3 ნოემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-1117 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი (მოსარჩელე)
ლ.ყ–ი (მოსარჩელე) მხარდამჭერი პირები - ნ.ზ–ძე, თ.ს–ძე, მ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მახრე ან სააგენტო) და ლ.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, მხარდაჭერის მიმღები ან ბენეფიციარი) მხარდამჭერი პირების, ნ.ზ–ძის, თ.ს–ძისა და მ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მხარდამჭერი პირები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მხარდაჭერის მიმღების სასარგებლოდ, მისი კუთვნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან (სოციალური პაკეტი) გატანილი და განკარგული თანხის - 8265 ლარის დაბრუნება დაეკისრა, ნ.მ–ის საპენსიო ანგარიშზე. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, საპენსიო ანგარიშიდან თანხა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიტანა, ამასთან, არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას, რომ პენსია თუ, სრულად არ მოხმარდა მხარდაჭერის მიმღებს, ექვემდებარება დაბრუნებას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ლ.ყ–ი სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის „ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის“ ბენეფიციარია, დიაგნოზით - ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა.
4.4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), 1963 წლის 3 მაისს დაბადებული ლ.ყ–ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მხარდამჭერად ოჯახის წევრი, რძალი/მოპასუხე დაენიშნა შემდეგ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში - სოციალური პაკეტის/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღება/განკარგვა და წვრილმანი გარიგების დადება. (იხ. 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინება).
4.5. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემებში (პირადი, საიდენტიფიკაციო და სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით), სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით) და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და თავისუფალი მიმოსვლის სფეროში ბენეფიციარის მხარდამჭერებად ასევე დაინიშნენ ძევრის შშმ პირთა პანსიონატის უფროსი ნ.ზ–ძე და იმავე პანსიონატის ექიმ-თერაპევტი თ.ს–ძე.
4.6. 2016 წლის 25 ოქტომბერსა და იმავე წლის 30 დეკემბერს, სს „ლ.ბ–ში“ მხარდაჭერის მიმღების საპენსიო ანგარიშიდან მოპასუხემ ჯამურად - 8265 ლარის გაიტანა, კერძოდ, 7000 ლარი, 905 ლარი, 2016 წლის ორი თვის სოციალური პაკეტი 360 ლარი და 2017 წლის იანვრის სოციალური პაკეტი 180 ლარი.
4.7. 2017 წლის 7 მარტს მოპასუხემ სააგენტოს აცნობა, რომ მხარდაჭერის მიმღების ანგარიშიდან გატანილი 7905 ლარიდან გახარჯა 150 ლარი, რომლითაც მხარდაჭერის მიმღებს პანსიონატში მიუტანა საკვები (ტკბილეული, ხაჭაპური და ლობიანი), ხოლო დარჩენილი 7000 ლარი სს „თ.ბ–ში“ საკუთარ ანგარიშზე შეიტანა.
4.7.1. მოპასუხემ მითითებული თანხის უკან დაბრუნება იკისრა, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა.
4.8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), სააგენტოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე მხარდამჭერის მოვალეობიდან სსკ-ის 1289-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებათა შეუსრულებლობის საფუძვლით გათავისუფლდა.
4.9. ბენეფიციარის მხარდამჭერად სააგენტოს სოციალური მუშაკი, ნ.ო–ძე დაინიშნა.
4.10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით კი, ნ.ო–ძე გათავისუფლდა მხარდამჭერის მოვალეობისგან და ბენეფიციარის მხარდამჭერად ძევრის შშმ პირთა პანსიონატის თანამშრომელი, მ.მ–ძე დაინიშნა.
4.11. მხარდამჭერად დანიშვნიდან ექვსი თვის მანძილზე მოპასუხეს მხარდაჭერის მიმღები არ მოუნახულებია.
4.12. მოპასუხეს, მხარდაჭერის მიმღების ჯანმრთელობისა და შრომისუუნარობის გამო, სოციალური პაკეტის სახით განსაზღვრული ანგარიშიდან თანხა ბენეფიციარის ინტერესებისთვის არ განუკარგავს.
5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია მიუხედავად იმისა, მისი სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ, სარჩელის წარმატებულობა უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა მხარდაჭერის მიმღების სადეპოზიტო ანგარიშიდან გატანილი თანხის დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებს უნდა დაეფუძნოს.
6. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელებაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
7. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (შდრ. სუსგ Nას-191-183-2016, 19.04.16).
8. საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. ...ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს.
9. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
9.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
9.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
9.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
9.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
9.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
10. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისა და სადავო თანხის მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისათვის მოხმარების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, მან კი ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სახელდობრ;
10.1. დადაგენილია, რომ მხარდამჭერად დანიშვნიდან ექვსი თვის მანძილზე მოპასუხეს მხარდაჭერის მიმღები არ მოუნახულებია (იხ. მეორე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება). ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერსა და იმავე წლის 30 დეკემბერს, სს „ლ.ბ–ში“ მხარდაჭერის მიმღების საპენსიო ანგარიშიდან მოპასუხემ ჯამურად - 8265 ლარი გაიტანა და, ნაცვლად თანხის უკან დაბრუნებისა, 7000 ლარი სს „თ.ბ–ში“ საკუთარ ანგარიშზე შეიტანა.
10.2. ამასთან, საქალაქო სასამართლოში მისი შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს სადავო თანხის ბენეფიციარის საჭიროებისთვის განკარგვის ფაქტიც (იხ, მოწმე დავით და ნინო ყაველაშვილების ჩვენება).
11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან; შემდეგში: კონვენცია) პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ.
11.1. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, თითოეული პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტიან ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.
11.2. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარდამჭერის დანიშვნით მხარდაჭერის მიმღების ინტერესების დაცვის ამოწურვა არ ხდება, რადგანაც საკითხი, თავისი სოციალური არსითა და ქვეყანაში პირის უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს გარკვეულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სსკ-ის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში), ასევე სსკ-ის 1293-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარება გარიგების დადებისას და სხვა, ექვემდებარება გადამოწმებას კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 13051-13055 მუხლები), გარდა ამისა, კანონი ადგენს ქმედით მექანიზმს დაწესებული მხარდაჭერის შეწყვეტისათვის (სსკ-ის 13041 მუხლი), ისევე, როგორც ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების მოთხოვნის წარდგენას სასამართლოსათვის საკუთარი მოვალეობებისაგან მხარდამჭერის გათავისუფლების თაობაზე (სსკ-ის 1301-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (შდრ. სუსგ. №ას-982-914-2017, 14.05.2018წ.).
12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარდაჭერის მიმღებსა და მხარდამჭერს შორის არსებული ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმატიულ დანაწესთა გაანალიზება გვაძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მხარდამჭერად დანიშნულ პირს უპირველეს ყოვლისა დაკისრებულ მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულება მოეთხოვება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა აშკარაა, კერძოდ, სახეზეა მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი თანხების კანონსაწინააღმდეგოდ განკარგვა რაც ქმნის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემადგენლობას (მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი დამრღვევის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს - 8265 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
14. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 413.25 ლარის (საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 15.11.2021წ), 70% - 289.27 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.მ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 413.25 ლარის (საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 15.11.2021წ), 70% - 289.27 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე