Facebook Twitter

საქმე №ას-1262-2022 09 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა.კ–ი, ე.კ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ფ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ფ–ამ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.კ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ე.კ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად – „მოპასუხეები“, “აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით.

2. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 02 აგვისტოს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 სექტემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 02 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა; დადგინდა წინამდებარე საქმის მომზადების დაწყება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად და მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა.

5. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2022 წლის 01 მარტს მიიღო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

6. მოპასუხეებმა განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივლისის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს, ნ.ს–ს პირადად, 2022 წლის 05 ივლისს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 06 ივლისიდან და ამოიწურა 2022 წლის 19 ივლისს, თუმცა აპელანტებს დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაგვიანებით, 2022 წლის 21 ივლისს (ფოსტით გაგზავნილია 2022 წლის 20 ივლისს) განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, ნ.ს–მა და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 70.1, 368.5, 372-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვეს.

12. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

12.1. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილ იქნა 2022 წლის 20 აპრილს. სააპელაციო საჩივარს ერთვის რწმუნებულება, რომელიც აპელანტების მიერ გაცემულია: ც.მ–ძისა და ნ.ს–ის სახელზე. თუმცა, ნ.ს–ი წარმოადგენს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის (სიითი №1630) მქონე ადვოკატს და კანონით მას არ აქვს უფლება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მხარის ინტერესებს წარმოადგენდეს, განსხვავებით ც.მ–ძისგან, რომელიც საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია. ნ.ს–ს ევალებოდა მხოლოდ ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივრის ჩაბარება, ხოლო, სააპელაციო სასამართლოში მარწმუნებლების ინტერესების დაცვა ც.მ–ძეს უნდა გაეგრძელებინა;

12.2. ნ.ს–ს არ ჰქონდა ც.მ–ძის საკონტაქტო ინფორმაცია, რის გამოც ვერ აცნობა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 ივლისის განჩინების თაობაზე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს აპელანტებისათვის სასამართლოს გზავნილის ჩაბარებისა და, შესაბამისად, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

17. კერძო საჩივრის ავტორები დავობენ, რომ მიუხედავად მათ მიერ ნ.ს–ის მიმართ რწმუნებულების გაცემისა, იგი არ იყო უფლებამოსილი ჩაებარებინა სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, ვინაიდან ის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

19. ამდენად, სასამართლოს გზავნილი შეიძლება გაეგზავნოს და ჩაბარდეს როგორც მხარეს, ისე მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ორივე შემთხვევაში გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

20. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივლისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს, ნ.ს–ს პირადად, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ ადვოკატთა - „წევრთა ერთიანი“ სიის მიხედვით, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია (სიითი №1630).

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

22. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ხოლო, იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 ივლისის განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა. კერძოდ, ვინაიდან ნ.ს–ი წარმოადგენს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატს, იგი არ იყო უფლებამოსილი, წინამდებარე სამოქალაქო დავაში მხარის უფლებები დაეცვა, მათ შორის, ჩაებარებინა სასამართლოს გზავნილი.

24. შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ, რის გამოც არ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.კ–ისა და ე.კ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 აგვისტოს განჩინება და ა.კ–ისა და ე.კ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი