Facebook Twitter

საქმე №ას-495-2021 29 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „დამსაქმებელი“, „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.09.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მოსარჩელე 13.07.2015 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, განსაზღვრული ვადით. ხელშეკრულებების ვადა გრძელდებოდა პერიოდულად.

4.2. 26.08.2019 წლის №411 დადგენილებით დაფუძნდა მოპასუხე სააგენტო, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლეა. 18.09.2019 წელს მოსარჩელეს ჩაჰბარდა რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ შეტყობინების/გაფრთხილების ფურცელი, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება და გათავისუფლება.

4.3. მოპასუხის 15.10.2019 წლის წერილით, რეორგანიზაციის შედეგების მიხედვით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება/შეთავაზება მისი შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებით 18.11.2019 წლიდან 31.12.2019 წლის ჩათვლით, დარიცხული ხელფასით - თვეში 1100 ლარით. შეთავაზებაზე მოსარჩელე დასთანხმდა (წარმოდგენილია მოსარჩელის ხელმოწერილი შეტყობინების/თანხმობის ფურცელი, ს.ფ. 121), რის საფუძველზეც მოპასუხემ 15.11.2019 წელს გამოსცა ბრძანება მოსარჩელის შტატგარეშე თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით (ს.ფ. 122,123).

4.4. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელე 2020 წლის იანვარშიც აგრძელებდა მოპასუხესთან შრომით ურთიერთობას, რასაც ადასტურებს მისთვის იანვრის ხელფასის (862. 40 ლარის) ჩარიცხვაც. დავას არ იწვევს ის გარემოებაც, რომ 01.02.2020 წლიდან მოსარჩელე არ დაუშვეს სამსახურში, რის საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა ხელშეკრულების ვადის გასვლაზე.

4.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. პალატამ აღნიშნა, რომ გამოსაკვლევია, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა თუ არა ხსენებული ნორმის დაცვით. უფრო კონკრეტულად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისათვის საკვანძო საკითხია იმ გარემოების დადგენა და შეფასება, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება.

4.6. სშკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. როდესაც სადავო ხდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებით შრომითი ხელშეკრულების დასრულების საკითხი, მტკიცების ვალდებულება აწევს იმ პირს, ვინც ამ გარემოებას სადავოდ ხდის. თუკი ვადის გამო ხელშეკრულების შეწყვეტას ეცილება დასაქმებული, სწორედ ისაა ვალდებული, ამტკიცოს ხელშეკრულებაში მოცემულისაგან განსხვავებული ვადით შრომის ხელშეკრულების არსებობა და პირიქით – თუკი დამსაქმებელი ხდის სადავოდ ხელშეკრულებაში ასახულ ვადას, მტკიცების ტვირთი აწევს მას. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში გამოიყენება მტკიცების ტვირთის სტანდარტული განაწილების პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსკ) 102-ე მუხლის საფუძველზე, განსხვავებით, დასაქმების შეწყვეტის ზოგიერთი საფუძვლის დროს მტკიცების ტვირთის განაწილებისაგან (იხ. „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017წ. გვ. 241).

4.7. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წლის N158 კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფომ ადეკვატური ზომები უნდა გამოიყენოს ისეთი განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისაგან დასაცავად, რომლის მიზანია კონვენციის პრინციპების დაცვის გამორიცხვა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 1982 წლის N166 რეკომენდაციის მე-3 მუხლი კი უთითებს, რომ განსაზღვრული ვადის ხელშეკრულება შეიძლება შეზღუდულად გაფორმდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს სამუშაოს ხასიათით ან სხვა საპატიო გარემოებებით არის განპირობებული. ამავე ნორმის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ თუნდაც განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება უვადოა.

4.8. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2015 წლიდან გათავისუფლებამდე უწყვეტად იყო დასაქმებული მოპასუხე სააგენტოში და, მიიჩნევს, რომ შრომითი ხელშეკრულებების განგრძობადი ხასიათიდან გამომდინარე, მიუხედავად მათი განსაზღვრული ვადით დადებისა, მიჩნეული უნდა იქნეს უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობად. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის გადაწყვეტილება. მითითებული მტკიცების საწინააღმდეგოდ პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ურთიერთობა იყო მხარეთა შორის 2015 წლიდან (ვადიანი თუ უვადო), განმსაზღვრელია ის, თუ რა ურთიერთობა ჩამოყალიბდა 16.09.2019 წლის შემდეგ, რეორგანიზაციის შედეგად. პალატამ ხაზგასმით მიუთითა, რომ რეორგანიზაციის დაწყების შესახებ პირადად ეცნობა მოსარჩელეს და გაფრთხილდა შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაძლო შემცირებისა და გათავისუფლების თაობაზე. სწორედ ამ რეორგანიზაციის შედეგების მიხედვით, 15.10.2019 წლის წერილით მოსარჩელეს შესთავაზეს შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობა კონკრეტული ვადითა და ანაზღაურებით, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა და მოპასუხემ გამოსცა შესაბამისი ბრძანება. პალატის შეფასებით, აღნიშნული შეთავაზების, მოსარჩელის მიერ გაცემული თანხმობისა და მოპასუხის ბრძანების საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობებზე - შტატგარეშე სამსახურზე, ვადასა და ხელფასზე. ყოველივე ადასტურებს იმას, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა შტატგარეშე, ვადიანი შრომითი ურთიერთობა და დასაქმებულისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა 31.12.2019 წლის ჩათვლით. ამასთან, მოსარჩელეს რაიმე სახის პრეტენზია რეორგანიზაციის პროცესთან ან მის შედეგებთან დაკავშირებით, არც დავის სასამართლოში აღძვრამდე და არც სასარჩელო განცხადებაში, არ გამოუთქვამს (იხ. სარჩელი, დავის ფაქტობრივი გარემოებები).

4.9. პალატამ გაიზიარა მოპასუხის მითითება მასზე, რომ განსახილველ შემთხვევაზე სშკ-ის მე-6 მუხლის გავრცელება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წლების მანძილზე დასაქმებული იყო სახაზინო დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ გადაიყვანეს შტატგარეშე მოსამსახურედ, განსაზღვრული ვადით, რომლის ამოწურვის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდებოდა 30 თვეზე მეტ ხანს, სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის ის უვადოდ დასაქმებულად ვერ მიიჩნევა, რადგან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ რეორგანიზაციის შედეგად, 18.11.2019 წლიდან გადაიყვანეს შტატგარეშე მოსამსახურედ განსაზღვრული ვადით, რომლის ამოწურვის შემდეგ დაითხოვეს სამსახურიდან.

4.10. ამდენად, მხარეთა შორის 2015 წლიდან არსებობდა შრომითი ურთიერთობა. რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელე გათავისუფლდა შტატით გათვალისწინებული თანამდებობიდან და მისივე თანხმობით დაინიშნა ვადიან, შტატგარეშე მოსამსახურედ. ვადის ამოწურვის გამო კი, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. რეორგანიზაცია მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და მის შედეგებს არ შედავებია. ამ მოცემულობაში, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

4.11. პალატამ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა. სასამართლოს განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, შესაბამისი დასაბუთების მოთხოვნისა და სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის ქრონოლოგიის შესაბამისად, მოსარჩელემ კანონით დადგენილ 30-დღიან ვადაში მიმართა სასამართლოს. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით იგი პირველი თებერვლიდან სამსახურში არ დაუშვეს, შესაბამისად, სადავო არ არის, რომ ამ დღიდან მისთვის ცნობილი იყო დათხოვნის შესახებ. მოსარჩელის მითითებით, 4 თებერვალს მან გამოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების თაობაზე ინფორმაცია (მხარეთა მიერ აღნიშნული წერილობითი მიმართვა წარმოდგენილი არ არის). 17 თებერვალს დამსაქმებელმა მოთხოვნის შესაბამისად დასაქმებულს გაუგზავნა დოკუმენტები, რომელიც მოსარჩელემ მიიღო 26 თებერვალს. ამდენად, 30-დღიანი ვადის ათვლის პირობებში, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, სასამართლოსათვის მიემართა არაუგვიანეს 27 მარტისა. წარმოდგენილი ცნობის თანახმად, სარჩელი ფოსტას ჩაჰბარდა 27.03.2020 წელს, ხოლო სასამართლოში დარეგისტრირდა 30.03.2020 წელს. საქალაქო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ სარჩელის რეგისტრაციის თარიღი და არ გამოუკვლევია მისი ფოსტისათვის გადაცემის დრო, რაც სსსკ-ს 61.3 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. განმეორებითი სარჩელიც მოსარჩელემ შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 04.04.2020 წელს, გასაჩივრების ვადის გათვალისწინებით ამ ვადას უნდა დაემატოს 12 დღე და ხელახალი 30 დღის შესაბამისად, სარჩელი წარდგენილია ისევ ფოსტის მეშვეობით 6 მაისს, რაც თავსდება კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შესაბამისად დგინდება, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში და მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

8. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ).

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი) (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31.07.2019წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა ან წყდება შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ისე უარყო სარჩელი, რომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია, სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

11. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) ქვეპუნქტზე. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ამ საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებული შედავება წარმოდგენილი არ არის, რომ:

12.1. მოსარჩელე 13.07.2015 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, განსაზღვრული ვადით და პერიოდულად უგრძელდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

12.2. 26.08.2019 წლის №411 დადგენილებით დაფუძნდა მოპასუხე სააგენტო, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლეა.

12.3. 18.09.2019 წელს მოსარჩელეს ჩაჰბარდა რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ შეტყობინების/გაფრთხილების ფურცელი, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება და გათავისუფლება.

12.4. მოპასუხის 15.10.2019 წლის წერილით, რეორგანიზაციის შედეგების მიხედვით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება/შეთავაზება მისი შტატგარეშე მოსამსახურედე განწესებასთან დაკავშირებით 18.11.2019 წლიდან 31.12.2019 წლის ჩათვლით, დარიცხული ხელფასით - თვეში 1100 ლარით. აღნიშნულ შეთავაზებას მოსარჩელე დათანხმდა (წარმოდგენილია მოსარჩელის ხელმოწერილი შეტყობინების/თანხმობის ფურცელი, ს.ფ. 121), რის საფუძველზეც მოპასუხემ 15.11.2019 წელს გამოსცა ბრძანება მოსარჩელის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან შტატგარეშე თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით (ს.ფ. 122,123).

12.5. სადავო არ არის, რომ მოსარჩელე 2020 წლის იანვარშიც აგრძელებდა მოპასუხესთან შრომით ურთიერთობას, რასაც ადასტურებს მისთვის იანვრის თვის ხელფასის ჩარიცხვაც. 01.02.2020 წლიდან მოსარჩელე არ დაუშვეს სამსახურში.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, თავისთავად წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ამ საფუძვლით პირდაპირ არ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, არამედ შესთავაზა დასაქმებულს შტატგარეშე პოზიციაზე გადაყვანა 31.12.2019 წლის ჩათვლით, დარიცხული ხელფასის 1100 ლარით განსაზღვრული პირობით (იხ.: სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ახალი საშტატო ნუსხის შესაბამისად, თანამდებობაზე გადასაყვანი/გადასანიშნი თანამშრომლების პოზიციური და პერსონალური იდენტიფიცირებისთვის და აგრეთვე, სშკ-ის საფუძველზე სამსახურიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა (ყოფილი სსიპ-ის შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან) სიის განსაზღვრის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაკეთებული შეთავაზება, ს.ფ.120), რასაც დასაქმებული დაეთანხმა (ს.ფ.121). ამასთან, გაურკვეველია, როგორ მიიჩნია დამსაქმებელმა 31.12.2019 წელს ამოწურული ვადა ერთი თვის შემდეგ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად.

14. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ისეთ პირობებში, როდესაც დადგენილია რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების ნაცვლად დასაქმებულის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან სხვა თანამდებობაზე მისივე თანხმობით გადაყვანა და რეორგანიზაციის კანონიერება, ისევე როგორც მოსარჩელის შტატგარეშე პოზიციაზე გადაყვანის შესახებ 15.11.2019 წლის ბრძანება (მისი საფუძველი), შედავებული არ არის (იხ. სარჩელი), სამართლებრივად არარელევანტურია ამ ბრძანების გამოცემამდე არსებული ურთიერთობების შეფასება და ვერც თავად 15.11.2019 წლის ბრძანება/ახალი შრომითი ხელშეკრულება მიიჩნევა უკანონოდ.

15. სშკ-ის მე-6 მუხლის თანახმად (1-12 ნაწილები), შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ამავე მუხლის 12 ნაწილით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. კანონმდებელმა, დასაქმებულის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი შრომის ხელშეკრულებები გარკვეულ რეგულაციას დაუქვემდებარა (შდრ:. სუსგ №ას-1330-1250-2017, 12.11.2018წ.; სუსგ №ას-1251-1191-2014, 12.02.2016წ.; №ას-792-2019, 18.02.2021წ.; შტატგარეშე თანამშრომელთან დაკავშირებით იხ. სუსგ Nას-1076-2020, 02.12.2020 წ.).

16. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით არის დადებული. ხელშეკრულებით მხარეები წინასწარ თანხმდებიან, რომ შეთანხმებული ვადის გასვლისა თუ სამუშაოს შესრულების შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდება. ამ გარემოებათა დადგომა, როგორც წესი, უპირობოდ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, სშკ-ის მე-7 მუხლის შესაბამისად, მხარეთა ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა. ასეთ დროს ივარაუდება, რომ მხარეთა მიერ მოხდა ხელშეკრულების პირობის მოდიფიცირება და მისი გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით. განსხვავებულად შეფასდება შემთხვევა, თუ მხარეთა შორის არსებობს დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ (იხ. სოფიო ჩაჩავა, შრომის ხელშეკრულების ნებაზე დამოკიდებული და მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი შეწყვეტა – 12.06.2013 წლის ცვლილებებით დამკვიდრებული ახალი კლასიფიკაცია, შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები, თბილისი, 2014წ. (GIZ), გვ. 85).

17. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის იანვარში შრომითი ურთიერთობის გაგრძელება და ფაქტი მასზე, რომ ახალი ხელშეკრულება წერილობით არ დადებულა, სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია, რა ფაქტობრივი წინაპირობებით იყო აღნიშნული განპირობებული. კერძოდ:

17.1. ხომ არ იყო ეს შრომითი ურთიერთობის უნებლიე გაგრძელება. სშკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გავიდა, მაგრამ, სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, დასაქმებული ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, სანამ ასეთი ვითარება არ დასრულდება, ხოლო დამქირავებელი ვალდებულია მისცეს მას შრომის ანაზღაურება. ასეთი გადაუდებელი ვითარების არსებობისას დამსაქმებლის ვალდებულებაა დასაქმებულს აუნაზღუროს მხოლოდ იმ პერიოდის ხელფასი, რა დროსაც ის აგრძელებდა სამუშაოს შესრულებას.

17.2. ხომ არ მოხდა შრომის ხელშეკრულების არსებით პირობებზე ზეპირად შეთანხმება, რომელთა შესაბამისად გააგრძელა მოსარჩელემ ურთიერთობა; ასევე, თავად ვადაში (31.12.2019 წლამდე) მოქმედი ხელშეკრულება ხომ არ ითვალისწინებდა ვადის ამოწურვისას ურთიერთობების ფაქტობრივად გაგრძელების შემთხვევაში იმავე ან განსხვავეული პირობებით ხელშეკრულების მოქმედების წესს. უნდა დადგინდეს, ურთიერთობა გაგრძელდა განსაზღვრული ვადით თუ უვადოდ.

18. პალატა აქვე დამატებით განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ ვერ დაადასტურა შრომითი ურთიერთობის 2020 წლიდან (სშკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) კონკრეტული ვადით შემოფარგვლის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, ხელშეკრულების წერილობით გაუფორმებლობა თავისთავად არ არის საკმარისი ხელშეკრულების 3 თვემდე ვადით დადებულად მიჩნევისათვის, თუ დამსაქმებელს არა აქვს სათანადოდ დასაბუთებული აღნიშნულის გამამართლებელი გარემოება (შდრ. სუსგ Nას-137-2022, 15.07.2022წ.). ფორმადაუცველობის მოტივით შრომითი ხელშეკრულების ბათილად მიჩნევა სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის თავად სშკ-ის მიზნებთან. წერილობითი ფორმის დაწესება მიზნად ისახავს დასაქმებულის დაცვას ბუნდოვანი და არასრულყოფილად განსაზღვრული შრომის პირობებისაგან, ხოლო თუ ფორმადაუცველობა გარიგების ბათილობის წინაპირობად ჩაითვლება, დამსაქმებელს ეძლევა ფართო შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი უპირატესი მდგომარეობა ხელშეკრულების დადებისას და არ დაიცვას წერილობითი ფორმა, ხოლო შემდეგ, სადავოობისას მიუთითოს გარიგების ბათილობაზე (იხ. თამარ ხაჟომია, შრომის ხელშეკრულების ფორმა და არსებითი პირობები, შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები, GIZ, თბილისი, 2014, გვ. 31,32).

19. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკითხები გამოკვლეულ უნდა იქნეს საქმის მასალების საფუძველზე მოპასუხის მიერ შედავებულ ფარგლებში. მოპასუხე უნდა ედავებოდეს დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. ასევე, მტკიცების საგანი, რომელიც სამოქალაქო პროცესში წარმოადგენს სადავო მატარიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომლებზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. როგორც საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2021 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია