საქმე №ას-1020-2022
1 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი.მ–ის სარჩელი მოპასუხე შ.მ–ის მიმართ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ი.მ–ი, როგორც 14.06.2013 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის გ.მ–ის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრე, ცნობილ იქნა სამკვიდრო ქონების მდებარე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...., მე-12 ქუჩა №31, საკადასტრო კოდით № ....., 1/4 წილის მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით შ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ.მ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით შ.მ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 625 ლარის ქვითრის დედანი.
2022 წლის 3 ოქტომბერს კასატორის რწმუნებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ათი დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შ.მ–ის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა: კასატორს 10 დღით გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მას განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 625 ლარის ქვითრის დედანი.
2022 წლის 21 ნოემბერს კასატორის რწმუნებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი. სარჩელზე ან უკვე წარდგენილ საჩივარზე უარის თქმა კი დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს, რომლით სარგებლობის შემთხვევაშიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მითითებული კოდექსის 378-ე მუხლი კი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტისას მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რაც მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზებას წარმოადგენს. ვინაიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ (იხ. რწმუნებულება ტომი I, ს.ფ. 68-69), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და შ.მ–ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შ.მ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება შ.მ–ის საკასაციო საჩივარზე (მოსარჩელე - ი.მ–ი; მოპასუხე - შ.მ–ი; დავის საგანი - სავალდებულო წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა);
3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე