Facebook Twitter

№ას-1321-2022

27 დეკემბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა; სს „ს.კ. ჯ. ჰ–ის“ შეგებებული სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 310 000 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრები წარადგინეს მხარეებმა. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით მოპასუხემ) მოითხოვა 2022 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ) - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით, სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები) და აღნიშნულ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტი).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებებზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის წარმოების განახლებასა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 01 დეკემბერს, საკასაციო პალატას მხარეებმა მომართეს, წარმოადგინეს მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებას და მიიჩნევს, რომ სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: 1) სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ უარს ამბობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ წარდგენილ შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნებზე და თანხის - 310 000 ლარის უკან დაბრუნებაზე; 2) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიმართ წარდგენილ 4 687 000 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნაზე; 3) ამ მორიგების პირობებით განსაზღვრულ ნაწილში, მხარეებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 24.01.2017 წლის N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთმანეთის მიმართ სხვა რაიმე პრეტენზია არ ექნებათ.

მორიგების აქტს ხელს აწერენ სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ გენერალური დირექტორი - პ.ლ–ძე (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ტ.5, ს.ფ. 220-222) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - გ.ც–ძე (იხ. 21.12.2022 წლის მინდობილობა - ერთვის საქმეს).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მორიგების აქტის ფარგლებში, მხარეებმა ფაქტობრივად, განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა - რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელსა და სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ შეგებებულ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქ/პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 49-ე (2), 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა ორმხრივი შუამდგომლობა სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის განჩინება სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საჩივრის დაკმაყოფილების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ამავე სასამართლოს 2022 წლის 04 ივლისის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელსა და სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ შეგებებულ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;

5. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე