Facebook Twitter

18 ოქტომბერი 2022 წელი

№ას-649-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ. ნ.ხ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი.მ. ნ.ხ–ძის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ი.მ. ნ.ხ–ძეს შორის 2020 წლის 15 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №479 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია: შ.ს.ს. ლოგისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სახის მავთულის შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობებისა და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემულია ფასთა ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი №1; 01 ფურცელი). 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 7140 ლარს. 3.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღით. 8.3. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%.

5.1.2. 2020 წლის 17 აგვისტოსა და ამავე წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ წერილობით აცნობა შ.ს.ს-ს ეკონომიკურ დეპარტამენტს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 100 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდებას ფორსმაჟორის გამო ვერ ახერხებდა და ითხოვა მისაწოდებელი პროდუქციის შეცვლაზე შეთანხმება. მითითებული წერილი იმავე დღეს ჩაბარდა ადრესატს. 2020 წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ წერილობით მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2020 წლის 15 ივლისის №479 ხელშეკრულების მეხუთე პოზიციაზე მისაწოდებელი კემპის ელექტროდის (მავთულის დიამეტრი - 1 მმ. წონა 5კგ) და მეექვსე პოზიციაზე მისაწოდებელი - კემპის ელექტროდის (მავთულის დიამეტრი - 1.2 მმ. წონა 5 კგ) მიწოდება ვერ ხერხდებოდა რადგან, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, შეუძლებელი იყო მათი შემოტანა. ამავე წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ შეეძლო მისი შეცვლა 0.8 მმ. დიამტერის კემპის მავთულით (ფლუსით).

5.1.3. მხარეთა შორის გაფორმებული №1 შეთანხმების ფარგლებში მოპასუხემ, შეთანხმების დანართში მითითებული პროდუქცია მიაწოდა 2020 წლის 13 ნოემბერს, რაზეც მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

5.1.4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს შემდეგ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 100 ლარს.

5.1.5. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადაგადაცილების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრის წერილით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 3248.70 ლარის გადახდის ვალდებულების თაობაზე ეცნობა. მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხა არ გადაუხდია.

5.2. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

5.2.1. აპელანტის მოთხოვნა მოპასუხე მხარისთვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრებაა. მხარეთა შორის სადავოა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების არსებობა.

5.2.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ 2020 წლის 15 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ობიექტის მიწოდების ვალდებულება მოპასუხე მხარეს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ - 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული 7140 ლარის ღირებულების ნივთებიდან 7040 ლარის საქონელი მიმწოდებელმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიაწოდა შემსყიდველს. რაც შეეხება დარჩენილი 100 ლარის ღირებულების საქონელს, მიწოდებულია - 2020 წლის 13 ნოემბერს. მხარეთა შორის სადავოა, მიიჩნევა თუ არა 100 ლარის საქონლის მიწოდება ხელშეკრულების დარღვევით მიწოდებულად, რაც შეიძლება პირგასამტეხლოს დაკისრებას დაედოს საფუძვლად.

5.2.3. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 და 401-ე მუხლებზე მიუთითა და ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2020 წლის 14 აგვისტოს, პარასკევს. მიმწოდებელმა 2020 წლის 17 აგვისტოს, ორშაბათს წერილით მიმართა შემსყიდველს და განუმარტა, რომ 15.07.2020წ. ხელშეკრულების №1 დანართში მე-5 და მე-6 პოზიციებზე მითითებული საქონლის მიწოდება შეფერხებული იყო, ვინაიდან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შედეგად აღნიშნული საქონლის იმპორტი შეუძლებელი აღმოჩნდა. იმავე წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს შესთავაზა შეთანხმებული კემპის ელექტროდების სხვა მახასიათებლების იმავე პროდუქტით შეცვლა. მიმწოდებელმა 2020 წლის 27 აგვისტოს განმეორებით მიმართა შემსყიდველს იმავე შინაარსის განცხადებით და ამჯერად შესთავაზა განსხვავებული დიამეტრის მქონე, იმავე მახასიათებლების კემპის ელექტროდების მიწოდება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარის ზემოხსენებული ორივე განცხადება შემსყიდველის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.

5.2.4. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება და აღნიშნული მდგომაროების საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობების არსებობა, წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რომელიც პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და მისი მიმთითებელი მხარისგან შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დადასტურებას არ საჭიროებს. წინამდებარე დავასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ 2020 წლის 17 და 27 აგვისტოს განცხადებებში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის საფუძვლიანობა, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოება იყო, რომ პანდემიის პირობებში, მიმწოდებელმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონლის იმპორტი, რამაც ხელი შეუშალა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას 100 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ნაწილში.

5.2.5. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით შემსყიდველი დაეთანხმა მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ შეცვლილ პირობას და 2020 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შეიცვალა ხელშეკრულების №1 დანართში მე-5 და მე-6 პოზიციებზე მითითებული, მისაწოდებელი საქონლის მახასიათებლები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. ხსენებული ნორმა განამტკიცებს შემთხვევას, როდესაც მხარეს ხელშეკრულების უცვლელი პირობებით დაცვა არ შეიძლება მოეთხოვოს, რადგან გარემოებები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, შეიცვალა ან მხარეებმა ხელშეკრულება დაუკავშირეს წარმოდგენას, რომელიც შემდგომში არასწორი აღმოჩნდა. ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, „გარიგების საფუძვლის დარღვევის“ წინაპირობები შესრულებულად რომ ჩაითვალოს საჭიროა შემდეგი გარემოებების არსებობა: ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებები უნდა შეიცვალოს არსებითად; ეს გარემოებები უნდა იყოს ხელშეკრულების დადების საფუძველი; თუ ხელშეკრულების მხარეები ამ ცვლილებას გაითვალისწინებდნენ, არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით; ხელშეკრულების შეუცვლელად ძალაში დატოვება მიუღებელი უნდა იყოს ხელშეკრულების ერთი მხარისათვის ცალკეული შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით (იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, თბილისი, 2014 წ., გვ. 217, სუსგ საქმე №ას-54-2021, 30 ნოემბერი, 2021 წელი,). სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ამოქმედებისთვის, ობიექტურად შეცლილი გარემოება, ზემოქმედებას უნდა ახდენდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობაზე.

5.2.6. უდავოდ დადგენილი იყო, რომ მიმწოდებელს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეექმნა დაბრკოლება მისაწოდებელი საქონლის იმპორტის კუთხით, რის გამოც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება 100 ლარის ღირებულების საქონლის ნაწილში გახდა შეუძლებელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა წარმოადგენს შეცვლილ გარემოებას, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მხარეთათვის ცნობილი რომ ყოფილიყო პანდემიის გამო საქონლის იმპორტის შეუძლებლობის შესახებ, ხელშეკრულება ცალსახად სხვა პირობებით დაიდებოდა, რაც დადასტურდა კიდეც 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმების აქტით. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელმა ორჯერ მიმართა შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე და შესთავაზა შეცვლილი პირობა, რომელიც მიესადაგებოდა შეცვლილ გარემოებას, რასაც საბოლოოდ შემსყიდველი დაეთანხმა 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმების აქტით.

5.2.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 15.07.2020წ. ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილის შესრულების 91 - დღიანი ვადაგაცილებით შესრულება გამოწვეული იყო სწორედ შემსყიდველის მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებით, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე, პირველივე სამუშაო დღეს, 2020 წლის 17 აგვისტოს, შეატყობინა სამინისტროს დარჩენილი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და შეცვლილი პირობის შეთავაზების თაობაზე, შემდგომ განმეორებით მიმართა 2020 წლის 27 აგვისტოს, თუმცა 2020 წლის 11 ნოემბრამდე, ფაქტობრივად სამი თვის განმავლობაში, მოსარჩელეს რეაგირება არ მოუხდენია მოპასუხის განცხადებებზე. ასევე საყურადღებოა, რომ დარჩენილი საქონელი მოპასუხე მხარემ 11.11.2020წ. შეთანხმების გაფორმებიდან ორ დღეში, 2020 წლის 13 ნოემბერს, მიაწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 91 - დღიანი ვადის გადაცილება, შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლის განცხადებებზე დაგვიანებული რეაგირების შედეგი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების შესრულების ვადაგაცილებაში მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი იყო.

5.2.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მასზე, რომ 11.11.2020წ. შეთანხმებით არ შეცვლილა ვალდებულების შესრულების ვადა და დარჩა იგივე, რაც 15.07.2020წ. ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. აღნიშნული შეთანხმების მსგავსი ინტერპრეტაცია მოკლებული იყო ლოგიკურ ახსნას, ვინაიდან 11.11.2020 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი, ნაცვლად თავდაპირველ ხელშეკრულებაში შეთანხმებული საქონლისა, შემსყიდველს მიაწოდებდა განსხვავებული მახასიათებლების საქონელს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარეებმა 2020 წლის 11 ნოემბერს შეცვალეს მისაწოდებელი საქონლის სახე, გაუგებარი იყო, თუ როგორ უნდა შეესრულებინა აღნიშნული ვალდებულება მიმწოდებელს 2020 წლის 14 აგვისტომდე, წარსულ დროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით მოპასუხე მხარეს მიეცა დამატებითი გონივრული ვადა, რათა სრულად შეესრულებინა თავდაპირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მოპასუხემ შეასრულა კიდეც, კერძოდ, შეთანხმების გაფორმებიდან ორ დღეში სრულად მიაწოდა შემსყიდველს შეთანხმებული საქონელი.

5.2.9. პალატის დასკვნით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილის ვადაგადაცილებით შესრულება არ წარმოადგენდა ამ უკანასკნელის ბრალეულ ქმედებას და განხორციელდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, მათ შორის - შემსყიდველის დაგვიანებული რეაგირების საფუძველზე.

5.2.10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას დააზუსტა პოზიცია და განმარტა, რომ მან მიწოდების ვადა დაარღვია ორი დღით, კერძოდ, 2020 წლის 15 და 16 აგვისტოს პერიოდში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა მოპასუხე მხარის ექსკლუზიური უფლებაა და სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის კვლევას აღარ შეუდგება. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარემ აღიარა 2 - დღიან ვადაგაცილებაში საკუთარი ბრალეულობა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ პირგასამტეხლოს თანხის სიმცირის გამო არ იყო მიზანშეწონილი მისი მოპასუხისთვის დაკისრება.

5.2.11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს.

5.2.12. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო დარიცხულ იქნა არა შესრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზეც, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთდაკავშირებულად განიხილავს და იგი ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას (კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 83).

5.2.13. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი იყო, რომ ორდღიანი ვადაგადაცილებით შესრულდა 100 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, ხოლო 7040 ლარის ვალდებულება მოპასუხემ ვადაში შეასრულა შეთანხმებული ხარისხით. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, მოვალეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს იმ ვალდებულების მოცულობის ფარგლებში, რომელთა შესრულების ვადაც დაირღვა. შესაბამისად, იმ ვადაგადაცილებულ ორ დღეზე, რაც მოპასუხე მხარემ აღიარა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს საპროცენტო მაჩვენებლის შემცირების გარეშეც, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 1 ლარს (100 x 0.5 / 100 x 2), რომლის მოპასუხისთვის დაკისრება არ იყო მიზანშეწონილი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე - ი.მ. ნ.ხ–ძის წარმომადგენლის წერილი, რომლითაც დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულება, რაც სრულად უგულებელყოფილია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

6.2. ი.მ. ნ.ხ–ძე მიუთითებდა, რომ 2020 წლის 11 ნოემბრის №1 შეთანხმებით 2020 წლის 15 ივლისს გაფორმებულ № 479 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება - შეიცვალა მისაწოდებელი საქონელი და გაიზარდა მიწოდების ვადა. ამ თვალსაზრისით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ცვლილება შეეხო მხოლოდ მისაწოდებელ საქონელს, რომლის შესრულებაც უკვე ვადაგადაცილებული იყო. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული შეთანხმების შედგენისას მიმწოდებელს არ უთხოვია მიწოდების ვადის დაკორექტირება/გახანგრძლივება და დანართის ხელშეკრულების სხვა პუნქტები, მათ შორის ვადის ნაწილში, დარჩა უცვლელად. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო არაუგვიანეს 2020 წლის 14 აგვისტოს.

6.3. სასამართლოებმა მიუთითეს ვალდებულების დარღვევის ფაქტზე, თუმცა, ამავდროულად, მიზანშეუწონლად მიიჩნიეს პირგასამტეხლოს დაკისრება მისი მცირე ოდენობიდან გამომდინარე, რაც არასწორია.

6.4. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას არამარტო შეცვალეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი, კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა დაიანგარიშეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ოდენობიდან, აგრეთვე - მხარეთა მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირეს ისე, რომ მოპასუხეს რაიმე დასაბუთებული არგუმენტი მის შემცირების საფუძველთან დაკავშირებით არ მიუთითებია.

6.5. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით, სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოქმედებს. ხელშეკრულება არის კერძო ავტონომიის პრინციპებზე დაფუძნებული მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა, როდესაც ხელშემკვრელ პირებს ენიჭებათ სასურველი პირობების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი შეესაბამება ქართულ სამართლებრივ სივრცეში დადგენილ მოთხოვნას და პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი.

6.6. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ხელშეკრულება ემსახურება კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ხოლო ხელშემკვრელი მხარის არაჯეროვანი შესრულებით ფერხდება იმ ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას და სწორედ დადებული ხელშეკრულებებია იმის გარანტი, რომ პირნათლად შესრულდეს მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია განპირობებული იყო თუ არა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებით და არსებობს თუ არა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

11. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის დასაბუთებულად შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 15 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №479 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით მიეწოდებინა შემსყიდველისათვის 7140 ლარის ღირებულების პროდუქცია (სხვადასხვა სახის მავთული). ხელშეკრულების 3.1. პუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღით - 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, 8.3. პუნქტით კი, მხარეები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ს დაკისრებაზე შეთანხმდნენ.

7140 ლარის ღირებულების ნივთებიდან მიმწოდებელმა 7040 ლარის საქონელი შემსყიდველს შეთანხმებულ ვადაში მიაწოდა, ხოლო დარჩენილი 100 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო.

2020 წლის 15 ივლისს გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2020 წლის 14 აგვისტოს, პარასკევს. მიმწოდებელმა 2020 წლის 17 აგვისტოს, ორშაბათს წერილით მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ პანდემიის გამო ვერ ახორციელებდა დარჩენილი საქონლის იმპორტსა და მიწოდებას. იმავე წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს შესთავაზა შეთანხმებული საქონლის სხვა მახასიათებლების იმავე პროდუქტით შეცვლა. მიმწოდებელმა 2020 წლის 27 აგვისტოს განმეორებით მიმართა შემსყიდველს იმავე შინაარსის განცხადებით და ამჯერად შესთავაზა განსხვავებული დიამეტრის მქონე, იმავე მახასიათებლების მავთულის მიწოდება. ზემოხსენებული ორივე განცხადება შემსყიდველის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.

2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით შემსყიდველი დაეთანხმა მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ შეცვლილ პირობას და 2020 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შეიცვალა მისაწოდებელი საქონლის მახასიათებლები.

მოპასუხემ, შეთანხმებით გათვალისწინებული მახასიათებლების პროდუქცია მოსარჩელეს 2020 წლის 13 ნოემბერს მიაწოდა.

მოპასუხის მხრიდან, 100 ლარის ღირებულების საქონლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა განაპირობა პანდემიურმა ვითარებამ.

12. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეებმა 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით, 2020 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება მიუსადაგეს შეცვლილ გარემოებას - პანდემიის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შეუძლებლობას.

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 398.1 მუხლის შესაბამისად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ორჯერ მიმართა შემსყიდველს პანდემიის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შეუძლებლობის თაობაზე და შესთავაზა შეცვლილი პირობა, რასაც 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით შემსყიდველი დაეთანხმა.

13. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების 91 დღით ვადაგადაცილება გამოწვეული იყო მოსარჩელის უმოქმედობით. ამ კუთხით, ნიშანდობლივია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე, პირველივე სამუშაო დღეს, 2020 წლის 17 აგვისტოს და განმეორებით, 2020 წლის 27 აგვისტოს, კასატორს წერილობით შეატყობინა დარჩენილი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და შეცვლილი პირობის შეთავაზების თაობაზე, თუმცა კასატორს 2020 წლის 11 ნოემბრამდე მოპასუხის მოთხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია და მხოლოდ 2020 წლის 11 ნოემბერს დათანხმდა მას.

უდავოა, რომ მოპასუხემ დარჩენილი საქონელი მოსარჩელეს ხელშეკრულების მისადაგებიდან ორ დღეში, 2020 წლის 13 ნოემბერს, მიაწოდა, რაც პალატას უქმნის რწმენას, რომ 91 დღიანი ვადის გადაცილება, შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლის განცხადებებზე დაგვიანებულმა რეაგირებამ განაპირობა.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება განაპირობა პანდემიამ და კასატორის უმოქმედობამ, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც ამ უკანასკნელის მხრიდან შესრულების ვადა მიჩნეულ უნდა იქნას დაცულად.

ამდენად, ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

15. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მტკიცება, რომ 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადას არაუგვიანეს 2020 წლის 14 აგვისტო წარმოადგენდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულების წარსულ დროში შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია.

სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია 2020 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით მხარეებმა არ გაითვალისწინეს ახალი ვალდებულების შესრულების ვადა, თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მართებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შესასრულებლად მიეცა გონივრული ვადა, რაც შესაბამისობაშია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესთან.

16. რაც შეეხება მოპასუხის მხრიდან ორი დღით (2020 წლის 15 და 16 აგვისტოს) ვადაგადაცილებაში ბრალეულობის აღიარებას, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ პირგასამტეხლოს თანხის სიმცირის გამო, მიზანშეუწონელია მისი მოპასუხისათვის დაკისრება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაარიცხა არა შესრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით.

პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ. №ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; №ას-581-2019, 31.07.2019წ).

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვადაგადაცილებით შესრულდა მხოლოდ 100 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, მოპასუხის მიერ აღიარებულ ორი დღის ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 1 ლარს.

საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ. სუსგ. №ას-1597-2019, 13.12.2019 წ.; №ას-815-2019, 03.02.2021 წ.).

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1 ლარის დაკისრება პირგასამტეხლოს არც პრევენციული და არც „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე გამართლებული არ არის, რადგან მისი მცირე ოდენობიდან გამომდინარე ვერცერთი მიზნის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი