Facebook Twitter

საქმე №ას-1339-2022 2 დეკემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე–ი" (მოპასუხე)

დაინტერესებული პირი - ააიპ ი.გ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „ე–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, იჯარის ხელშეკრულების გაუქმებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე, აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ააიპ „ი.გ–ა“.

4.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა და საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება მოითხოვა. აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებას დაურთო, აპელანტის იმავე შინაარსის განცხადება;

4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 30 აგვისტოს, განცხადებებით მიმართა აპელანტმა და განაცხადა, რომ არ იქნეს განხილული მისი განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, გაგრძელდეს საქმის განხილვა და აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნეს ააიპ „ი.გ–ა“;

4.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 30 აგვისტოს, ასევე მიმართა ააიპ „ი.გ–ის“ წარმომადგენელმა ლ.ჭ–ძემ, განცხადებას დაურთო ააიპ „ი.გ–ასა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული 2022 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის თაობაზე და აპელანტის უფლებამონაცვლედ ააიპ „ი.გ–ის“ ცნობა მოითხოვა;

4.4. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ააიპ „ი.გ–ამ“ მითითებული ხელშეკრულებით აპელანტისაგან შეიძინა მოთხოვნის უფლება იმ თანხაზე, რომელსაც მოპასუხისაგან ითხოვდა სარჩელით, რაც უფლებამონაცვლეობის საფუძველია;

4.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 92.1-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ შუამდგომლობა აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს;

4.6. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი, მოთხოვნის დათმობის შესახებ 2022 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებაში ნათლადაა გამოხატული მოსარჩელის ნება, მოპასუხის წინააღმდეგ იჯარის ხელშეკრულების გაუქმებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, სადავო უფლების ააიპ „ი.გ–ისათვის“ დათმობის შესახებ და მის შინაარსში ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნია.

5. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მოსარჩელე უფლებამონაცვლედ ცნობასა და საქმის განხილვის გაგრძელებასთან ერთად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1753 ლარის დაბრუნებასაც ითხოვდა, რადგან მოსარჩელის უფლებამონაცვლე ააიპ „ი.გ–ა“ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, კანონის საფუძველზე, გათავისუფლებულია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მართლზომიერება იმის გამო, რომ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სასარჩელო მოთხოვნა ააიპ „ი.გ–ას“ დაუთმო. ეს უკანასკნელი კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, კანონის საფუძველზე, გათავისუფლებულია.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასსა და მის წინამორბედს შორის შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე (იხ. სუსგ-ები: N ას-532-508-2016, 16.09.2016 წ., N ას-1558-1478-2017, 26.10.2018 წ.).

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.)

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლისათვის სავალდებულოა ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც შესრულებული იყო მის დაშვებამდე იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა მისი წინამორბედისათვის (იხ. სუსგ N ას-720-2019, 28.06.2019 წ.).

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა არის მოთხოვნის დათმობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე.

14. ამასთან, სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

15. ამდენად, ვინაიდან მოთხოვნის დათმობა განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო მოსარჩელემ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი საქალაქო სასამართლოში გადაიხადა, რაც მისთვის სავალდებულო იყო, სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნის დათმობის შემდეგ უფლებამონაცვლეს (თავდაპირველ მოსარჩელეს) სახელმწიფო ბაჟი არ დაუბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ უფლებამონაცვლე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან (შეად.სუსგ-ებს: N ას-720-2019, 28.06.2019 წ; N ას-222-2020.20.01.2021წ.).

16. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური