Facebook Twitter

საქმე №ას-1473-2022 2 დეკემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - თ.ც–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის და 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თ.ც–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) სარჩელი ი.ა–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოსარჩელის მიერ 2016 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს უსასყიდლო საკუთრებაში გადასცა შპს „ი.თ–ის“ (ს/ნ ….) კაპიტალში 20 %-იანი წილი და მოპასუხის საკუთრებაში რიცხული შპს „ი.თ–ის“ 50%-იანი წილიდან 20% წილი მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

3. სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 20 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

3.1. განმცხადებლის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხეს აკრძალული აქვს მის სახელზე რიცხული შპს „ი.თ–ის“ 50 %-იანი წილიდან 20%-ის გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება). თუმცა აღნიშნული ღონისძიება, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, არასაკმარისია სარჩელის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. საქმეში არსებული უდავო ფაქტების თანახმად, შპს „ი.თ–ის“ 50 %-იანი წილი ერიცხება მოსარჩელეს, ხოლო მეორე 50% - მოპასუხეს. ამასთან, მოპასუხეს მასზე რიცხული 50 %-იანი წილიდან 20 % ჩუქების საფუძველზე მოსარჩელისაგან აქვს მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილება, ე.ი. ჩუქების გაუქმების მართლზომიერების დადასტურება, მითითებულ სამეწარმეო საზოგადოებაში წილობრივი მონაწილეობის ცვლილებას გამოიწვევს, რომლის შედეგად მოსარჩელეს ექნება 70 %-იანი, ხოლო მოპასუხეს – 30 %-იანი წილი;

3.2. განმცხადებლის განმარტებით, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო არსებითად ამოწმებს ჩუქების გაუქმების, როგორც გარიგების, ნამდვილობას. თუ სასამართლო საბოლოოდ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ნამდვილობას დაადასტურებს, მოცემული დავის მხარეთა მიმართ ჩუქების გაუქმების სამართლებრივი შედეგები დადგება არა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, არამედ 2021 წლის 30 მარტიდან. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და მის საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას სამართლებრივი მნიშვნელობა მხოლოდ მესამე პირებისათვის ექნება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ე.ი. ჩუქების გაუქმება იურიდიულად ნამდვილ გარიგებად იქნა მიჩნეული. მაშასადამე, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე, სასამართლო გადაწყვეტილების სისწორის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ჩუქების გაუქმების, როგორც გარიგების, ნამდვილობა პრეზუმირებულია;

3.3. განმცხადებლის მითითებით შპს „ი.თ–ს“ მართავს მოპასუხის (აპელანტის) მიერ ნომინირებული და მისგან კონტროლირებადი დირექტორი, რომელსაც მოსარჩელე უნდობლობას უცხადებს, ხოლო თავად მოსარჩელე de facto მთლიანად განდევნილია საწარმოდან;

3.4. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საზოგადოების დირექტორს საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან, ნაღდი ფულის სახით, ერთჯერადად გატანილი აქვს 380,000 ევრო ხელფასის დანიშნულებით მაშინ, როცა მას ასეთი ხელფასი (საერთოდ ხელფასი) პარტნიორებისაგან დანიშნული არ აქვს. ამ ფაქტს აპელანტი/მოპასუხე ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოცემული ქმედება დანაშაულის, ანუ სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ქმედების ნიშნებს არ შეიცავს. გარდა ამისა, როგორც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, საზოგადოების დირექტორმა 2022 წლის 21 ივლისს, შპს „თ–თან“ დადო ხელშეკრულება, შპს „ი.თ–ის“ კუთვნილი, მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით დოკუმენტების მომზადების თაობაზე. ხელშეკრულებით გადასახდელი თანხა განსაზღვრულია 47,400 აშშ დოლარით, მაშინ როდესაც ანალოგიური მომსახურების საბაზრო ღირებულება 15,000 ლარს არ აღემატება;

3.5. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „თ–ის“ დამფუძნებელთან - ლ.გ–ძესთან ერთად, ჯერ შპს „ი.თ–ის“ დირექტორს (ი.ტ–ძე), ხოლო ამჟამად აპელანტს გააჩნია საერთო საკუთრება, რაც გარკვეულწილად ხსნის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადების ნამდვილ მოტივსა და მიზანს (დღევანდელი მდგომარეობით, ლ.გ–ძის წილი ირიცხება მისი მეუღლის თ.გ–ძის სახელზე). გარდა ამისა, საწარმოს ხელმძღვანელმა, 2012 წლის 30 აგვისტოს შპს „ი.თ–ის“ სახელით სს „ს.ბ–დან“ აიღო სესხი 50,000 ევროს ოდენობით, რისი ობიექტური საჭიროებაც არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მოსარჩელემ post factum სს „ს.ბ–საგან“ მიღებული ინტერნეტ შეტყობინებით მიიღო (რამდენადაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ითვლება თანამსესხებლად შპს „ი.თ–ის“ ყველა სესხზე). თანაპარტნიორისა და დირექტორისაგან მოსარჩელე წინასწარ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა სესხზე, რომლის თანამსესხებლადაც ის ითვლება და რომელზეც ის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით;

3.6. განმცხადებელი ვარაუდობს, რომ მოპასუხის (აპელანტის) მხრიდან, საზოგადოების დირექტორისა და მესამე პირთა მეშვეობით, კვლავაც გაგრძელდება საზოგადოების სახელით დაუსაბუთებელი ვალდებულებების აღება, ასევე საზოგადოებიდან ფულადი სახსრების შენიღბული გადინება;

3.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელი ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 198.3-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოყენებულ იქნეს ისეთი დამატებითი დროებითი ღონისძიება, რომელიც დავის მიმდინარეობისას დავის საგნის რეალური ღირებულების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, კერძოდ, შპს „ი.თ–ის“ დირექტორს ი.ტ–ძეს, საზოგადოების პარტნიორების - მოსარჩელისა და მოპასუხის - წერილობითი თანხმობის გარეშე, აეკრძალოს შპს „ი.თ–ის“ სახელით ნებისმიერი გარიგების დადება, ან უკვე დადებულ გარიგებაში ცვლილების შეტანა, ასევე შპს „ი.თ–ის“ კუთვნილი ფულადი სახსრებიდან ნებისმიერი ხარჯის გაწევა, გარდა მიმდინარე (1) საგადასახადო ვალდებულებებთან, (2) კომუნალური მომსახურების გადასახდელებთან, (3) საბანკო კრედიტის მომსახურებასთან და (4) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯისა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

4.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე;

4.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. შესაბამისად, უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის;

4.3. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო აღსრულების პრინციპი, პრაქტიკაში სრულყოფილად რეალიზებისათვის, დღის წესრიგში უდავოდ აყენებს მოპასუხის ნებაზე ზემოქმედებისა და მისი თვითნებობის გამორიცხვის საკითხს, თუმცა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, უსაფუძვლოდ არ უნდა იზღუდებოდეს მოწინააღმდეგე მხარის და სხვა მესამე პირთა ინტერესები. ამიტომ, სწორედ განმცხადებელს აწევს იმ ტვირთის დაძლევა, რომელიც იწვევს უფლების პროპორციულ შეზღუდვას. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე დაბალანსებული იყოს უფლებრივი მდგომარეობა და გამოყენებული იქნას იმგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მართებულად შეზღუდავს მოპასუხის უფლებას და გავლენას არ მოახდენს მესამე პირების ინტერესებზეც. მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს;

4.4. განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე სარჩელით დავის საგანია მოპასუხისათვის შპს „ი.თ–ის“ კაპიტალში 20 %-იანი წილის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოსარჩელის მიერ 2016 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „ი.თ–ის“ 50 %-იანი წილიდან 20 %-იანი წილის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა;

4.5. აღნიშნულ სარჩელთან მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა შპს „ი.თ–ში“ მის საკუთრებაში არსებული 50 %-იანი წილიდან 20 %-იანი წილის გასხვისება და დაგირავება;

4.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ განცხადებაში განვითარებული მსჯელობა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დავის საგანია ჩუქების გაუქმება, წილზე მესაკუთრედ ცნობა და ამ დავის ფარგლებში უკვე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონიძიება, კერძოდ სადავო ქონების (წილის) გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, დამატებით, განცხადებაში მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება (საწარმოს დირექტორისთვის - ი.ტ–ძესთვის, რომელიც მოცემულ დავაში მხარეს არ წარმოადგენს, გარკვეული მოქმედებების აკრძალვა) სასამართლოს შეფასებით წინამდებარე დავასთან მიმართებით არარელევანტურია;

4.7. სააპელაციო სასამართლომ განმატა, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფა გამართლებული იქნება უშუალოდ დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობებების დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელის შემთხვევაში. მოცემულ შემთხევაში დავის საგანს არ წარმოადგენს საწარმოს დირექტორის მიერ ფიდუციური ვალდებულებების დარღვევა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონიძიება მხოლოდ ზედმეტად შეზღუდავს მოპასუხე მხარის ინტერესს, რაც გაუმართლებელია;

4.8. ამდენად, არ არსებობს კონკრეტულ საქმეზე დამატებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რადგან სახეზე არ არის სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემადგენლობის წინაპირობა, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებასთან, თუ აღუსრულებლობის საშიშროებასთან მიმართებით.

5. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

5.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია ის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობის დარღვევის საფუძვლით წარდგენილ სარჩელებშია გამართლებული. სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა არ წარმოადგენს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით მხოლოდ განსაზღვრული ტიპის, კერძოდ, კი დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობის დარღვევის საფუძვლით წარდგენილი სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. ასეთი ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტიპის სარჩელების უზრუნველსაყოფადაც, როცა არსებობს ლოგიკურ-სამართლებრივი კავშირი სარჩელსა და უზრუნველყოფის დასახელებულ ღონისძიებას შორის;

5.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია შპს „ი. თ–ის“ 20 %-იან წილზე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. წილი წარმოადგენს ქონებრივ უფლებას, რომლის ღირებულებაც შესაბამისი საზოგადოების აქტივ-პასივების ღირებულებით განისაზღვრება. მისი ღირებულება არ წარმოადგენს მყარ მოცემულობას, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე სიდიდეს შეესაბამება. ლოგიკურად შესაძლებელია, რომ დავის მიმდინარეობისას სადავო წილის ღირებულება შემცირდეს (მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საქმეში აკრძალულია მის გასხვისება და გირავნობით დატვირთა). მაშასადამე, ამ დროს აბსოლუტურად ადეკვატურია ისეთი დროებითი ღონისძიების გამოყენება, რომელიც წილის ღირებულების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასეთი დროებითი ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფილია სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით. მაშასადამე სასამართლოს არ გააჩნდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი;

5.3. საჩივრის ავტორის მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების შემთხვევაში, 1) საზოგადოებას, მისი დირექტორის სახით, დარჩება ყველა იმ ხარჯის გაწევის უფლება, რომელიც მხარეთა ერთობლივი საწარმოსათვის „ჩვეულებრივი საქმიანობის“ სფეროს მიეკუთვნება და 2) ყველა სხვა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორივე პარტნიორის - ე.ი. მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ ერთობლივად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, ზემდგომ სასამართლოში გამოიგზავნა.

6.1. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 372-ე, 1971.2-ე, 191.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველი საქმის ბუნებიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის პოზიცია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის ღირებულების შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების გამოყენების რელევანტურობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის შპს „ი.თ–ის“ კაპიტალში 20 %-იანი წილის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოსარჩელის მიერ 2016 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „ი.თ–ის“ 50 %-იანი წილიდან 20 %-იანი წილის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა. განმცხადებლის ზეპირსიტყვიერი მითითება დირექტორის მიმართ უნდობლობასთან დაკავშირებით და რომ თავად de facto მთლიანად განდევნილია საწარმოდან, ვერ გახდება სასამართლოს მიერ იმგვარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, როგორიცაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორისათვის საზოგადოების პარტნიორების წერილობითი თანხმობის გარეშე, საზოგადოების სახელით ნებისმიერი გარიგების დადების ან უკვე დადებულ გარიგებაში ცვლილების შეტანის, ასევე შპს „ი.თ–ის“ კუთვნილი ფულადი სახსრებიდან ნებისმიერი ხარჯის გაწევის (გარდა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებთან (1) კომუნალური მომსახურების გადასახდელებთან (2), საბანკო კრედიტის მომსახურებასთან (3) და შრომის ანაზღაურებასთან (4) დაკავშირებული ხარჯისა) აკრძალვაა;

6.2. განსახილველ საქმეში, დავის საგნიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით) მოპასუხეს აეკრძალა შპს „ი.თ–ში“ მის საკუთრებად აღრიცხულ 50 %-იანი წილიდან 20 %-იანი წილის გასხვისება და დაგირავება;

6.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ვინაიდან დავის საგანს არ წარმოადგენს საზოგადოებაში წილის ღირებულება, შესაბამისად მისი შენარჩუნების უზრუნველსაყოფად გარკვეული ღონისძიების გატარება არ იქნება რელევანტური განსახილველი დავის ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.

7. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა შპს „ი. თ–ში“ მისი კუთვნილი 20 %-იანი წილის გასხვისება და დაგირავება (იხ. ამ განჩინების 4.5 ქვეპუნქტი).

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მტკიცებას კომპანიის დირექტორის მიერ მომავალში მისაღები გადაწყვეტილებების კომპანიის ინტერესებთან შეუსაბამობის თავიდან ასაცილებლად დამატებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ადეკვატური უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე გამოყენებულია და არ არსებობს დამატებითი შეზღუდვის დაწესების წინაპირობები (იხ. ამ განჩინების 6.1-6.3 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის არგუმენტი, მისეული აღქმა და შეფასება სადავო წილის ღირებულების სავარაუდო გაუფასურების შესახებ, შესაძლოა გარკვეულწილად გამართლებული აღმოჩნდეს, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შერჩეულ უნდა იქნას სასარჩელო მოთხოვნის საპირწონედ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახემ და ზომამ გაუმართლებლად არ უნდა შეზღუდოს მოპასუხის უფლებები და მისი გამოყენება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემწყობი უნდა გახდეს.

11. სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას პერსპექტიულს ხდის, სამართალწარმოების პროცესში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენებაა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული და უზრუნველყოფილია დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულება ან თავიდანაა აცილებული აღსრულების გაძნელება (სსსკ-ის 191-ე მუხლი).

12. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შეად. სუსგ-ებს: N ას-939-2019, 15.07.2019წ; N ას-43-2021, 26.03.2021წ.);

13. კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე/უფლების გამოყენებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (შეად. სუსგ-ებს: N ას-1477-2018, 31.01.2019წ; N ას-43-2021, 26.03.2021წ.); საკუთრების ან კანონით დადგენილი უფლების გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მოვალის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. ამდენად, განმცხადებლის არგუმენტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზუმირებულია ჩუქების გაუქმების, როგორც გარიგების, ნამდვილობა, არ წარმოადგენს ფაქტობრივად და სამართლებრივად იმგვარ წინაპირობას, რომ გამოყენებული იქნეს განმცხადებლის მიერ დამატებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დავის საგანს არ წარმოადგენს საზოგადოებაში წილის ღირებულება, შესაბამისად მისი შენარჩუნების უზრუნველსაყოფად გარკვეული ღონისძიების გატარება არ იქნება რელევანტური განსახილველი დავის ფარგლებში, როგორც ეს მართებულად განმარტა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფა გამართლებული იქნებოდა უშუალოდ საწარმოს დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობებების დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელის შემთხვევაში. განსახილველ შემთხევაში კი დავის საგანს არ წარმოადგენს საწარმოს დირექტორის მიერ ფიდუციური ვალდებულებების დარღვევა და აქედან გამომდინარე მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის დამატებითი ღონიძიების გამოყენება მხოლოდ ზედმეტად და დაუსაბუთებლად შეზღუდავს მოპასუხე მხარის ინტერესს, რაც გაუმართლებელია დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს;

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები, როგორ დასაბუთებული და კანონიერი, უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ც–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და, მისი უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური