3 ნოემბერი, 2022 წელი,
საქმე #ას-956-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.ს–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.ც.ნ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საზოგადოება ან შპს) პარტნიორებმა გ.გ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) და ა.ს–ვამ 2016 წლის 10 მაისს პარტნიორთა კრებაზე მოსარჩელის კუთვნილი 50%-იანი წილის მოპასუხისთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
2. 2016 წლის 10 მაისს მხარეებს შორის წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო და მოსარჩელემ საზოგადოების 50%-იანი წილი მოპასუხეს - 300 000 აშშ დოლარად მიჰყიდა, ეს უკანასკნელი საზოგადოების 100%-იანი წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა (იხ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან).
2.1. მყიდველს 100 000 აშშ დოლარი 2016 წლის 16 მაისამდე, 100 000 აშშ დოლარი იმავე წლის 29 ივნისამდე, ხოლო 100 000 აშშ დოლარი 2016 წლის 16 აგვისტომდე უნდა გადაეხადა.
3. შეთანხმების საფუძველზე, მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასის ნაწილი -100 000 აშშ დოლარი აუნაზღაურა.
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მაისის #003661919 დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, ექსპერტიზის დასკვნა), იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მისაღები 200 000 აშშ დოლარი მოხმარდებოდა 2012 წლის 2 თებერვალსა და 2015 წლის 11 აგვისტოს გარიგებების თანახმად, კერძო პირებისგან სესხად აღებული 190 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დაფარვას, მოსარჩელეს კერძო პირების სასარგებლოდ საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო, 208 129 აშშ დოლარი, აღარ დაერიცხებოდა, შესაბამისად, აღნიშნული დაშვების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა - 208 129 აშშ დოლარია.
5. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
7. თბილისის საქალაქო სსამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ზიანის - 208 129 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კოვნენცია“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 408-ე მუხლები გამოიყენა.
8. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. საკასაციო საჩივრით მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10.1 კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ, მისი დირექტორობის პერიოდში უკანონოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი - 978 479.19 ლარი, რაც ნასყიდობის გაფორმებისას მისთვის ცნობილი არ ყოფილა, სწორედ ამის გამო დააკავა ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 200 000 აშშ დოლარი.
10.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, საეჭვო წარმომავლობის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე არ შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ გამართლებულია.
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის საფუძველზეც მყიდველი/მოპასუხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებული იყო, გადაეხადა მოსარჩელისათვის/გამყიდველისათვის ნასყიდობის საფასური. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მყიდველმა ეს ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეა, კერძოდ, მოსარჩელეს - 100 000 აშშ დოლარი აუნაზღაურა. ამდენად, კასატორის ჯამური დავალიანება - 200 000 აშშ დოლარია.
15. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს.
სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე, რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობებია.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ-ები: №ას- 15-29-1443-2012; №ას-973-1208-04; №ას- 664-635-2016).
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნასყიდობის საზღაურის დაკისრებას მოითხოვს და განმარტავს, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, მხოლოდ - 100 000 აშშ დოლარი აუნაზღაურა. მოსარჩელის მითითების საპირისპიროდ, კასატორი/მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელემ ნაკლიანი ნასყიდობის საგანი გადასცა, კერძოდ, მისი დირექტორობის პერიოდში უკანონოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი - 978 479.19 ლარი, რაც ნასყიდობის გაფორმებისას მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
17. კასატორის ამ მითითებას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავისას გამოიყენება სსსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტი, როდესაც ფაქტის მიმთითებელი მხარე, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე, ვალდებულია, წარადგინოს განკუთვნადი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, ვითარებას ცვლის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა სპეციფიკურობა - ხელშემკვრელ მხარეებად გვევლინებიან მეწარმეები, რომელთა მიმართ კანონი, განსხვავებით სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივი სუბიექტებისაგან, წინდახედულობის უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. ამგვარი მიდგომა ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, შესაბამისად, მტკიცების ზოგადპროცესუალური სტანდარტისაგან განსხვავებით, მატერიალური კანონმდებლობა ადგენს, რომ თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება (სსკ-ის 495.1 მუხლი).
ამდენად, მეწარმეთა შორის ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის თაობაზე წარმოშობილი დავისას არაჯეროვანი შესრულების მტკიცება ეკისრება შემძენს, რომელიც კანონით განსაზღვრული წინადახედულობის დარღვევის შემთხვევაში კარგავს შედავების უფლებას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის ქვაკუთხედს ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისირება წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდა, რომ მეწარმე გამყიდველი ნივთის ნაკლის გამო დუმდა, იგი სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით ვერ დაიცავს თავს (სსკ-ის 495.2 მუხლი), თუმცა, ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნორმის წინაპირობების არსებობა - საქონლის ნივთობრივი ნაკლი, რომლის თაობაზეც განზრახ დუმდა გამყიდველი (შდრ. სუსგ. Nას-373-347-2017, 27.10.2017წ).
18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მყიდველმა/კასატორმა მიიღო ნასყიდობის საგანი, ამასთან, მტკიცებულება, რომელიც ნივთის ნაკლის გამო, შედავებას დაადასტურებდა საქმეში არ წარდგენილა და შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა გამყიდველის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ ნაკლის მქონე ნასყიდობის საგნის გადაცემა, რისი გათვალისწინებითაც შემძენი ვალდებულია, სსკ-ის 477.2 მუხლის შესაბამისად, გადაუხადოს მოსარჩელეს ნასყიდობის საფასურის აუნაზღაურებელი ნაწილი - 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
20. კასატორი გასაჩივრებულ განჩინებას ზიანის ანაზღაურების დაკისრების თვალსაზრისითაც უმართებულოდ მიიჩნევს.
21. კასატორის არგუმენტის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ზოგად ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლი წარმოადგენს, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
დასახელებული ნორმის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 და 412-ე მუხლებზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასახელებული ნორმების ძირითადი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
22. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის წარუმატებლობას მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობების არასაკმარისობა და უსაფუძვლობა განაპირობებს, კერძოდ:
23. მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვება მხოლოდ სათანადო და დეტალური დასაბუთების პირობებში. საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელის სტადიაზე, მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნულია: იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მისაღები 200 000 აშშ დოლარი მოხმარდებოდა კერძო პირებისგან, 2012 წლის 2 თებერვალსა და 2015 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების თანახმად აღებული 190 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დაფარვას, მოსარჩელეს კერძო პირების სასარგებლოდ საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო - 208 129 აშშ დოლარი, აღარ დაერიცხებოდა, შესაბამისად, აღნიშნული დაშვების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა - 208 129 აშშ დოლარია.
24. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის უარყოფითი შედეგები. ზიანის დაკისრებისთვის აუცილებელი გარემოების დასადასტურებლად ასევე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ მოპასუხისთვის გ.გ–ას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ცნობილი იყო და მოსარჩელე საზოგადოების წილს არსებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვის მიზნით ასხვისებდა.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილსაც რომლის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა მოსარჩელესა და შალვა საბახტარიშვილს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი გამსესხებელი ან მესამე პირი) შორის 2012 წლის 2 თებერვალს, გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი სესხის ხელშეკრულება) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 120 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2% თვეში, სესხის დაბრუნების ვადა - 2017 წლის 2 თებერვალი (ხუთი წელი);
26. კახაბერ გიუნაშვილსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე გამსესხებელი ან მესამე პირი) და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სესხის ხელშეკრულება) შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 70 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1.8% თვეში, სესხის დაბრუნების ვადა - 2019 წლის 11 აგვისტო (ოთხი წელი);
27. ექსპერტიზაზე ასევე წარდგენილ იქნა მოსარჩელესა და გამსესხებლებს შორის 2019 წლის 22 და 28 მაისის ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმებები, 2012 წლის 2 თებერვლისა და 2015 წლის 11 აგვისტოს მარტივი ფორმით შედგენილ სესხის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, პირველ სესხთან მიმართებით გადასახდელი ძირითადი თახაა - 120 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 57 600 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადასახდელი პროცენტი - 66 800 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო -102 280 აშშ დოლარია.
მეორე სესხთან მიმართებით, გადასახდელია ძირითადი თანხა - 70 000 აშშ დოლარი, ასანაზღაურებელი სარგებელი კი, 11340 აშშ დოლარია.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
29. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა არ ეფუძნება საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ექსპერტიზისთვის წარდგენილი მტკიცებულებებიდან 2012 წლის 02 თებერვლის და 2015 წლის 11 აგვისტოს გარიგებები, რომლითაც მოპასუხის მტკიცებით სესხის სახით სოლიდური მოცულობის თანხები აქვს მიღებული სანოტარო წესით დამოწმებული არაა.
ამავდროულად, იმავე მხარეებს შორის სანოტარო წესითაა დამოწმებული 2019 წლის 22 და 28 მაისის ორი შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა დამატებით განსაზღვრეს სესხის ძირითადი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებანი.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების არსებობის პირობებში უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს გარიგების გაფორმების რეალური თარიღი, რომლის შეცვლა მხარეებს შემდეგ აღარ შეუძლიათ.
ამასთან არასანოტარო ფორმით შედგენილი ხელშეკრულების წარმოდგენისას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთლიანად ამ მტკიცებულებაზეა დამოკიდებული მხარისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხი, გარიგების რეალობა და/ან სესხის ხელშეკრულების კონკრეტულ თარიღში შედგენა სხვა გარემოებებითაც უნდა იყოს დადასტურებული. ამდენად, მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით შეიძლება უტყუარად გაქარწყლდეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ არასანოტარო ფორმით შედგენილი მტკიცებულება მოგვიანებითაა შექმნილი და მისი წარმოდგენის მიზანია, მხარისთვის დასაკისრებელი ზიანის რეალობის დასაბუთება ან გაზრდა.
შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებების შედგენის თარიღის უტყარად დადგენის შეუძლებლობის პირობებში ამავე მტკიცებულებების საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში და კრიტიკულად შეფასებისას მათი შინაარსის რეალობა და ზოგადად ხელშეკრულებაში დასახელებულ მხარეთა შორის სესხის ურთიერთობის არსებობა ეჭვქვეშ დგება.
30. წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობა, ასევე ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ა.ს–ვასთვის ნასყიდობის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის უარყოფითი შედეგები გარიგების გაფორმებისას არ იყო ცნობილი, მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულად აცლის საფუძველს და სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების ნაწილში.
31. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
31.1. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
31.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარისა და 208 129 აშშ დოლარის დაკისრებას, ე.ი. დავის საგნის (სარჩელის) ფასია 408 129 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა 200 000 აშშ დოლარი, რაც დავის საგნის ფასის 49% - ს შეადგენს და საპროცესო ხარჯებიც მხარეებს შორის ანალოგიური პროპორციით უნდა განაწილდეს.
31.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების, სათანადო პროპორციული ოდენობის - 4509.27 ლარის ანაზღაურება. ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 11 000 (5000+6000) ლარიდან, სათანადო პროპორციული ოდენობის - 5610 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა.ს–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.გ–ას სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ა.ს–ვას გ.გ–ას სასარგებლოდ დაეკისროს - 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 208 129 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. ა.ს–ვას გ.გ–ას სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების, სათანადო პროპორციული ოდენობის - 4509.27 ლარის ანაზღაურება;
7. გ.გ–ას ა.ს–ვის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 11 000 (5000+6000) ლარიდან, სათანადო პროპორციული ოდენობის - 5610 ლარის ანაზღაურება;
8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე