Facebook Twitter

საქმე №ას-508-2021 13 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს ,,ი.ს–სი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - იურიდიული ფირმა ,, B. P. L.’’

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინება

განხილვის საგანი - განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შპს „იურიდიული ფირმა B. P. L.-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, იურიდიული ფირმა) განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო:

1.1.1. ქ.ქუთაისში, ....... №-38 შენობაში შპს „ი.ს–სის“ (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებასა და პროდუქციას (სპირტი);

1.1.2. მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას, საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში სარჩელის მოთხოვნის - 3 848 028.5 ევროს (შემდეგში - სადავო თანხა) ფარგლებში.

2. ზემომითითებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, მოწინაამდეგე მხარის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადაიგზავნა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით:

4.1. მოპასუხის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.2. საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა;

4.3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4.4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო კერძო საჩივრის ავტორის საბანკო ანგარიშებზე 5 000 ლარს ზემოთ დარიცხულ თანხას, სადავო თანხის - 3 848 028.5 ევროს ფარგლებში.

5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების მე-4 პუნქტის განმარტების თხოვნით მოპასუხემ სასამართლოში განცხადება შეიტანა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის ხსენებული განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით:

7.1. მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა;

7.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და მოპასუხის შესაბამისი განცხადების განხილვის მიზნით საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით:

- ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების განმარტების შესახებ მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინების მე-4 პუნქტი შემდეგნაირად განიმარტა: „5000 ლარს ზემოთ, ანგარიშზე ჩარიცხულ თანხაში იგულისხმება მრავალჯერადად, ნებისმიერი ოდენობით განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად ჩარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხა დავის საგნის (3848028.50 ევრო) ღირებულების ფარგლებში“.

8.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ანალოგიური სახით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საბანკო ანგარიშების დაყადაღება სასამართლო პრაქტიკაში მრავლად გვხვდება. როგორც წესი, უზრუნველყოფის ამ სახის გამოყენებისას და კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს არ შეეხება ანგარიშზე ერთჯერადად ჩარიცხულ თანხებს, არამედ, შესაძლებელია, განხორციელდეს, მრავალჯერადი ჩარიცხვა, მანამ, სანამ დაყადაღებულ ანგარიშზე არსებული (ჩარიცხული) თანხა ჯამურად სადავო ოდენობას (განსახილველ შემთხვევაში - 3848028.50 ევროს) არ მიაღწევს, ამასთან, დაყადაღება შეეხება მხოლოდ ანგარიშზე 5 000 ლარს ზემოთ არსებულ/არაერთჯერადად ჩარიცხულ თანხებს, დავის საგნის ფარგლებში.

9. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინების მე-4 პუნქტის განმარტება მოითხოვა.

კერძო საჩივრის საფუძველი შემდეგია:

9.1. 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივრის განხილვისას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეზოლუციო ნაწილის იმგვარად განმარტების საჭიროება არსებობდა, რომლის შედეგადაც დადგინდებოდა - მოსარჩელეს ერთჯერადად თუ მრავალჯერადად შეეძლო განსაზღვრული ლიმიტით არსებული თანხის გამოყენება. მიუხედავად ამისა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. სააპელაციო სასამართლომ განმარტა ის, რაც მოპასუხეს არ უთხოვია, ამ უკანასკნელის ინტერესი არ იყო თანხის ჩარიცხვები, მოპასუხეს აინტერესებდა, თუ რა მოცულობით თანხის გამოტანა შეეძლო და, - რა პერიოდულობით, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.

9.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გაურკვეველია, დაყადაღებული თანხებიდან რამდენჯერ და რა პერიოდულობით 5 000 ლარით სარგებლობას შეძლებს მოპასუხე, რამდენადაც 5 000 ლარით ერთჯერადად სარგებლობა მოპასუხის იმ მიზნებს ვერ გააუმჯობესებს, რომელთა გათვალისწინებითაც მის მიმართ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება იქნა გამოყენებული.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

11. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას.

ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა.

საგულისხმოა ისიც, რომ, დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1762-2018, 27.02.2019).

12. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განსამარტი პუნქტის დათქმა ასეთია: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს კერძო საჩივრის ავტორის საბანკო ანგარიშებზე 5 000 ლარს ზემოთ დარიცხულ თანხას, სადავო თანხის - 3 848 028.5 ევროს ფარგლებში.

გასაჩივრებული განჩინებით კი, დასახელებული პუნქტი შემდეგნაირად განიმარტა: „5000 ლარს ზემოთ, ანგარიშზე ჩარიცხულ თანხაში იგულისხმება მრავალჯერადად, ნებისმიერი ოდენობით განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად ჩარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხა დავის საგნის (3848028.50 ევრო) ღირებულების ფარგლებში“.

13. პალატის შეფასებით, განჩინების ზემომითითებული პუნქტის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება სსსკ-ის 262.1 მუხლთან შესაბამისია, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

აღნიშნული განმარტების შედეგად გარკვევით დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის მთავარი არსი, რის შედეგადაც მისი შინაარსის ბუნდოვანებაც სრულად აღმოფხვრილია და აღარც განსამარტი განჩინების აღსრულების ხელის შემშლელი გარემოება იკვეთება.

14. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის ძირითადი არსი ისაა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გაურკვეველია, დაყადაღებული თანხებიდან რამდენჯერ და რა პერიოდულობით შეძლებს 5 000 ლარით სარგებლობას მოპასუხე; რამდენადაც 5 000 ლარით ერთჯერადად სარგებლობა მოპასუხის იმ მიზნებს ვერ გააუმჯობესებს, რომელთა გათვალისწინებითაც მის მიმართ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება იქნა გამოყენებული.

აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან, როგორც ზემოთ განიმარტა, გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორედ დასახელებული პრინციპის გათვალისწინებითაა მიღებული და საკასაციო პალატის დასკვნით 2019 წლის 10 მაისის განჩინების კერძო საჩივრის ავტორისეული დამატებითი განმარტება გარდაუვლად წარმოქმნის მისი შინაარსის სახეცვლის აუცილებლობას რაც როგორც აღინიშნა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 262-ე მუხლის დანაწესს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ი.ს–სის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე