საქმე №ას-140-2021 15 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმება, შესრულებული სამუშაოების ღირებულების სრულად ანაზღაურება, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება, უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უფლებამონაცვლეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ს.ს.გ.დ–ის (შემდეგში: მოპასუხე, გზების დეპარტამენტი, აპელანტი, კასატორი) საკასაციო პრეტენზიით ნაწილობრივ დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი - გზების დეპარტამენტს, საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს - 191 100 ლარის ნაცვლად დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლო - 95 550 ლარი, შპს „ე–სის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, შპს „რ.ქ.მ–ი“) სასარგებლოდ.
2. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის ხელშეკრულება 2017 წლის 17 მარტს დაიდო, რომლის ფარგლებშიც, კომპანიას 2 110 000 ლარის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, თუმცა, შეთანხმებულ ვადაში, 2018 წლის 30 ივნისისთვის ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ გაუგრძელდა ვადა, მაინც ვერ დაასრულა სამუშაოები. კომპანია, სამუშაო რესურსის სრულად მობილიზების შემთხვევაში ვალდებულებას დროულად და ჯეროვნად შეასრულებდა. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობისა და აქედან შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობის მიხედვით დაკისრებული პირგასამტეხლო სამართლიანი იყო.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი:
7.1. მხარეთა შორის 2017 წლის 17 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 59-ე კვ.მ-ზე არსებული გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 10 თვე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
7.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო და შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ღირებულებები უნდა ანაზღაურებულიყო ამავე ხელშეკრულების დანართი N5-ით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების (კვარტალური) გრაფიკის შესაბამისად.
7.3. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დამრღვევი მხარის ვალდებულებას მეორე მხარის მოთხოვნისთანავე პირგასამტეხლოს სახით გადაეხადა ხელშეკრულების ღირებულების 1%, არაუგვიანეს მოთხოვნიდან 5 საბანკო დღის ვადაში (ამავე ხელშეკრულების 7.1. მუხლი); (იხ. 17.03.2017წ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, დანართი N4 (ხარჯთაღრიცხვა), ტექნიკური დავალება, დანართი N5 (სამუშაოების შესრულების გრაფიკი), დამატებითი ინფორმაცია).
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. (იხ. სუსგ. ას-550-2022, 26.07.2022).
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
10. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
11. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
12. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რაც ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებაში გამოიხატა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საგანი მაღალმთიან რეგიონში არსებული გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო, რომლითაც მოსახლეობა სვანეთის მიმართულებით გადაადგილდება, ამასთან ბუნებრივია, აღნიშნულ სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ამდენად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ვადის გადაცილებით, კომპანიის პასუხისმგებლობა, შედეგად კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში მართებულად მიიჩნევს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებით გაეზარდა პირგასამტეხლო, კასატორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის ნახევრამდე - 95 550 ლარამდე, რაც ერთის მხრივს კომპანიისთვის ადეკვატური სანქციაა, ხოლო, მეორეს მხრივ შეუსაბამოდ არ დააზარალებს მხარის ეკონომიკურ ინტერესებს, ამასთან, შესრულებული ვალდებულების ანაზღაურების ვალდებულებაც შეუმცირდება კასატორს 95 550 ლარამდე, რაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში არ გამოიწვევს კომპანიის უსაფუძვლო გამდიდრებას.
15. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს.გ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე