Facebook Twitter

საქმე №ას-1286-2020 22 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

კასატორი – გ.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ჩ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის დედა) და გ.ჯ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ბავშვის მამა) არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყოფებოდნენ. მათ შეეძინათ ორი შვილი: 1995 წლის 14 თებერვალს დაბადებული ქ. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც არასრულწლოვნის და) და 2009 წლის 24 დეკემბერს დაბადებული მ. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი).

2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.

3. 2016 წლის ივლისიდან მოსარჩელე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც იგი იმავე წლის სექტემბრიდან მუდმივად ცხოვრობს/დასაქმებულია და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

3.1. მოსარჩელე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მეუღლესთან, რ.ჯ.ჰ–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მეუღლე) ერთად, რომელიც ფლობს მამაპაპისეულ, სამსართულიან სახლს, 80 - წლიანი ოჯახური ცხოვრების ისტორიით. სახლი უსაფრთხო უბანში მდებარეობს და ქვეყნის საუკეთესო სამუსიკო სასწავლებელთან ორი საათის სავალზეა.

4. მოპასუხე ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილიც ყაზახეთია და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

5. არასრულწლოვანი 2016-2018 წლებში სსიპ გურჯაანის #2 საჯარო სკოლაში სწავლობდა. 2018 წლის სექტემბრიდან სსიპ თბილისის #123-ე საჯარო სკოლისა და ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლეა. ამჟამად, თბილისში, დასთან ცხოვრობს.

6. 2018 წლის 26 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტისა და სხვა პირადობის დამადატურებელი დოკუმენტის მიღების, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო ნებისმიერი საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტის მიღებაზე თანხმობის/ნებართვის გაცემისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გასამგზავრებლად საჭირო ნებართვის/თანხმობის გაცემის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი აქვს საქართველოში დაბრუნება და შვილებთან ერთად ცხოვრება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, არ ექნება საშუალება, ურთიერთობა იქონიოს შვილთან.

8. მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას (იხ. 31.05.2019 წ. დასკვნა).

9. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომებზე არასრულწლოვანმა განმარტა, რომ დედის მეუღლე ძალიან თბილი და კარგი ადამიანია და სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და მათთან ერთად ცხოვრება.

10. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტისა და სხვა პირადობის დამადატურებელი დოკუმენტის მიღების, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო ნებისმიერი საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტის მიღებაზე თანხმობის/ნებართვის გაცემისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გასამგზავრებლად საჭირო ნებართვის/თანხმობის გაცემის ნაწილში.

11. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებებისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის საფუძველზე და არასრულწლოვნის ორივე მშობლის საქართველოში არ ყოფნის/ცხოვრების პირობებში, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მისი ფიზიკური, ფსიქიკური, სულიერი მორალური აღზრდის მიზნებიდან გამომდინარე, ვლინდებოდა საცხოვრებლად დედასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მიზნით მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკმარისი წინაპირობა, ამასთან, მოპასუხეს შვილის მიმართ უნარჩუნდებოდა მშობლის ყველა სხვა უფლება.

13. სააპელაციო სასამართლოს გაჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13.1. კასატორის მტკიცებით, საქართველოში დაბრუნება მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიური ვითარების გამო ვერ შეძლო. მოსარჩელე ცდილობს, არასრულწლოვანი მამის მიმართ უარყოფითად განაწყოს, ბავშვი კი აცხადებს, რომ მხოლოდ ამერიკის დათვალიერება სურს და არა იქ ცხოვრება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას ფსიქოლოგი არ მონაწილეობდა, ხოლო ე.წ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით შეილახა არამარტო მშობლის, არამედ მცირეწლოვნის ინტერესები მისი მომავალი აღზრდის პირობების გაურკვევლობის გამო.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ

გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნა, სსკ-ის 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1205-ე (მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად), 1197-ე (ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში), 1198-ე მუხლის პირველი პუნქტისა და (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) 1199-ე (მშობლის უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს) მუხლებიდან გამომდინარეობს, რომელთა ფარგლებშიც კანონმდებლობით დადგენილია მშობელთა თანაბრობის პრინციპი არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის სასარგებლო მოქმედებათა განხორციელებაში, თუმცა რაკი საკითხი მეტად მგრძნობიარე თემას უკავშირდება გადამწყვეტია სასამართლოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამორკვევა, რომელიც ნებისმიერ სხვა ინტერესს, იქნება ეს მშობლის სუვერენული უფლება თუ სხვა, გადაწონის.

17. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება ასახულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის (შემდგომში _ კონვენცია) მე-3 მუხლში, რომლის თანახმადაც, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

18. კონვენციის ხსენებული დებულებები ფართო განმარტებას ექვემდებარება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება სამგანზომილებიანია:

(ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად და გარანტია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილ იქნას სასამართლოს წინაშე.

(ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის.

(გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სხვადასხვა სახის ვალდებულებისთვის:

(ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე;

(ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესო ინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში.

(გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას.

19. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზანია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს, უნდა ითვალისწინებდეს მის საუკეთესო ინტერესებს, როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებული არიან ბავშვებთან. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები პირდაპირ არ არიან ნახსენები მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, ბავშვის საუკეთესო ინტერესები „უნდა იყოს მათი მთავარი საზრუნავი“ (მე-18 მუხლის პირველი პუნქტი). ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას, კონკრეტული ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

(ა) საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ კონტექსტში უნდა განისაზღვროს, თუ რომელია შესაბამისი ელემენტები საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის, მიენიჭოს მათ კონკრეტული შინაარსი და პრიორიტეტი ერთმანეთთან მიმართებაში;

(ბ) ამისათვის დაცული უნდა იქნეს ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებსა და უფლების სათანადო გამოყენებას.

20. ამავდროულად, „საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა“ წარმოადგენს ოფიციალურ პროცესს მკაცრი საპროცესო გარანტიებით, რომელიც შექმნილია ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსასაზღვრად საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. წინამდებარე განჩინების კვლევის საგანს უპირველესად არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო; კერძოდ, იმის დადგენა, არის თუ არა არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი პასპორტისა და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო ნებისმიერი საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტის მიღებაზე თანხმობის/ნებართვის გაცემისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გამგზავრებისთვის საჭირო ნებართვის/თანხმობის გაცემის ნაწილში, კასატორისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა.

20.1. ამ მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

20.2. კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.

მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი).

მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

საკასაციო სასასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე - ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.

21. დადგენილია, რომ არასრულწლოვნის მშობლები ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, თავად არასრულწლოვანი კი, საქართველოში - დასთან ერთად იმყოფება. კასატორი არასრულწლოვან შვილს დისტანციურად, სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტება და მისი ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს არ უნდა შეეზღუდა მისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - არასრულწლოვანი შვილის, საზღვარგარეთ გაყვანასთან და საზღვარგარეთის პასპორტების მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, ვინაიდან აპირებდა ყაზახეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია.

ნიშანდობლივია, რომ "უახლოეს პერიოდში" საქართველოში დაბრუნების განზრახვის შესახებ მოპასუხის პოზიცია თავდაპირველად პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გაჟღერდა (2019 წლის 06 მაისის შესაგებელი). აღნიშნული განმარტების მიუხედავად, დასახელებული პერიოდიდან საკასაციო საჩივრის განხილვამდე კასატორი საქართველოში არ დაბრუნებულა და ამიტომ მისი განცხადება საკასაციო პალატას არადამაჯერებელად მიაჩნია.

ამდენად, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ რეალურად აპირებს საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას, რადგან აღნიშნული მარტოოდენ მხარის სუბიექტური პოზიცია და ვარაუდებია და არ არის გამყარებული სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არაა არც ერთი დოკუმენტი ან სხვა ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივი შეზღუდვის პირობებში ბავშვის ინტერესებს რაიმე ხასიათის ხელყოფა ემუქრება.

22. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ არსებულ დასკვნაზე - „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სახელდობრ, კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

24. საქმეში “საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (Sahin v. Gernamy [GC], no.30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).

25. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებებს, რომლებიც კასატორის მხრიდან გაქარწყლებული ვერ იქნა და მიაჩნია, რომ სახეზეა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის წინაპირობები; ამასთან ასეთი ხასიათის შეზღუდვა სრულად შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატეს ინტერესებს.

26. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

28. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე