საქმე № ას-631-2022 13 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ე–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ე–სის“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც გ.ნ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 20 300 ლარი (დაბეგრილი), ასევე, სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს გადახდა 20 300 ლარის 0.07% 2020 წლის 1 აპრილიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე. კომპანიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის განმარტებით, დასაქმებულმა მასზე დაკისრებული მოვალეობები არ შეასრულა, რის გამოც კომპანიას მიადგა ზიანი. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოები, რომლის მენეჯერიც იყო დასაქმებული, შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე შეცვალა, რამაც ხარჯების გაზრდა გამოიწვია.
3. კასატორის განმარტებით, უკანონოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლის მიხედვითაც კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა დაეკისრა, ვინაიდან, მოსარჩელეს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, რამაც კომპანიას ზარალი მიაყენა, თავად ჰქონდა დავალიანება კომპანიის წინაშე, ამავე მოტივითაა უსაფუძვლო დასაქმებულის მიმართ არსებულ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვა კომპანიისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა, არა მხოლოდ ხელფასის, არამედ სხვა გადასახდელებისგანაც შედგებოდა, რის გამოც, სახელფასო დავალიანების დაყოვნებისთვის, კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვერ გავრცელდება.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. მოსარჩელე, 2017 წლის 1 მარტიდან - 2020 წლის 1 მარტამდე დასაქმებული იყო კომპანიაში მშენებლობის მენეჯერის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 4 000 ლარს.
8.2. მხარეთა შორის, 2020 წლის 27 თებერვალს დაიდო შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მითითებული გარიგებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდებოდა 2020 წლის 1 მარტიდან. დასაქმებულს 3 (სამი) დღის ვადაში გადაცემული ქონებისა და საქმეების დამსაქმებლისათვის გადაბარების შესახებ.
8.3. შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელმა იკისრა ვალდებულება საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, დასაქმებულისათვის 20 300 (ოცი ათას სამასი) ლარის, 2020 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად გადახდის შესახებ. გარიგების მე-4 პუნქტში მოცემულია დასაქმებულის პირობა, რომლის მიხედვითაც შეთანხმებაზე ხელისმოწერით დასაქმებული ადასტურებდა, რომ მას არ ჰქონდა არავითარი მატერიალური მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ, გარდა ზემოაღნიშნული შეთანხმების მესამე პუნქტით განსაზღვრულისა. შეთანხმებაზე შესრულებული ხელმოწერები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
8.4. დასაქმებულმა, 2020 წლის 14 აპრილს მიმართა კომპანიას 20 300 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც კომპანიას არ გადაუხდია.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელეს კომპანიისგან 2018 წლის აპრილის, მაისის ივნისის, ივლისის, აგვისტოს თვის ხელფასის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 2 000 ლარი. სექტემბერში - 2 400 ლარი, ოქტომბრის თვის ხელფასი - 2 000 ლარი, ნოემბრის თვის ხელფასი - 2 000 ლარი, დეკემბრის თვის ხელფასი 1 000-1 000 ლარი ორ ნაწილად, 2019 წლის იანვრის თვეში - 2 000 ლარი, 2019 წლის თებერვლის თვეში - 2 000 ლარი, 2019 წლის მაისის თვის ხელფასი - 2 000 ლარი, ივნისი - 2 000 ლარი, ივლისის თვის ხელფასი ორ ნაწილად 1 000- 1 000 ლარი, აგვისტოს თვის ხელფასი - 2 000 ლარი, სექტემბრის თვის ხელფასი - 2 000, ოქტომბრის თვის ხელფასი - 2 000 ლარი, ნოემბრის თვის ხელფასი - 2 000 ლარი, დეკემბრის თვის ხელფასის ნაწილი - 1 000 ლარი, 2020 წლის იანვრის თვის ხელფასის ნაწილი - 1 000 ლარი. გ.ნ–ძეს, 2019 წლის 18 აპრილს და 2019 წლის 20 მაისს ჩარიცხული აქვს 5 000-5 000 ლარი დანიშნულებით „ხელფასი“.
10. კომპანიის 2018 წლის 1 აპრილის N 1-01.04/2018 ბრძანებით დასაქმებულს 2018 წლის 1 აპრილიდან შეუმცირდა ყოველთვიური დარიცხული ხელფასი და განესაზღვრა ხელზე ასაღები 2 000 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანების შესახებ ეცნობა 2020 წლის თებერვლის თვეში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2020 წელის 27 თებერვალს, მხარეები შეთანხმდნენ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების მე-3 პუნქტით საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით „დამსაქმებელი“ 2020 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად გადაუხდის „დასაქმებულს“ 20 300 (ოცი ათას სამასი) ლარს. მე-4 პუნქტით წინამდებარე შეთანხმებაზე ხელისმოწერით „დასაქმებული“ ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი მატერიალური მოთხოვნა „დამსაქმებლის“ მიმართ გარდა წინამდებარე შეთანხმების მესამე პუნქტით განსაზღვრულისა. დასაქმებულმა განმარტა, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისკენ იყო მიმართული, ამასთან დამსაქმებელს 20 300 ლარი უნდა გადაეხდა პირველ აპრილამდე, რაც შეეხებოდა შეთანხმების მე-4 პუნქტში არსებულ ჩანაწერს, რომ არ გააჩნდა არავითარი მატერიალური მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ, მის ნებას არ შეესაბამებოდა.
11. დამსაქმებელმა აშკარად მოატყუა და ბოროტად გამოიყენა გავლენა, როდესაც განუმარტა, რომ არ გააჩნდა საფუძველი არსებული დავალიანების სრული მოთხოვნის, ამასთანავე ფაქტობრივად იძულებული გახდა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, სხვა შემთხვევაში არსებული დავალიანების მოთხოვნა მოუწევდა სასამართლოს წესით, რომლის შესაძლებლობა იმ ეტაპზე არ გააჩნდა. იგი იყო ფინანსურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მნიშვნელოვანი იყო თანხის დროულად მიღება.
12. მოსარჩელე მოითხოვდა 41 600 ლარს, თუმცა კვლავ განუმარტეს, რომ ხელფასი შემცირდა ბრძანების საფუძველზე და მის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 20 300 ლარს. ამასთანავე თუ სურდა, რომ აღნიშნული თანხა ჩაერიცხა დამსაქმებელს, უნდა მოეწერა ხელი იმ ფორმით შეთანხმებაზე, რაც წარუდგინეს ხელმოწერილი სახით. ამასთან, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი მოეთხოვა სადავო პერიოდზე ხელფასის სახით 4 000 ლარი, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეეძლო ედავა აღნიშნულზე. გამომდინარე არსებული მდგომარეობიდან, განახორციელა შეთანხმების ხელმოწერა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასაქმებულმა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 41 600 ლარის ოდენობით, ასევე 2020 წლის 28 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ზემოთხსენებულ მსჯელობას, საქმეში არსებული მასალების მიხედვით დაეთანხმა დასაქმებული, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, ამასთან, კომპანიამ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით არ უარყო სახელფასო დავალიანების არსებობა, თუმცა, დავალიანების გადახდის ვალდებულების გამორიცხვის გარემოებაზე მიუთითა, კერძოდ განმარტა, რომ საპირისპიროდ დასაქმებულს კომპანის მიმართ დავალიანება ერიცხებოდა, რაც ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო დაუგროვდა.
14. კომპანიის განმარტებით, დასაქმებული ერთ-ერთ პროექტს ხელმძღვანელობდა, რომლის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები, რამაც საპროექტო ხარჯების გაზრდა გამოიწვია, და რომლის ანაზღაურებაზეც შემსყიდველმა უარი განაცხადა, არც კომპანიის ხელმძღვანელობისთვის და არც შემსყიდველისთვის არ უცნობებია, ამდენად, გაზრდილი ხარჯი სწორედ ის ზიანი იყო რაც კომპანიას მიადგა მოსარჩელის ქმედებების გამო.
15. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთზე არსებულ ზოგად მიდგომაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპანიამ, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის (დასაქმებულის) უარყოფის პირობებში, დაადასტურებდა, დასაქმებულის ისეთი ფუნქციების შესრულების მოვალეობას, რომლის მიხედვითაც მის ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული პროექტის ფარგლებში, მხარეთა (კომპანიასა და შემსყიდველს) შორის შეთანხმებული პროექტის ცვლილებების შესახებ საკუთარი კომპანიისა და შემსყიდველის ინფორმირება სწორედ დასაქმებულის ვალდებულება იყო, და ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ან ხარჯების გაზრდა, ან გაზრდილი ხარჯების დაკისრება კომპანიისთვის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
16. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, რომელიც კომპანიას არ შეუსრულებია, თავად კომპანიაც არ უარყოფს ასეთი ვალდებულების არსებობას, მეტიც სწორედ მის მიერ დასაქმებულისთვის შეთავაზებული პროექტის ფარგლებში დაიდო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და სახელფასო დავალიანების გადახდის შესახებ შეთანხმება, ხოლო, კასატორმა საპირისპიროდ ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დასაქმებულის ბრალს დაადასტურებდა საპროექტო ხარჯების ცვლილების გამო დამსაქმებლისთვის დამატებითი ფინანსური ზიანის მიყენების თაობაზე, რაც თავისმხრივ გამორიცხავდა სახელფასო დავალიანების გადახდის ვალდებულების შესრულებას დასაქმებულის წინაშე.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ე–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,ე–სის“ (......) (უფლებამონაცვლე - შპს „რ.ქ.მ–ი“) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1654511845, გადახდის თარიღი 6.06.2022), 1 571.33 ლარის 70% - 1 099.93 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე