საქმე №ას-48-2022 16 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ.კ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.კ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ჯ–ა’’ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „საზოგადოება“ ან „კომპანია“) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 03 მაისიდან. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან ლ.კ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“) 50%-იანი და ნ.კ–ვა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან "კასატორი") 50%-იანი წილით. საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დ.კ–ძე (შემდგომში - „დირექტორი“ ან „საზოგადოების დირექტორი“).
2. საზოგადოების 2018 წლის 11 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, რომლის დღის წესრიგსაც საზოგადოების ლიკვიდაცია წარმოადგენდა, კრებაზე არ გამოცხადდნენ 50%-იანი წილის მფლობელი მოსარჩელე და საზოგადოების დირექტორი. იმავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 25 მაისს იგივე დღის წესრიგით განმეორებითი კრების მოწვევის თაობაზე.
3. 2018 წლის 25 მაისს გამართულ განმეორებით კრებაზე საზოგადოების დირექტორი და მოსარჩელე კვლავ არ გამოცხადდნენ. ვინაიდან კრება გადაწყვეტილებაუუნარო იყო, იგი გაიდო 2018 წლის 15 ივნისს. აღნიშნული კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებები ჩაბარდა მოსარჩელის შვილს, რომელიც იმავდროულად არის საზოგადოების დირექტორი.
4. მოსარჩელე და საზოგადოების დირქტორი კვლავ არ გამოცხადდნენ 2018 წლის 15 ივნისს გამართულ პარტნიორთა საერთო კრებაზე და 50%-იანი წილის მფლობელი მეორე მოპასუხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის თაობაზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ კომპანია რეგისტრაციის დღიდან არ ფუნქციონირებს, არ გააჩნია საოფისე ფართი, არ ჰყავს თანამშრომლები და არ აქვს სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმა, ამასთან ერთად, პარტნიორებს აქვთ კომუნიკაციის პრობლემა.
5. საზოგადოების პარტნიორთა 2018 წლის 24 ივლისის კრების ოქმის საფუძველზე, რომელსაც მოსარჩელისა და საზოგადოების დირექტორის გამოუცხადებლობის გამო, კვლავ ერთი პარტნიორი ესწრებოდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე. ლიკვიდაციის მმართველად დაინიშნა გ.ჭ–ვა და გადაეცა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი მასალა.
6. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, მოსარჩელისა და საზოგადოების დირექტორისათვის ცნობილი იყო სხდომის თარიღი და დღის წესრიგი. მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო იგივე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ორჯერ გადაიდო განხილვა - 05.07.2018 წელს და 16.07.2018 წელს. საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 24.07.2018 წელს.
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საზოგადოების მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო ლიკვიდატორად მითითებულია გ.ჭ–ვა.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ პარტნიორთა 2018 წლის 15 ივნისის კრების ოქმის ბათილად ცნობა.
9. მოსარჩელის განმარტებით, მას საზოგადოების პარტნიორთა 2018 წლის 15 ივნისის საერთო კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება არ ჩაბარებია. მართალია, შეტყობინების ჩაბარება მოხდა მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას, თუმცა იგი ჩაბარდა მოსარჩელის შვილს, საზოგადოების დირექტორს, რომელიც არც რეგისტრირებულია და არც ფაქტობრივად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ამასთან, მოსარჩელესა და მის შვილს საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაძაბული პირადი ურთიერთობა ჰქონდათ, რაც მათ შორის კომუნიკაციას ართულებდა. გზავნილის გაგზავნის მომენტში მოსარჩელე საზღვარგარეთ, ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც საზოგადოების პოტენციურ პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს მართავდა. იგი ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდა 14 ივნისს და ვინაიდან პარტნიორთა კრების ჩანიშვნის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა, კრებაზე ვერ გამოცხადდა. ამასთან, 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი მოსარჩელეს არ გაგზავნია, რის გამოც ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
10. მოსარჩელემ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება სადავოდ გახადა იმ საფუძვლითაც, რომ არ არსებობდა ლიკვიდაციის დაწყების აუცილებლობა. მისი განცხადებით: საზოგადოება ფუნქციონირებს და მისი გაკოტრების საფრთხე არ არსებობს; საზოგადოებამ დაარსების დღიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა და შეიძინა უძრავ-მოძრავი ქონება; მეორე მოპასუხემ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საზოგადოებას კრედიტორების ვალდებულებების დასაფარად ათი ათასობით ლარი სჭირდება, თუმცა, ამის საწინაღმდეგოდ, ლიკვიდაციის დაწყების შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ კომპანიას კრედიტორები არ ჰყავს და არცერთი მათგანი დაასახელა; მეორე მოპასუხის ინტერესს საზოგადოების ლიკვიდაციის ხარჯზე რეალიზებული ქონების ღირებულების მითვისება წარმოადგენს და, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი ქმედება უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა შეფასდეს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2018წ. გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესი.
12. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, ხოლო მეორე მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
13. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა მოპასუხეთა მიმართ და დამატებით მოითხოვა საზოგადოების პარტნიორთა 2018 წლის 24 ივლისის კრების ოქმის ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, საზოგადოების წესდების მე-19 მუხლის მიხედვით, საზოგადოების ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები. 2018 წლის 24 ივლისის საერთო კრების ოქმით კი, მეორე მოპასუხის მიერ დანიშნულ იქნა მხოლოდ ერთი ლიკვიდატორი - გ.ჭ–ვა. შესაბამისად, წესდებით შეთანხმებული წესის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საზოგადოების პარტნიორთა 2018 წლის 15 ივნისის და 2018 წლის 24 ივლისის კრების ოქმები.
15. მეორე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება საზოგადოების პარტნიორთა 2018 წლის 15 ივნისის კრების თაობაზე მისი არასათანადოდ ინფორმირებულობის შესახებ და მიუთითა, რომ მოსარჩელესა და საზოგადოების დირექტორს კრების მოწვევის თაობაზე პირველად ეცნობათ 08.05.2018 წელს, ხოლო განმეორებით 18.05.2018 წელს და 01.06.2018 წელს, მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, ....., ბინა 30ა. გზავნილის ჩაბარების დასტურებს ხელს აწერს მოსარჩელის შვილი, საზოგადოების დირექტორი, რომელსაც უარი არ განუცხადებია გზავნილების ჩაბარებაზე და არც რამე უცნობებია წერილების ჩაუბარებლობის შესახებ. ამასთან, გზავნილები კრების მოწვევის თაობაზე დამოუკიდებლად ეგზავნებოდა საზოგადოების დირექტორს და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვისა და სავარაუდო შედეგების შესახებ. მითუმეტეს, რომ იგი თავად აფრთხილებდა პარტნიორებს საზოგადოებაში არსებული მძიმე მდგომარეობის თაობაზე.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, იმავე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, მე-7 პუნქტით და განმარტა, რომ საწარმოს ლიკვიდაცია სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას და ამგვარ საკითხზე სავალდებულოა ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილება. ანალოგიურ დათქმას შეიცავს საზოგადოების წესდების 15.3. პუნქტი, რომლის თანახმად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
20. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლებით და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების პარტნიორთა 2018 წლის 15 ივნისის საერთო კრებაზე საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნა მიღებული, აღნიშნული კრების ოქმი ბათილ გარიგებად მიიჩნია. ამასთან, როგორც თანმდევი შედეგი, ასევე ბათილად მიიჩნია საზოგადოების პარტნიორთა 2018 წლის 24 ივლისის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება.
21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
22.1. სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მამა-შვილისა და იმავდროულად საზოგადოების დირექტორისა და პარტნიორის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და განხორციელებული ქმედებები. მათ ერთობლივად, კასატორის მოსაშორებლად და საწესდებო კაპიტალის დასატოვებლად, განახორციელეს შემდეგი მოქმედებები: ურთიერთშეთანხმებით, კასატორის ინფორმირების გარეშე და კანონდარღვევით გაყიდეს საზოგადოების ბალანსზე რიცხული წისქვილი, მიწის ნაკვეთი და სატვირთო ავტომობილი მისაბმელით; ამასთან, მეორე მოპასუხემ და საზოგადოების დირექტორმა კასატორის ინფორმირების გარეშე ერთმანეთთან გააფორმეს ფიქტიური სესხის ხელშეკრულება 300 000 აშშ დოლარზე. თუმცა, კასატორის მოქმედებებით ყველა ზემოაღნიშნული ქონება დაუბრუნდა კომპანიას, მაგრამ რისკი რჩება და მათ კვლავ შეუძლიათ საზოგადოებისა და კასატორის ფინანსურად დაზარალება. მათი ინტერესია კომპანიის გაკოტრება სარგებლის მიღების მიზნით;
22.2. რეორგანიზაცია/ლივიდაციის პროცესი გარდაუვალი იყო საზოგადოების ძირითადი საშუალებების - მიწის ნაკვეთის, წისქვილისა და ავტომანქანის გასხვისების შემდგომ, ვინაიდან მას ძირითადი სამუშაო საშუალებები აღარ რჩებოდა. შესაბამისად, რეორგანიზაცია/ლივიდაციის გადაწყვეტილებით საზოგადოების საზიანოდ არაფერი განხორციელებულა. ამასთან, პარტნიორთა გადაწყვეტილებით არ შექმნილა არათანაბარი მდგომარეობა და ამას არც ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ მიიღებდნენ პარტნიორები. აღნიშნული გადაწყვეტილებით პარტნიორის არსებითი ინტერესი არ შელახულა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ პარტნიორთა 2018 წლის 15 ივნისისა და 2018 წლის 24 ივლისის კრების ოქმების ბათილად ცნობის მართლზომიერება.
26. საზოგადოების წესდების 19.3. პუნქტის თანახმად, საზოგადოების ლიკვიდაცია ხდება პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილებით, ხოლო წესდების 15.3. პუნქტის მიხედვით, საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
27. “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (კანონის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. აღნიშნული კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პარტნიორთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
28. პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სპეციალური კანონის მე-91 მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საზოგადოების ლიკვიდაციის საკითხის განსახილველად საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება თავდაპირველად მოწვეულ იქნა 2018 წლის 11 მაისს, რომელიც საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის/მოსარჩელისა და საზოგადოების დირექტორის გამოუცხადებლობის გამო, ხელახლა მოწვეულ იქნა კიდევ ორჯერ 2018 წლის 25 მაისსა და 2018 წლის 15 ივნისს; დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელესა და საზოგადოების დირექტორს ჩაბარდათ შეტყობინებები ზემოაღნიშნულ საერთო კრებებებზე მოწვევის თაობაზე.
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 15 ივნისს გამართული პარტნიორთა საერთო კრება ზოგადად გადაწყვეტილებაუნარიანი იყო სპეციალური კანონის მე-91 მუხლის შესაბამისად, თუმცა ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის შესაფასებლად გასათვალისწინებელია აგრეთვე სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საზოგადოების ლიკვიდაცია მის ჩვეულებრივ საქმიანობას არ წარმოადგენს. ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის (საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად, მისი უფლებები და მოვალეობები უფლებამონაცვლეობის წესით სხვა პირებზე არ გადადის. ამიტომ, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებაზე უნდა იქნეს მიღებული.
32. მიუხედავად აღნიშნული წესისა, სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ თუკი პარტნიორი, რომელსაც სათანადო წესით ეცნობა მოწვეული კრების ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი, კრებაზე მრავალჯერადად არ გამოცხადდება და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობებს კრების მომწვევთ, საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება საერთოდ ვერ იქნება მიღებული. ნორმის ამგვარი განმარტება კანონის მიზნიდან არ გამომდინარეობს. კანონის მიზანს კი წარმოადგენს ყველა პარტნიორის მონაწილეობის უზრუნველყოფა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას არ მიეკუთვნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი პარტნიორი, რომელიც სათანადო წესით ინფორმირებულია საერთო კრების მოწვევის შესახებ, საკუთარი გადაწყვეტილებით საერთო კრებაზე არ გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მე-2 პუნქტით (ბოლო წინადადება) დადგენილი წესი და კრება გადაწყვეტილებაუნარიანად იქნეს მიჩნეული.
33. დადგენილია, რომ საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე 2018 წლის 15 ივნისის კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საზოგადოების 50% წილის მფლობელი პარტნიორის მიერ, რაც საზოგადოების წესდების 15.3. პუნქტისა და სპეციალური კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საკმარისია განმეორებით ჩატარებულ კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მე-9 პუნქტით [საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს] გათვალისწინებულ შემთხვევას, რადგან საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება არ მიეკუთვნება ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებების კატეგორიას არც სპეციალური კანონით და არც საზოგადოების წესდებით. ამასთან, იგი არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შინაარსი ქმნის არათანაბარ მდგომარეობას ან ხელყოფს რომელიმე პარტნიორის არსებით ინტერესებს.
35. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კანონსაწინააღმდეგოდ და, აქედან გამომდინარე, ბათილ გარიგებად.
36. იგივე დასაბუთებით, ასევე, დაუშვებელია 2018 წლის 24 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო გარიგებად მიჩნევა, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც დადგენილია, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ორჯერ - 05.07.2018 წელს და 16.07.2018 წელს გადაიდო კრება მოსარჩელისა და საზოგადოების დირექტორის გამოუცხადებლობის გამო და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
41. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
42. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოსარჩელის მიმართვა (საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ); 12.03.2018წ. მიმართვა (საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ); თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.04.2018წ. და 26.06.2018წ. განჩინებები (საქმე №2/35002-17); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინება (საქმე №2ბ/259-18)) მთლიანობაში „09“ ფურცლად (ტ. IV, ს.ფ. 275, 285, 295-301).
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
44. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ.კ–ძეს (პ.ნ. .....) ნ.კ–ვას (პ.ნ. .....) სასარგებლოდ დაეკისროს 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №B18065823/6 გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული შპს „ჯ–ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .....) ლიკვიდაციის პროცესი;
6. ლ.კ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ლ.კ–ძის მიმართვა (შპს „ჯ–ას“ საერთო კრების მოწვევის შესახებ); 12.03.2018წ. მიმართვა (შპს „ჯ–ას“ საერთო კრების მოწვევის შესახებ); თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.04.2018წ. და 26.06.2018წ. განჩინებები (საქმე №2/35002-17); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინება (საქმე №2ბ/259-18)) მთლიანობაში „09“ ფურცლად (ტ. IV, ს.ფ. 275, 285, 295-301);
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი