საქმე №ას-1255-2022 09 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ხ.თ–ი, ლ.ბ–ლი (მოპასუხეები)
მოსარჩელე - ბ.ბ–ძის უფლებამონაცვლე მ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ბ–ძემ (შემდგომში – „პირველი მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და ბ.ბ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ხ.თ–ისა (შემდგომში – „პირველი მოპასუხე“) და ლ.ბ–ლის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აღნიშნული უძრავი ნივთის მეორე მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველმა მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ამასთან, იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი 2017 წლის ივლისიდან იმყოფება გერმანიაში, შეეძინა მეორე შვილი და კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, არის უმუშევარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოსარჩელის გარდაცვალების გამო, სააპელაციო საჩივარზე დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე შეჩერდა წარმოება 2021 წლის 23 ივლისამდე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე განახლდა სამართალწარმოება და მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი და - მ.ბ–ძე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: საჩივრის ფასის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს - 2022 წლის 09 თებერვალს.
8. აპელანტის წარმომადგენელმა 2022 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელსაც დაურთო 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: 1092 აშშ დოლარს (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) (დავის საგნის ღირებულების 4%) გამოკლებული 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს - 2022 წლის 11 მარტს.
10. აპელანტის წარმომადგენელმა 2022 წლის 18 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: აპელანტი იმყოფება გერმანიაში, არის სოციალურ კმაყოფაზე, მისამართის შეცვლის გამო დროებით შეუწყდა სოციალური დახმარება და თანხის გამოგზავნას ვერ ახერხებს. აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებას დაურთო უცხოენოვანი დოკუმენტი, სადაც, მისი განმარტებით, მითითებულია ყველა ოჯახის წევრის სახელი და გვარი, რომლებიც სოციალურ კმაყოფაზე იმყოფებიან.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების ან 1092 აშშ დოლარს (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გამოკლებული 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა; ასევე, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 24 მაისს.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - ვ.მ–ძეს, რომელიც ადრესატს ჩაბარდა პირადად - 2022 წლის 24 მაისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 25 მაისს და ამოიწურა 2022 წლის 06 ივნისს (ვინაიდან, მეათე დღე იყო შაბათი დღე), თუმცა აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
14. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 73.8, 368.5, 372-ე და 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
16. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა 2022 წლის 09 თებერვალს, ხოლო იმავე წლის 15 თებერვალს წარადგინა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა - 150 ლარი. პირველი მოსარჩელე წასულია საზღვარგარეთ და წაყვანილი ჰყავს ოჯახის წევრი სამკურნალოდ, რის გამოც მას არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის საშუალება. შესაბამისად, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, რასაც შედეგად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად მას წაერთვა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის უფლება.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერება წარმოადგენს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.
22. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
23. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად - 2022 წლის 24 მაისს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2022 წლის 25 მაისიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა 03 ივნისს, თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
24. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ უმსჯელია, ვინაიდან ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსთვის ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავს.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი