Facebook Twitter

13 ოქტომბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-352-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს ,,ე.პ.ჯ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.ნ–ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.ნ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული) სს „ე.პ.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, კომპანია, საწარმო) ჭიათურის მომსახურების ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მოგვიანებით, საწარმოს ჭიათურის მომსახურების ცენტრში დასაქმებული მთავარ ინჟინრად გადაიყვანეს.

2. 2016 წლის 14 ივლისის დამატებითი შეთანხმებით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება თვეში 1 650 ლარით განისაზღვრა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

3. მოსარჩელის საერთო მოვალეობები დადგენილია შრომით ხელშეკრულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით ან/და დამსაქმებლის სხვა შიდა ინსტრუქციებით (წესებით, ბრძანებებით, განკარგულებებით და ა.შ.), მათ შორის, შრომის შინაგანაწესით ან/და სამუშაო და ცვლიანობის განრიგით (შრომითი ხელშეკრულების 7.1. პუნქტი).

4. თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინრის მოვალეობა - ვალდებულებებში შედის: დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ელექტროტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელობა, კომპანიისა და ფილიალის ბრძანებებისა და განკარგულებების შესაბამისად და მათთვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა; მოსალოდნელი საწარმოო ტრამვატიზმისა და ავარიების პრევენციის ღონისძიებების შემუშავება.

ამავე ინსტრუქციის მიხედვით, დასაქმებული უფლებამოსილია: გააკონტროლოს ენერგოობიექტებზე მეთოდური მუშაობა, მომუშავე ელექტროტექნიკური პერსონალის ტექნიკური სწავლების, სპეციალური მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში; ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისა და რემონტების ჩატარებისას სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების ღონისძიებების შესრულებაზე მეთვალყურეობა დააწესოს.

დასაქმებული ვალდებულია, სატრანსფორმატორო ქვესადგურებში და გადამცემ ხაზებზე შექმნილი ავარიული სიტუაციის სწრაფ ლიკვიდაციაზე; ამასთან, იგი ვალდებულია: კონტროლი გაუწიოს მიღებული და განაწილებული ელექტროენერგიის ხარისხს და დისპეტჩერულ მართვას; დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეამოწმოს დაქვემდებარებული მომსახურების ცენტრის სამსახურები, ელექტროდანადგარები და მოწყობილობები, მომსახურების ცენტრის სადისპეჩერო სამსახური, საკომუტაციო აპარატურა, ოპერატიული პერსონალის ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა; აკრძალოს საწარმოო პერსონალის მოქმედება, სამუშაოთა წარმოება და ოპერატიული გადართვებით მანიპულირება, მოწყობილობების და დანადგარების ექსპლუატაცია, საკომუტაციო აპარატებთან მუშაობა; განახორციელოს, მომუშავე ბრიგადებისა და პასუხისმგებელი პირების გამოყვანა, თუ მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის მომუშავეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს ავარიებსა და რეჟიმული მართვის დარღვევას; უხელმძღვანელოს ავარიების ლიკვიდაციას, რეგიონულ სადისპეჩერო სამსახურთან შეთანხმებით; მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა.

5. 2018 წლის 17 აპრილს, საწარმოს ჭიათურის მომსახურების ცენტრებში პერსონალის ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდა ჩატარდა, მოსარჩელემ ტესტირება 100%-იანი შედეგით ჩააბარა.

6. 2018 წლის 20 სექტემბერს, საწარმოს ჭიათურის მომსახურების ცენტრში შპს ,,დ–ის“ აღრიცხვის კვანძის მონტაჟისთვის სამუშაო შესრულდა. სამუშაოს შესრულებისას დაშვებული დარღვევის შესახებ ადმინისტრაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილებამ მოკვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დავალების შესრულებაში მონაწილე პირები, მათ შორის, მოსარჩელე გამოიკითხა. ამ უკანასკნელის განმარტებით: 2018 წლის 20 სექტემბერს შპს „დ–ის“ 6კვ-ის აღრიცხვის კვანძის მონტაჟისათვის „განწესი 23-ით“ მუშაობდნენ; ხსენებული სამუშაოს დასრულების შემდეგ დაგეგმილი იყო ქვესადგურ ჭიათურა 5-დან 6კვ-ის ფიდერ №13-ზე იზოლატორების შეცვლა; სამუშაო პროცესი 13.20 საათზე დაიწყო, რა დროსაც №12 და №13 ფიდერები გამორთო; დაახლოებით 7 წუთში, ავადმყოფი მომხმარებლის თხოვნით, ფიდერი №13 კვლავ ჩართო, რის შესახებაც სამუშაოს მწარმოებელ ნ.მ–ს აცნობა და №13 ფიდერის გამორთვაზე მისი შემდეგი მითითებისათვის დალოდება სთხოვა; მიმდინარე პერიოდში ავარიულად გამოირთო ქვესადგურ ჭიათურა №1-ში ფიდერი №3 და ქვესადგურ ჭიათურა 5-ში ფიდერი №10; სამუშაო ბრიგადის არარსებობის გამო, ორივე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოს ჩასატარებლად თავად წავიდა; სწორედ ამ პროცესში მას დაურეკა „განწესი 23-ით“ სამუშაოს მწარმოებელმა ნ.მ–მა და უთხრა, რომ უსაფრთხოების მიზნით საჭირო იყო ფიდერი 13-ის გამორთვა, რა დროსაც ნ.მ–ს შეცდომით მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფიდერი №13 გამორთული იყო, თუმცა მიუთითა, რომ ძაბვის არსებობა შეემოწმებინათ და დამიწება დაედოთ; საქმის მწარმოებელმა მყისიერად აცნობა, რომ შემოწმებისას მაჩვენებელს იმპულსი ჰქონდა, თუმცა ვერ არკვევდა ეს ინდუქციური ძაბვა თუ სხვა რამე იყო; შეტყობინების მიღებისთანავე მოსარჩელემ განკარგულება გასცა, რომ მის მისვლამდე სამუშაო შეეჩერებინათ; რამდენიმე წუთში, ადგილზე მისვლით მოსარჩელე დარწმუნდა, რომ ფიდერი №13 გამორთული არ იყო, რის გამოც მისი გამორთვის შესახებ განკარგულება გასცა.

შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილებას ანალოგიური შინაარსის განმარტება მისცა სამუშაოს მწარმოებელმა ნ.მ–მა.

7. შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილებამ დასკვნა შეადგინა. დასკვნაში ასახული შემოწმების შედეგების თანახმად, 2018 წლის 25 სექტემბერს შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ჭიათურის მომსახურების ცენტრში „განწესი N23-ით“ სამუშაოს მიმდინარეობისას საქმიანობის უსაფრთხოდ შესრულებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების შესრულება შემოწმდა. სრულდებოდა შპს „დ–ის“ 6კვ. ძაბვაზე აღრიცხვის კვანძის მონტაჟისთვის 6კვ. კაბელის დაერთება ცგპ1-დან 6კვ. საყრდენზე, რომელზეც ორჯაჭვიანი ხაზი გადის. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ N23 განწესის გამცემმა მთავარმა ინჟინერმა სრულად არ განსაზღვრა სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებები (დარღვეულია უტწ (უსაფრთხოების ტექნიკური ექსპლოატაციის წესები) მუხლი 7 პარაგრაფი „3“; 2), განწესი სწორად არ გასცა (დარღვეულია უტწ მუხლი 8 პარაგრაფი „14“; 3), განწესის გრაფაში „ცალკეული მითითებანი“, ხაზის ჩართვის შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა (დარღვეულია უტწ მითითებანი, ელექტროდანადგარებში სამუშაოდ „განწესი დაშვების“ შევსების შესახებ პარაგრაფი „თ“), აუცილებელი გამორთვები სრულად არ ჩაატარა (დარღვეულია უტწ მუხლი 21, პარაგრაფი „ა“).

ამავე დასკვნის მიხედვით, ადგილზე სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები სრულყოფილად არ შესრულდა, კერძოდ: არ იყო მოთხოვნილი, 110/35/6კვ. ქვესადგურის გამანაწილებელ მოწყობილობაში დამიწების დაყენება; ორი სხვადასხვა დავალება გაიცა, სახელდობრ, უსაფრთხოების მიზნით გამორთული N13 ფიდერი მოსარჩელემ მომხმარებლის თხოვნით დროებით ჩართო და შემდეგ გამორთო, ხოლო ბრიგადას უფლება მისცა, ჩართულ ხაზზე სამუშაო ადგილი მოემზადებინა.

8. 2018 წლის 20 სექტემბერს, საწარმოში ენერგოკომპანიის გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისას გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმების შესახებ 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება მოქმედებდა. დასახელებული ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზოგიერთი ფორმა განისაზღვრა, რომელთა გამოყენებაც საანგარიშო წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) შემდეგ შემთხვევებზე უნდა მომხდარიყო:

1.1. კომპანიის ელექტრონულ ქსელში დღე-ღამის ნებისმიერ დროს განწეს განკარგულების გარეშე სამუშაოს შესრულებისას;

1.2. 110-35-10-6კვ-ეგხ-ების და ქვესადგურებისას, ოპერატიული, დეფექტების აღრიცხვის და სხვა ჟურნალების, ცალხაზოვანი სქემების და დოკუმენტაციის არასწორად წარმოებისას, ვადაგასული დაცვის საშუალებების გამოყენებისას და განწეს - განკარგულებით სამუშაოების შესრულებისას გამოვლენილი შრომის დაცვის მოთხოვნების დარღვევაზე;

1.3. 10/6/0.4 კვ გამანაწილებელ ქსელში პროფილაქტიკური სამუშაოების, გამრიცხველიანების ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოს უხარისხოდ შესრულებისას;

1.4. 10/6/0.4 კვ. ძაბვის ქსელის მონაცემთა ბაზის წარმოებისათვის მცდარი ან დაგვიანებული ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებისას;

1.5. შესასრულებელ სამუშაოზე მასალების ჩამოწერისას ან/და მიღება - ჩაბარების და სხვა დოკუმენტაციის მომზადებისას გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული დარღვევების პირველი შემთხვევისთვის, ბრძანებით დისციპლინური ღონისძიებად გათვალისწინებულ იქნა საყვედური, ხოლო 1.6 პუნქტით განისაზღვრა, რომ წინამდებარე ბრძანების 1.1, 1.2, 1.3 და 1.4 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა კომპანიის შრომის შინაგანაწესის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო.

9. საწარმოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს დისციპლინარულ სახდელად მოვალეობის შესრულებისგან 6 თვით ჩამოშორება განესაზღვა, რომლის დაწყების თარიღი 2018 წლის 25 სექტემბრიდან განისაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოპასუხე იმავე დღეს გაეცნო. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა გახდა.

10. 2019 წლის 29 მარტს საწარმოს გენერალურმა დირექტორმა დასაქმებულს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ 2018 წლის 20 სექტემბრის შემთხვევა საწარმომ დეტალურად შეისწავლა, ინციდენტში მონაწილე ყველა დასაქმებულს ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა, დასაქმებულის მიერ გავლილი სწავლებები და საკვალიფიკაციო გამოცდები დამატებით შეაფასა, სხვა მომსახურების ცენტრებში მსგავს სიტუაციაში პასუხისმგებელი პერსონალის ქმედებები გაანალიზა, რის შემდეგაც დამსაქმებელმა ჩათვალა, რომ მოსარჩელის საქმიანობის გაგრძელება მომეტებულ საფრთხესთან იქნებოდა დაკავშირებული.

მოპასუხემ შეუძლებლად მიიჩნია, რომ ელექტროგადამცემ ქსელში მომუშავე პერსონალის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე მოსარჩელეს ემუშავა და 2019 წლის 6 აპრილიდან ამ უკანასკნელს ტექნიკოს-ელექტრიკოსის პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზა, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.

11. საწარმოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით (შემდეგში - სადავო გადაწყვეტილება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (დაკავებულ თანამდებობასთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა) საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

12. მოსარჩელის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას დამსაქმებელი უკავშირებს 2018 წლის 20 სექტემბრის ფაქტს, რომლის გამოც, 2018 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით დისციპლინური ღონისძიება ერთხელ გამოიყენა, 6 თვით მოვალეობის შესრულებისგან დასაქმებულის ჩამოშორების სახით.

13. მოპასუხის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

14. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

14.1. სადავო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი;

14.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნა საწარმოს ჭიათურის მომსახურების ცენტრში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე;

14.3. დასაქმებულის სასარგებლოდ მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა, 2019 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 1 320 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, მოპასუხე (დამსაქმებელი) ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობის დარღვევისა და უნარ-ჩვევების არქონის ფაქტები, რაც სშკ-ის 37.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მას სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ არგუმენტად შეერაცხებოდა.

16.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კანონით მინიჭებული უფლება დამსაქმებელმა მართლზომიერად უნდა განახორციელოს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ამ უკანასკნელის დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება გაუმართლებელია (იხ. სუსგ №ას-106-101-2014).

ყველა შემთხვევაში, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე და ხელშეკრულების შეწყვეტისადმი დამსაქმებლის ინტერესი უნდა შეფასდეს. შრომითი ურთიერთობისას მხარეება უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (სშკ-ის 2.6 მუხლი).

16.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუშვებელია, კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების არქონად ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი გადაცდომის შეფასება. ასეთი შეფასება საჭიროებს დასაქმებულის სამუშაო გამოცდილების, მისი პროფესიული საქმიანობის, გადაცდომის განმაპირობებელი გარემოებების კვლევას. ამ მიზნით საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ დამსაქმებელ საწარმოში ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე მოსარჩელე არასდროს არ ყოფილა სახდელდადებული რაიმე გადაცდომისათვის, მათ შორის, ისეთი გადაცდომისათვის, რომელიც კვალიფიკაციის ან შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების არფლობით იქნებოდა გამოწვეული. პირიქით, უდავო ფაქტი იყო, რომ მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის მანძილზე ასეთი პრეტენზია დამსაქმებელს მოსარჩელის მიმართ არ ჰქონია, რადგან ის წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ პროფესიულ მოვალეობას.

2016 წელს მოსარჩელე დაწინაურდა და მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე დაინიშნა სწორედ შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობისა და სათანადო კვალიფიკაციის გამო.

საქმის მასალებით უარყოფილი არ არის ის გარემოება, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს დასაქმებული ხელმძღვანელობდა რამდენიმე წინასწარ დაგეგმილ და დაუგეგმავ (ავარიული შემთხვევის გამო) სამუშაოს. მართალია, სამუშაოს შესრულების პროცესში მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას (მაგალითად, სამუშაოს მწარმოებელს შეცდომით უთხრა, რომ ფიდერი ქსელიდან გამორთული იყო), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პარალელურად მან სამუშაოს დაწყებამდე ფიდერი N13-ის შემოწმების შესახებ განკარგულება გასცა, რამაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მავნე შედეგის დადგომა გამორიცხა.

ამდენად, 2018 წლის 20 სექტემბრის შემთხვევა ვერ ადასტურებდა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას, რაც დამსაქმებელს მისი განთავისუფლების უფლებას მიანიჭებდა.

16.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტით მოპასუხემ დასაქმებულს შესაძლებლობა წაართვა, სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინა და შესაბამისი შრომითი ანაზღაურება მიეღო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38.8, 44-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 394.1, 408-ე მუხლებზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Emloyment Convention) მე-10 მუხლზე, 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Emloyment Convention) მე-6 პარაგრაფზე და მიიჩნია, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისი იყო.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დამსაქმებელმა საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება ასეთია:

17.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მას არ აღმოაჩნდა თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სხვა შიდა ნორმატიული აქტებით დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. საჭირო უნარების არქონა, კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული ქმედებების დასაქმებულის მიერ შესრულების შეუძლებლობაში გამოიხატება.

ამის საპირისპიროდ, ლოგიკასაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია და პროფესიული უნარები, მის მიერ შესასრულებელ სამუშაოს შეესაბამებოდა.

დაკავებული პოზიციის გათვალისწინებით დასაქმებულის ძირითადი ვალდებულება სწორედ ის იყო, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებები განესაზღვრა. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ბრიგადის წევრები ჩართულ ფიდერზე სამუშაოდ გაუშვა, გაუგებარია, თუ როგორ უნდა უზრუნველეყო მათი უსაფრთხოება ან რაში გამოვლინდა მისი კვალიფიციურობა და სათანადო უნარ-ჩვევების ქონა.

ის გარემოება, რომ საწარმოში მუშაობის პერიოდში მოსარჩელე არასდროს არ ყოფილა რაიმე გადაცდომისათვის სახელდადებული (მათ შორის, კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების არფლობის გამო), იმის უპირობო გარანტი ვერ იქნება, რომ არაკვალიფიციურობის გამოვლენის შემთხვევაში, იგი სამუშაოზე მაინც უნდა დარჩეს. პასუხისმგებლიან საწარმოს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია, ერთი მხრივ დასაქმებულთა შრომითი უფლებების პატივისცემა და მეორე მხრივ, მათი უსაფრთხოება, მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება (გადაცდომა) ერთმნიშვნელოვნად არ შეუფასებია, როგორც მასთან შრომითი ურთიერთობის დასრულების საფუძველი.

აქედან გამომდინარეობდა ის გარემოება, რომ მოპასუხემ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება მყისიერად არ შეწყვიტა. ამის შემდეგ, დამსაქმებელმა არაერთი გარემოება (მათ შორის, მოსარჩელის მიერ გავლილი სწავლებები, სხვა მომსახურების ცენტრებში მსგავს პოზიციაზე დასაქმებული და ანალოგიურ სიტუაციაში მომუშავე პერსონალის ქმედებები, უშუალოდ სადავო დისციპლინური გადაცდომა) კომპლექსურად შეაფასა და მიიჩნია, რომ მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევები დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამო იყო და მთავარი ინჟინრის პოზიციაზე მისი მუშაობა გაუმართლებელი და მომეტებული საფრთხის შემცველი იქნებოდა.

17.2. შრომითსამართლებრივ დავაში დამსაქმებლის მტკიცებითი უპირატესობა, არ შეიძლება აღქმულ იქნეს, ამ უკანასკნელის ცალმხრივ ვალდებულებად, ამტკიცოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა, დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დასაქმებულმა ადგილზე მისულ თანამშრომელს მიუთითა - შეემოწმებინათ ძაბვის არსებობა და დაედოთ დამიწება. ჯერ ერთი, რომ მითითებული გარემოება სიმართლეს არ შეესაბამება, კერძოდ, შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილების დასკვნაში მსგავსი არაფერია აღნიშნული. მიუხედავად ამისა, ასეც რომ ყოფილიყო, სწორედ მთავარი ინჟინრის პირდაპირი ვალდებულება იყო, ბრიგადის უსაფრთხოება და მისი წევრების გამორთულ და, არა - ძაბვის ქვეშ არსებულ ფიდერზე გაშვება.

17.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და 26-ე მუხლებით გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებისათვის ხელშემწყობი მოთხოვნები, რაც გულისხმობს მეწარმის უფლებასაც - თავისი შეხედულებით შეარჩიოს კონტრაგენტი, თავისი მიზნებიდან გამომდინარე დაიქირავოს და შეწყვიტოს პირთან შრომითი ურთიერთობები, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

17.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სშკ-ის 44-ე და სსკ-ის 44-ე მუხლები. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საწარმო, რომელმაც საქმის გარემოებები ჯეროვნად შეაფასა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

17.5. სშკ-ის 38.1 მუხლით გათვალისწინებული 1 თვის კომპენსაცია მოსარჩელეს სრული ოდენობით ჩაერიცხა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩარიცხვა რამდენიმე დღის დაგვიანებით შესრულდა, ყოველ დაგვიანებულ დღეზე დამატებით დაგვიანებული თანხის 0.07%-ის ჩარიცხვაც განხორციელდა.

2019 წლის 14 ივნისს, მოპასუხემ მოსარჩელეს ჯამურად ჩაურიცხა კომპენსაცია, 1 333.86 ლარი. სასამართლომ ბათილად ცნო სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება (რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს კომპენსაცია მიეცა), ხოლო მოსარჩელისათვის უკვე ჩარიცხული თანხა მოპასუხისათვის დაკისრებული შრომის ანაზღაურების ოდენობას არ გამოაკლო, რაც არასწორია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სარჩელი სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

20. განსახილველი სარჩელის ავტორს სამუშაოდან მისი განთავისუფლება უკანონოდ მიაჩნია და მანამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა სურს. მოსარჩელის აღნიშნული მიზანი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუკი დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების მართლზომიერება და, აქედან გამომდინარე, სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა დადასტურდება. დასახელებული მოთხოვნები სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლების სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქციიდან, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

21. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.

21.1. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.

21.2. დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების საფუძვლის კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო:

1). არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).

2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).

3). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

21.3. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტია (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 - ვებგვერდი, 5.10.2020წ.). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ასახულია შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილების № SG-1-18 დასკვნაში, სადაც აღნიშნულია შემდეგი:

შემოწმების შედეგების თანახმად, 2018 წლის 25 სექტემბერს შემოსული ინფორმაციის საფუძველზე შემოწმდა ჭიათურის მ/ცენტრში „განწესი N23-ით“ სამუშაოების მიმდინარეობისას სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების შესრულება.

სრულდებოდა შპს „დ–ის“ 6კვ. ძაბვაზე აღრიცხვის კვანძის მონტაჟისთვის 6კვ. კაბელის დაერთება ცგპ1-დან 6კვ. საყრდენზე, რომელზეც ორჯაჭვიანი ხაზი გადის. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ N23 განწესის გამცემმა მთავარმა ინჟინერმა სრულად არ განსაზღვრა სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებები (დარღვეულია უტწ მუხლი 7 პარაგრაფი „3“; 2), განწესი სწორად არ გასცა (დარღვეულია უტწ მუხლი 8 პარაგრაფი „14“; 3), განწესის გრაფაში „ცალკეული მითითებანი“, ხაზის ჩართვის შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა (დარღვეულია უტწ მითითებანი, ელექტროდანადგარებში სამუშაოდ „განწესი დაშვების“ შევსების შესახებ პარაგრაფი „თ“), აუცილებელი გამორთვები სრულად არ ჩაატარა (დარღვეულია უტწ მუხლი 21, პარაგრაფი „ა“).

ამავე დასკვნის მიხედვით, ადგილზე სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები სრულყოფილად არ შესრულდა, კერძოდ: არ იყო მოთხოვნილი, 110/35/6კვ. ქვესადგურის გამანაწილებელ მოწყობილობაში დამიწების დაყენება; ორი სხვადასხვა დავალება გაიცა, სახელდობრ, უსაფრთხოების მიზნით გამორთული N13 ფიდერი მომხმარებლის თხოვნით მოსარჩელემ დროებით ჩართო და შემდეგ გამორთო, ხოლო ბრიგადას უფლება მისცა, ჩართულ ხაზზე სამუშაო ადგილი მოემზადებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 25 სექტემბერს დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოიყენა, კერძოდ, 6 თვის ვადით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორა, ხოლო, 2019 წლის 30 აპრილს მიღებული სადავო გადაწყვეტილებით, იგივე საფუძვლით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

21.4. მოცემული საკითხის სამართლებრივი შეფასების ფარგლებში მოვიხმობთ საკასაციო პალატის შემდეგ განმარტებასაც:

სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ: Nას-416-399-16, 29.11.2016; Nას-812-779-2016, 19.10.2016; Nას-1276-1216-2014, 18.03.2015; Nას-483-457-2015, 7.10.2015).

21.5. პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება სათანადოდ ვერ დაასაბუთა, კერძოდ, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული ვალდებულებების დარღვევა არ წარმოშობდა დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისათვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის საკმარის წინაპირობას.

მოცემული საკითხის შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ, იგივე დარღვევასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ დამსაქმებელს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით ჩამოშორება) უკვე გამოყენებული ჰქონდა, მაშინ როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ არ შეიძლება პირს ერთი და იგივე ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რამდენჯერმე დაეკისროს, რადგან აღნიშნული კანონმდებლის ნებიდან არ გამომდინარეობს და დასაქმებულის ორმაგად დასჯის სტანდარტს ქმნის (შდრ. იხ. სუსგ: Nას-358-2022, 1.07.2022; Nას-539-539-2018, 21.12.2018).

ამდენად, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო არა რაიმე ახალი დარღვევა, არამედ ის ფაქტები, რაზეც დამსაქმებელს უკვე გამოყენებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი, შესაბამისად, ერთი და იგივე დარღვევაზე ორი დისციპლინური სახდელის დაკისრება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ შრომის კანონმდებლობას, არამედ სამოქალაქო სამართალში გაბატონებულ სამართლიანობის ზოგად პრინციპსაც, რომლითაც არ შეიძლება ერთი და იგივე ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა რამდენჯერმე დაეკისროს (შდრ. იხ. სუსგ Nას-466-2020, 23.02.2022).

21.6. მართალია, მოპასუხის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე მან კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლა 2018 წლის 20 სექტემბრის შემთხვევა, ინციდენტში მონაწილე დასაქმებულებს ახსნა-განმარტებები ჩამოართვა, დასაქმებულის მიერ გავლილი სწავლებები და საკვალიფიკაციო გამოცდები შეაფასა და სხვა მსგავს ცენტრებში ანალოგიურ სიტუაციაში პასუხისმგებელი პერსონალის ქმედებები გაანალიზა, მაგრამ რაკი კასატორს მითითებული ზოგადი ხასიათის განმარტების გარდა დამატებითი კვლევის შედეგად გამოვლენილ რაიმე ახალ გარემოებებზე არ მიუთითებია, სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილება მართებულად მიიჩნია არამართლზომიერად.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოებების (რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა) ერთობლივად შეფასება ქმნის, მათ შორის, პალატას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ დამსაქმებელ საწარმოში ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე მოსარჩელე არასდროს არ ყოფილა სახდელდადებული რაიმე გადაცდომისათვის და მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის მანძილზე ასეთი პრეტენზია დამსაქმებელს მოსარჩელის მიმართ არ ჰქონია.

22. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც არსებობდა, თუმცა ამჯერად უნდა შევეხოთ საკასაციო საჩივრებით შედავებულ ერთ-ერთ საკითხს - დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდურის ოდენობის მართლზომიერებას.

მოცემული საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამსაქმებელმა დასაქმებულს გადაუხადა კომპენსაცია, 1 333.86 ლარი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 105).

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, იძულებითმა განაცდურმა უნდა მოიცვას მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებული მითითებული კომპენსაცია და იგი დამსაქმებლისათვის დასაკისრებელ თანხას უნდა გამოაკლდეს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იძულებითი განაცდური მოპასუხეს შემდეგნაირად უნდა დაეკისროს: მას უნდა დაევალოს, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2019 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 320 ლარის (ხელზე ასაღები ხელფასი) ოდენობით, მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით გაცემული 1 333.86 ლარის გამოკლებით.

23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

24. სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ კასატორის (მოპასუხე) სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებულ ნაწილში დავის საგნის ფასი 47 520 ლარს შეადგენდა (სსსკ-ის 41.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), წინამდებარე გადაწყვეტილებით კასატორმა წარმატებას მისი ღირებულების 2.80% მიაღწია; ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 2 376 ლარს შეადგენს, მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟის, 66.52 ლარის გადახდა.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ე.პ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ე.პ.ჯ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (1-ლი პუნქტი) და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების 1.3 პუნქტი და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული;

3. სს ,,ე.პ.ჯ–ას“ ვ.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2019 წლის 30 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 320 ლარის (ხელზე ასაღები ხელფასი) ოდენობით, მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით გაცემული - 1 333.86 ლარის გამოკლებით;

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. მოსარჩელე ვ.ნ–ს მოპასუხე სს ,,ე.პ.ჯ–ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 66,52 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე