Facebook Twitter

საქმე № ას-700-2021 15 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „გ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გადაზიდვის საფასურის ანაზღაურება, ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ–ის“ (შემდგომში: „მოსარჩელე“, „შემსრულებელი“, „გადამზიდავი“, „გადამზიდავი კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გადამზიდავი კომპანიის სარჩელი შპს „ჯ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“, „დამკვეთი“, „შეგებებული სარჩელის ავტორი“) მიმათ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 350 ლარის გადახდა; ასევე დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 44 871.95 ლარის გადახდა. მხარეთა ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 25 521.95 ლარის გადახდა.

2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით დაადგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მხარე არ მიუთითებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უნდა ემსჯელა განმეორებით განხორციელებულ გადაზიდვასთან დაკავშირებით და იგი არ უნდა დადებოდა საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მოსარჩელეს არც სარჩელში და არც საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას მიუთითებია. შესაბამისად, ტვირთის განმეორებით გადაზიდვით არ შეიძლება დადგენილიყო მხარისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

3. სასამართლომ, მართალია სადავო ტვირთს არ მიანიჭა დაკარგულის სტატუსი, თუმცა გადამზიდავს მაინც დააკისრა ნივთის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც არასწორია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თავად ზიანის არსებობა/არარსებობა სადავოა (ნივთის დაკარგვის ფაქტის არარსებობის გამო), რის გამოც არ იკვეთება გადამზიდველისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობები. პროცესის მონაწილე არცერთი მხარე ტვირთის ხელმეორედ გადაგზავნას არ მიიჩნევდა ზიანის წარმოშობის საფუძვლად, შესაბამისად, სასამართლოებსაც არ უნდა მიეცათ მისთვის ზიანის კვალიფიკაცია.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. 2016-2018 წლებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში მოსარჩელე აწარმოებდა ტვირთის გადაზიდვებს საქართველოს ფარგლებში;

8.2. 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით მოსარჩელემ, როგორც შემსრულებელმა, მოპასუხესთან შეთანხმებით გადაზიდა ტვირთი - არმატურა, რაზეც შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია (23.07.2018წ - ინვოისი GN-520 - მარშრუტი რუსთავი-ოსიაური, თანხა 6500 ლარი; 23.07.2018წ - ინვოისი GN-521 - მარშრუტი რუსთავი-ოსიაური, თანხა 4550 ლარი; 27.07.2018წ - ინვოისი GN-530 - მარშრუტი რუსთავი-ზუგდიდი, რუსთავი- ქუთაისი, თანხა 700 ლარი; 31.07.2018წ - ინვოისი GN-538 - მარშრუტი რუსთავი-ლანჩხუთი, თანხა 5600 ლარი; 04.08.2018წ - ინვოისი GN-548 - მარშრუტი რუსთავი-ოსიაური, თანხა 1300 ლარი), ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ, ასევე, შედგენილია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები (2018 წლის 27 ივლისის ანგარიშფაქტურა ეა-40 3032615 – N538 და N530 ინვოისების საფუძველზე; 2018 წლის 26 ივლისის ანგარიშფაქტურა ეა-40 3030657 – N520 და N521 ინვოისების საფუძველზე; 2018 წლის 4 აგვისტოს ანგარიშფაქტურა ეა-40 3050149 – N548 ინვოისის საფუძველზე). ტვირთი მიტანილია დანიშნულების ადგილზე, გადაზიდვის საფასური - 19 350 ლარი, დამკვეთს არ გადაუხდია;

8.3. 2018 წლის 31 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელეს ქ. რუსთავში გადასცა 44 871,95 ლარის ღირებულების 25,83 ტონა არმატურა, რომლის ტრანსპორტირება გადამზიდავს უნდა განეხორციელებინა ქალაქ რუსთავიდან შპს „ს–სთვის“ თერჯოლის რაიონის სოფელ კ–ში. ეს ვალდებულება მოსარჩელემ არ შეასრულა. ტვირთი დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა იმ მიზეზით, რომ გადამზიდავის დაქირავებულმა მძღოლმა იგი სხვა პირზე გაასხვისა, რის გამოც, თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება (არმატურა, როგორც ნივთმტკიცება, ამოღებულია და ინახება გამოძიების დასრულებამდე);

8.4. 2018 წლის 3 აგვისტოს მოპასუხემ საკუთარი სახსრებით, სხვა კომპანიის, შპს „ნ.ლ–ის“ მეშვეობით უზრუნველყო იგივე სახეობის ტვირთის დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირება.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე (რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

10. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ საქმე #ას-15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

11. საკასაციო სასამართლო უპირველესად იმას აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცების ტვირთის განაწილებისას იხელმძღვანელეს იმ სტანდარტისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეთათვის კანონითაა დადგენილი. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 687-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სამართალწარმოების საპროცესო ელემენტს შეიცავს, ამგვარი სამართალურთიერთობის მონაწილეებისთვის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ სტანდარტს ადგენს: „იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გამგზავნის ბრალეულობამ, ეკისრება გადამზიდველს“.

12. გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთ-ერთ სასამართლო დავაზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „გადაზიდვის ურთიერთობის რეგულირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რა გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებს, სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა.

13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობას და აცხადებს, რომ დამკვეთის მიერ გადაზიდვის განმეორებით განხორციელება ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გააიგივეს ტვირთის დაკარგვის ფაქტთან და არასწორად დაუდეს საფუძვლად მის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და კიდევ ერთხელ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 31 ივლისს ჩაბარებული ტვირთი გადამზიდავ კომპანიას დანიშნულების ადგილას არ მიუტანია, რაც მის მიერ დაქირავებული მძღოლის მხრიდან გამოვლენილი უხეში დაუდევრობის შედეგია. უდავოდ დადგენილია ისიც, რომ იგივე რაოდენობისა და სახეობის ტვირთი დამკვეთმა საკუთარი ხარჯით მიაწოდა მყიდველს, ხოლო ტვირთის დაკარგვის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

15. ის გარემოება, რომ სადავო ტვირთი, როგორც ნივთმტკიცება, ამოღებული და დალუქულია გამოძიების მიერ, ვერ მიიჩნევა კასატორის პრეტენზიის გაზიარებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების საკმარის საფუძვლად. გადამზიდავის პასუხისმგებლობის ფარგლებს ვერ განსაზღვრავს ისიც, მინიჭებული აქვს თუ არა დაკარგულის სტატუსი აღნიშნულ ტვირთს. გამომდინარე იქიდან, რომ უდავოდ დადგენილია გადამზიდავი კომპანიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა დაუდევარი ქმედების შედეგად ტვირთის დანიშნულების ადგილას მიუწოდებლობა, ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი სარწმუნო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით ვერ აბათილებს მითითებულ გარემოებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს დამკვეთის შეგებებული სარჩელი და მართებულად დააკისრეს გადამზიდავ კომპანიას ტვირთის გადაზიდვის ვალდებულების დარღვევის გამო თანხის გადახდა.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 244 ლარის 70% - 1 570.8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „გ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №11540290286, გადახდის თარიღი 07.09.2021), 2 244 ლარის 70% - 1 570.8 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე