საქმე №ას-1375-2022 2 დეკემბერი, 2022 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე –ო.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.დ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება ო.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხეთა (კასატორთან ერთად მოპასუხეები იყვნენ: გ.მ–ი, ნ.დ–ი, დ.მ–ი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის განმარტებით, სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, რის გამოც საქმეში სოციალური მუშაკი უნდა ჩართულიყო, ვინც დასკვნას მოამზადებდა თუ რა გავლენის მოხდენა შეეძლო გამოსახლებას ბავშვებზე. კასატორის განმარტებით, მას სხვა საცხოვრებელი არ აქვს და ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას/ და 172.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება/ მუხლების დანაწესი.
4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:
4.2.1. ქ. თბილისში, ......, ბინაში N60 (ს/კ ......) მდებარე ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს;
4.2.2. მოპასუხე ფლობს უძრავ ქონებას და ის არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.
4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172.1-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ: ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
6. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.2021 წ; N ას-110-2022, 15.04.2022 წ.).
8. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესები სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კასატორი საკუთარი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელია და მას, როგორც კანონიერ წარმომადგენელს, ევალება შვილების ინტერესების ჯეროვანი დაცვა (იხ. სუსგ Nას-1016-2018, 30.11.2018 წ.).
9. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სადავო უძრავი ქონების მფლობელები არასრულწლოვნებიც არიან, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანიც ცხოვრობს, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს საკუთრების უფლება შეეზღუდოს. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით (იხ. სუსგ Nას-1454-2019, 24.04.2020 წ.).
10. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სასამართლოს განხილვაშია მესაკუთრის სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,...... თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად ვერ განიხილება.
11. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ'' (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).
12. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის განხილვის ფორმას განსაზღვრავს სასამართლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ანუ აღნიშნული საკითხი სასამართლოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, ვინაიდან საქმეზე დადგენილ იქნა ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავოდ არ გამხდარა არც ერთი მხარის მიერ, სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის ძალით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ N ას-504-2020, 19.11.2020 წ.).
13. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური