№ას-243-2022
10 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის განუხილველად დატოვება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.თ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-23).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დაინიშნა დროებით, ახალი დირექტორის დანიშვნამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით 2021 წლის 16 ივნისს საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა, რომელიც შემდგომ გადაიდო 2021 წლის 23 ივნისს. 2021 წლის 22 ივნისს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება. მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 12 ივლისი. ამავე წლის 08 ივლისს საქალაქო სასამართლოს კვლავ მიმართა მოსარჩელემ, მიუთითა, რომ მისი წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრებოდა სასამართლოს და ითხოვა სხდომის გადადება.
2.1. 2021 წლის 12 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე. მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რის შემდგომაც მოსარჩელემ დატოვა სხდომის დარბაზი, მიუხედავად იმისა, რომ განემარტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობის შესახებ. ამავე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. მ.თ–ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებზე.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული 2021 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 09 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით მ.თ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 09 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო პალატის მითითებით შესაფასებელი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სასამართლო სხდომა დაინიშნა 2021 წლის 12 ივლისს, 12:00 საათზე. 2012 წლის 08 ივლისს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე მ.თ–ამ და მოითხოვა სხდომის გადადება წარმომადგენლის ავადმყოფობის მოტივით. მართალია, განცხადებას არ ერთვოდა ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მხარე მიუთითებდა, რომ დოკუმენტს წარმოადგენდა მომდევნო სხდომაზე, ბიულეტინის დახურვის შემდეგ. 2021 წლის 12 ივლისს სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მ.თ–ა, რომელმაც მხარი დაუჭირა შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე და აღნიშნა, რომ წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარების გარეშე ის თავს ვერ დაიცავდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ და მ.თ–ამ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, რასაც მოჰყვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფის შესახებ.
5.2. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ, ერთი და იმავე საუძვლით (ადვოკატის ავადმყოფობის გამო) ორჯერ წარუდგინა სასამართლოს განცხადება და როგორც პირველ შემთხვევაში (22.06.2021 წელს), ისე განმეორებით წარდგენილ განცხადებას არ ერთოდა მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა დარწმუნებულიყო, რომ მოსარჩელის ადვოკატის გამოუცხადებლობა სასამართლოს სხდომაზე განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, ცხადია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, სათანადო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, შეექმნა ვარაუდი იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი განცხადებები ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. მარტოდენ მხარის ახსნა-განმარტება კი ვერ მიიჩნეოდა სსკის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მტკიცებულებად.
5.3. პალატამ, სააპელაციო საჩივარის სფუძვლის შეფასებისას, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საავადმყოფო ფურცელზე, რომლითაც დასტურდებოდა მოსარჩელე მ.თ–ას წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც პირს ათავისუფლებს სამუშაო უფლებამოსილების შესრულებისგან, მისი შრომისუუნარობის გამო და მიიჩნია, რომ მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები ეთობლიობაში იძლეოდა მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2022 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განუხილველად დატოვება.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის წარმომადგენლის საავადმყოფო ფურცელზე და მიუთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ პირადად. კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე თავად გამოცხადდა მოსარჩელე და მიუხედავად ინფორმირებისა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე, საკუთარი ნებით უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო საჩივრით სადავოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობა.
13. სსსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ. №ას-738-2019, 19.12.2019წ.).
14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
15. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით 2021 წლის 16 ივნისს საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა, რომელიც შემდგომ გადაიდო 2021 წლის 23 ივნისს. 2021 წლის 22 ივნისს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 12 ივლისი. 2021 წლის 08 ივლისს საქალაქო სასამართლოს მიმართა მოსარჩელემ, მიუთითა, რომ მისი წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრებოდა სასამართლოს და ითხოვა სხდომის გადადება. მართალია, განცხადებას არ ერთვოდა წარმომადგენლის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მხარე მიუთითებდა, რომ დოკუმენტს წარმოადგენდა მომდევნო სხდომაზე, საავადმყოფო ფურცლის დახურვის შემდეგ. 2021 წლის 12 ივლისს სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მ.თ–ა, რომელმაც მხარი დაუჭირა შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე და აღნიშნა, რომ წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარების გარეშე ის თავს ვერ დაიცავდა სასამართლოში. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რის შემდეგაც მოსარჩელემ დატოვა სასამართლო სხდომა და ამავე სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
16. განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის საპროცესოსამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 241-ე მუხლი. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021).
18. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ ჰქონდა შესაძლებლობა ობიექტურად შეეფასებინა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიობა, ვინაიდან, მოსარჩელემ ორჯერ წარადგინა განცხადება ერთი და იგივე საფუძვლით (მისი წარმომადგენლის ავადმყოფობა), წარდგენილ შუამდგომლობებს არ ერთვოდა მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება ვერ მიიჩნეოდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მტკიცებულებად. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეტანილ საჩივარს, მას ერთვოდა საავადმყოფო ფურცლები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის წარმომადგენლის შრომისუუნარობას 2021 წლის 19 ივნისიდან 2021 წლის 13 ივლისამდე (სასამართლო სხდომები დანიშნული იყო 23 ივნისს და 12 ივლისს). შესაბამისად, დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებები არ ემსახურებოდა გაჭიანურების მიზანს, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის წარმომადგენელი გათავისუფლებული იყო შრომითი მოვალეობის შესრულებისგან და მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ და განაახლა საქმის წარმოება.
19. საკასაციო საჩივარში კასატორი ასევე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვინაიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ პირადად. სასამართლო სხდომაზე თავად გამოცხადდა მოსარჩელე და მიუხედავად ინფორმირებისა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე, საკუთარი ნებით უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
20. საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ადვოკატის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს უშუალოდ მხარეს და აღნიშნული მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას/ძალაში დატოვებას დაედოს საფუძვლად. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს ანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მხარე ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (მრავალთა შორის იხ. სუსგ.: Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; №ას-1277-1197-2017, 1 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-853-797-2017, 28 ივლისი, 2017 წელი).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წინამდებარე საქმეზე დადგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ გამოუცხადებელ მხარეს საქმის გაჭიანურების მიზანი ამოძრავებდა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გააუქმა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. მხარეებმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. განსახილველ შემთხვევაში კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი