმა სრულად დაიცვა და სწორად აამოქმედა.. მხოლოდ დასაქმების შეზღუდვა იმ გარემოებების გაანალიზების და დასაბუთების გარეშე, თუ რა ფორმით და რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულმა დამსაქმებელს, დაუსაბუთებელია და ცალკე აღებული უფლების გამოყენება ისე, რომ არ იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულისათვის მიყენებული შესაძლო ზიანი უფლების ბოროტად გამოყენებას ემსახურება (სსკ-ის 115-ე მუხლი). იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის მხოლოდ ხელფასის სახით მისაღებ თანხას, ხოლო დასაქმების შემთხვევაში იგი მიიღებდა დამატებით შემოსავალს (მაგალითად ბონუსის სახით), ან უფრო მაღალ ხელფასს, დასაქმების შეზღუდვის გამოყენება დაუსაბუთებლად და მისი ძირითადი მიზნის გარეშე, ეწინაააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 26), ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ასევე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით დაცულ სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების, სამართლიანი ხელფასის, დამაკმაყოფილებელი გასამრჯელოს არჩევის უფლებას.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მოცემულ შემთხვევაში არ მიიჩნია ამოქმედებულად ხელშეკრულების Nვ დანართით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვა და შესაბამისად მასთან დაკავშირებული პირგასამტეხლოს დათქმა. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით.

12. რაც შეეხება კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ამ ნაწილში მოპასუხემ (დასაქმებულმა) მიღებული თანხის 12 000 ლარის ნაწილში ბანკის სასარჩელო მოთხოვნა ცნო. მოპასუხე არ დაეთანხმა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის საშემოსავლო გადასახადის დაკისრებასაც. აპელანტმა (დამსაქმებელმა) მიუთითა, რომ ფიზიკური პირის შემოსავალს განეკუთვნება დარიცხული ხელფასის სრული მოცულობა და არა უშუალოდ დაქირავებულისთვის ხელზე გასაცემი თანხა, ამიტომ მოპასუხეს აღნიშნული თანხის გადახდაც უნდა დაეკისროს, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

13. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ: ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ბანკის მიერ მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის შეზღუდვის საკომპენსაციოდ, 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2021 წლის 29 აპრილის ჩათვლით, გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 15 093.75 ლარი, საიდანაც 93,75 ლარი კორპორატიული დაზღვევისათვის გათვალისწინებული თანხა იყო, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილმა თანხამ კი 3 000 ლარი შეადგინა, ხოლო დასაქმებულმა რეალურად 12 000 ლარი მიიღო.

15. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა მის მიერ მიღებული 12 000 ლარის, როგორც რეალურად მიღებულის, გადახდა.სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

16. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დარჩენილი 3 093.75 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების არამართებულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა და განმარტა, რომ დასაქმების შეზღუდვის გამო მოპასუხემ რეალურად მიიღო 12 000 ლარის კომპენსაცია. აპელანტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხა მოპასუხემ მიიღო ეტაპობრივად, როგორც ხელფასი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

17. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში დამსაქმებლის მიერ გადარიცხული თანხის დაკისრებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით წყაროსთან დაბეგვრის შესახებ საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ მოიცავს კომპენსაციის სახით გაცემულ თანხას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. აღნიშნული მუხლი მოიცავს ხელფასს, კომპენსაციას და ნებისმიერ შემოსავალს, რომელიც იბეგრება და ამავე კოდექსის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან არ არის გათავისუფლებული. ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელფასი კი საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის განიმარტება ფართოდ და მოიცავს ნებისმიერ თანხას, სარგებელს, რომელიც დაქირავებით მუშაობასთან არის დაკავშირებული. თუმცა, მიუხედავად ასეთი განმარტებისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მხრიდან დასაქმებულისათვის ჩარიცხული თანხა არ წარმოადგენს არც ხელფასს და არც პირგასამტეხლოს, არამედ თავისი არსით განეკუთვნება მოპასუხის მიერ, მოსარჩელის მხრიდან შეცდომით, ვალდებულების გარეშე მიღებულ შემოსავალს, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის სახით აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხის დაკისრება მოპასუხისთვის დაუსაბუთებელია სსკ-ის 979-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან უკან დაბრუნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ სარგებელზე, რაც რეალურად პირს არ მიუღია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

20. კასატორმა მიუთითა, რომ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი დასაქმების შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების Nვ დანართის 1.5 პუნქტია;

21. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა კომპენსაციის ერთიანი სახით ჩარიცხვის ვალდებულება. მოპასუხე 6 თვის განმავლობაში იღებდა დასაქმების შეზღუდვით გათვალისწინებულ ანაზღაურებას იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ერიცხებოდა მას ანაზღაურება მოსარჩელე კომპანიაში დასაქმების პერიოდში. აღნიშნული თანხა წარმოადგენს არა კომპენსაციას, არამედ - შრომით ანაზღაურებას;

22. კასატორის განმარტებით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს ის პირი, რომელიც ხელფასის სახით იღებს შემოსავალს. შესაბამისად, ფიზიკური პირის შემოსავალს განეკუთვნება დარიცხული ხელფასის სრული მოცულობა და არა უშუალოდ დაქირავებულისთვის ხელზე გასაცემი თანხა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესასრულებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერ არის მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 46.3-ე (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციით) მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კომპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით (შეად. სუსგ-ებს: N ას-1112-2020, 18.11.2021წ; N ას-343-2020, 10.02.2021წ; N ას-198-2020, 18.11.2020წ; N ას-686-2020, 29.09.2020წ; N ას-646-2020, 29.09.2020წ; Nას-1041-2019, 12.02.2020 წ; N ას-1194-2018, 26.10.2018წ.). სწორედ ამის გამო უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა კომპენსაციის ერთიანი სახით ჩარიცხვის ვალდებულება. კასატორის მტკიცებით, მოპასუხე 6 თვის განმავლობაში იღებდა დასაქმების შეზღუდვით გათვალისწინებულ ანაზღაურებას იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ერიცხებოდა მას ანაზღაურება მოსარჩელე კომპანიაში დასაქმების პერიოდში. ამიტომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს არა კომპენსაციას, არამედ - შრომით ანაზღაურებას; საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ შრომითი მოვალეობების ფაქტობრივად შესრულების ფარგლებში, სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს – დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია. შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორი სწორედ სამუშაოს შემსრულებლისათვის ანაზღაურების გადახდაა.... (შეად. სუსგ-ებს: N ას-155-2022, 20.05.2022 წ; ას-723-2022, 29.10.2022წ.);

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში მხარეთა შეთანხმება შესაძლოა ითვალისწინებდეს დასაქმებულისათვის გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვას, მაგრამ თუ დამსაქმებელი დაარღვევს ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხას დასაქმებულს წინასწარ არ აუნაზღაურებს, მოპასუხეს შეეძლება უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე და თავისუფლად განკარგოს თავისი შრომითი უფლება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ ვლინდება, საფუძველსმოკლებულია მისთვის ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც (შეად. სუსგ N ას-1112-2020, 18.11.2021 წ.).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის მე-60.1 მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა, გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია (იხ. სუსგ-ები N ას-1112-2020, 18.11.2021წ; N ას- 1162-2021, 11.03.2022წ.). ზემოაღნიშნულ ნორმაში არსებული შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანია, დაიცვას დამსაქმებლის ინტერესები დასაქმებულისთვის იმ რიგი შეზღუდვების დაწესებით, რომელიც გადააზღვევს სამეწარმეო რისკებს, ბიზნეს ურთიერთობებს კი დასაქმებულის არამართლზომიერი ქმედების შედეგად აღარ მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. ასეთი შეზღუდვის დაწესება არ არის უცხო არც ევროპული სამართლის ქვეყნებისთვის, მაგალითად, გერმანიაში „ლოიალობის ვალდებულება“ ნორმატიულ ასახვას ჰპოვებს სავაჭრო კოდექსის [HGB] მე-60 პარაგრაფში და სავაჭრო კოდექსი ადგენს, რომ, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე, დასაქმებული არ არის უფლებამოსილი, კონკურენციაში შევიდეს მასთან. თუმცა, ზემოაღნიშნულთან ერთად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს დასაქმებულის ღირსი ინტერესიც - ჰქონდეს მისი შრომითი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. სწორედ ამ ინტერესთა კონკურენციის ურთიერთთანაზომიერი და გონივრული დაბალანსებიდან გამომდინარეობს დასაქმების შეზღუდვის სასყიდლიანი ხასიათი, რაც დამსაქმებლის მიერ შეზღუდვის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდაში გამოიხატება. კომპენსაციასთან დაკავშირებით კი ერთ-ერთ განჩინებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება (შეად. სუსგ-ებს: N ას-1041-2019, 12.02.2020 წ; N ას-1197-2021, 21.04.2022წ.).

30. მეორე მხრივ, როდესაც შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, მაგრამ ერთი მხარე მაინც მიიჩნევს, რომ ის ძალაშია და ამის საფუძველზე თვითიმედოვნებით ასრულებს ვალდებულებებს, დგება მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრების საფრთხე, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, კერძოდ, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელსაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ განმარტებას საკასაციო სასამართლო იზიარებს და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს ის თანხა, რაც მან მისგან მიიღო, რადგან ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგალითად, ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სახელშერულებო პირობა თვითონ დამსაქმებელმა არ აამოქმედა, შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხა კონდიქციური ნორმების საფუძველზე უნდა დაბრუნდეს.

31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენება არ იქნა სათანადო წესით რეალიზებული და სწორად ამოქმედებული. ასევე, დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენებისას, დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულის სხვაგან დასაქმებამ და დასაქმების უფლების შეზღუდვა პროპორციული ზომა უნდა იყოს მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებისთვის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ დასაქმების შეზღუდვის გზით უფლებაშეზღუდულ პირს სამუშაოს შესრულება ეკრძალება, რის სანაცვლოდაც მას ერთიანად უნდა მიეცეს შესაბამისი საკომპენსაციო თანხა, რაც თანასწორად აზღვევს, ერთი მხრივ, დამსაქმებლის ინტერესს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში პირი არ დასაქმდეს კონკურენტ საწარმოში, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს დროებით უფლებაშეზღუდულ პირს, შეასრულოს სახელშეკრულებო პირობა, რადგან ის უზრუნველყოფილია დასაქმების შეზღუდვის მთელი პერიოდისათვის ერთიანად გადახდილი თანხით.

32. სშკ-ის მე-60.1 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია შრომის კოდექსის მე-60.3 მუხლით, რომელიც ადგენს ამგვარი დარღვევით დამდგარი უსამართლო მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი წესით აღდგენის პრინციპს. ამასთან, ვალდებულების დარღვევისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ასევე სსკ-ის 394.1-ე მუხლი - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 408.1-ე მუხლის მიხედვით კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა დასაქმებულის მხრიდან დასაქმების შეზღუდვის შესახებ ვალდებულების დარღვევა არ ვლინდება, საფუძველს მოკლებულია მისთვის ფინანსური სანქციისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც. ამდენად, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ არის, არ არსებობს დამსაქმებლის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების თაობაზე კასატორის პრეტენზიას საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 18-19 პუნქტებში ასახულ, სამართლებრივ შეფასებაზე მიუთითებს. ამასთან განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, პირს, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა. კასატორი კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც აქვს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები საკუთარი უფლების დასაცავად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გულისხმობს იმგვარი ფინანსური პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც კანონმდებლობოს მოთხოვნას არ შეესაბამება. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივი წინაპირობები არ არის გამოვლენილ, რის გამოც საკასაციო განაცხადი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

33. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს.ბ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 396,61 ლარის (საგადახდო დავალება N40380, გადახდის თარიღი 2022 წლის 26 სექტემბერი), 70% – 1677,62 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე