Facebook Twitter

17 ნოემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-218-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ი.პ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.პ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.პ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი ან მამკვიდრებლის ძმა) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.პ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) მხარდამჭერის, ე.პ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მხარდამჭერი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 20 ივნისს ნოტარიუსის მიერ მოპასუხის სახელზე გაცემული #130613287 სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში; მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების - რუსთავში, ......... მდებარე #50 ბინის, ს/კ-ით #........ და ამბროლაურის რაიონში, სოფელ ...... მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის, ს/კ-ით # ....., 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი დადგენილ უნდა იქნეს მამკვიდრებლის დანაშთი ქონების დაუფლებიდან გამომდინარე, ხოლო მამკვიდრებლის სიცოცხლეში ნებისმიერ მემკვიდრესთან კარგი ურთიერთობა, თუნდაც მამკვიდრებელთან გარკვეული პერიოდით ცხოვრება, მისი გარდაცვალების შემდგომ სამკვიდროს დაუფლებად ვერ მიიჩნევა. ამავდროულად, საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებას არ ადასტურებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ვ.პ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის ბიძა, მოპასუხის ძმა ან მამკვიდრებელი) 2012 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის სამკვიდროს შეადგენდა რუსთავში, ..... მდებარე #50 ბინა, ს/კ-ით # ..... და ამბროლაურის რაიონში, სოფელ ...... მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა, ს/კ-ით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამკვიდრო ქონება, დანაშთი ქონება, უძრავი ქონება, სადავო ქონება).

4.4. მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია.

4.5. მოსარჩელე და მოპასუხე მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეები არიან, კერძოდ, მოსარჩელე ძმისშვილია, ხოლო მოპასუხე ძმაა.

4.6. მოსარჩელის მამა კ.პ–ი 1988 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

4.7. 2013 წლის 20 ივნისს მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, როგორც მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, გარდაცვლილი ძმის სამკვიდრო სრულად მიიღო - სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით, რომლებიც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.

5. სსკ-ის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა -გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე- მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სსკ-ის 1319-ე მუხლი) 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ.). ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, მიიჩნევა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

6. სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა განაწილდეს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის - კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. სსკ-ის 1337-ე მუხლის მიხედვით, წინა რიგის, თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორი სახე - კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, რომლებიც თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს და იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, განიხილება სამკვიდროს მიღებად, რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლილის ნივთების ფლობას.

კანონით მემკვიდრეების რიგითობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულია სსკ-ის 1336-ე მუხლში. ყველა რიგის მემკვიდრეს ერთნაირი სიახლოვე არ აქვს მამკვიდრებელთან, ამიტომ ფიზიკურ პირთა მემკვიდრეებად მოწვევის თანმიმდევრობა ძირითადად დადგენილია მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის ხარისხის (რიგითობის) მიხედვით. სამვიდროს გახსნის შემდეგ, სამკვიდროს მისაღებად მოწვეული იქნებიან პირველი რიგის მემკვიდრეები. თუ პირველი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე მაინც სახეზეა, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები სამკვიდროს ვერ მიიღებენ.

8. ამდენად, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი). სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებას ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017).

9. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

10. ზემოხსენებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებული იქნება, თუ იგი სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს დაადასტურებს.

11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მისი მეორე რიგის მემკვიდრეა (ძმისწული, რომლის მამა/მამკვიდრებლის ძმა, იმავე რიგის მემკვიდრე იქნებოდა თუმცა სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო), ისევე, როგორც მოპასუხე, რომელიც მამკვიდრებლის ძმაა.

12. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულბებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადის დაცვით, სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. სახელდობრ, საქმის განხილვისას სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მოსარჩელესა და მამკვიდრებელს ჰქონდათ თბილი ურთიერთობა (შვილივით ჰყავდა), მოსარჩელე წლების მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, ჰქონდა სადავო უძრავი ქონების გასაღები და მისი გარდაცვალების შემდგომაც მიდიოდა როგორც ქალაქ რუსთავში განთავსებულ ბინაში, ისე ჩადიოდა რაჭაში მდებარე სახლთმფლობელობაში (იხ, მოწმე ნ.ბ–ძის, მ.ე–ისა და ნ.ბ–ძის ჩვენება).

12.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები. სსსკ-ის 140.1 მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის შესახებ რაიმე გარემოება. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და, აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი (იხ. სუსგ. №ას-175-175-2018, 19.07.2018).

12.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (იხ. სუსგ. №ას-400-2020, 15.02.2020).

12.3. „მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ“ (იხ. სუსგ. №ას-1698-1592-2012, 2.06.2014).

12.4. საკასაციო პალატის მოსაზრებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასახელებული მოწმეების ჩვენება განსახილველ საქმეზე მოსარჩელისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, ვინაიდან, იმ გარემოებათა ერთობლიობა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც სადავო უძრავი ქონება იყო და, რომ სადავო ქონების გასაღებს მოსარჩელე დღემდე ფლობს, საკასაციო პალატას უქმნის იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მან ბიძის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით არ არის უაყოფილი ბიძა-ძმისშვილის ახლო ურთიერთობა (მამაშვილური), რასაც ადასტურებს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მასთან ერთად მცხოვრები არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეც.

13. იმ ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება, რომ მოსარჩელემ ბიძის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო სამკვიდრო (უძრავი ქონება) და მას წარმოეშვა კუთვნილ ½ წილზე საკუთრების უფლება, მოპასუხემ სათანადო არგუმენტებით ვერ შეძლო. მოპასუხემ ვერ მოახერხა საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში დაეძლია მოწინააღმდეგის პოზიცია, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას.

14. ამრიგად, მოსარჩელე გახდა ბიძის დანაშთი უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრე, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, შესაბამისად, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, იმავე რიგის მემკვიდრის/მოსარჩელის ნების გაუთვალისწინებლად მთლიან სამკვიდრო ქონებაზე აეღო სამკვიდრო მოწმობა. ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც მეორე რიგის მემკვიდრემ, ბიძის დანაშთი ქონება მიიღო, სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და სწორად დაკმაყოფილდა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

17. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 500 ლარის (გადახდის დავალება №5186351277-1, გადახდის თარიღი - 15.03.2021), 70% - 1 050 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.პ–ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 500 ლარის (გადახდის დავალება №5186351277-1, გადახდის თარიღი - 15.03.2021), 70% - 1 050 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე