13 იანვარი 2023 წელი
საქმე №ას-1303-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ე.კ–ია, ი. ჯ–ა, შ. ჯ–ა, კ. ჯ–ა, დ. ჯ–ა, გ.გ–ია
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. მისო „რ.ე–სი“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. მისო „რ.ე–სი“-ს სარჩელი მოპასუხეების ე.კ–იას, ი. ჯ–ას, შ. ჯ–ას, კ. ჯ–ას, დ. ჯ–ასა და გ.გ–იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შ.პ.ს. მისო „რ.ე–სი“-ს კუთვნილი უძრავი ნივთი, რომლის მისამართი და მახასიათებლებია: ქალაქი ფოთი, ...., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.კ–იამ, ი. ჯ–ამ, შ. ჯ–ამ, კ. ჯ–მა, დ. ჯ–ამ და გ.გ–იამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ე.კ–ისა, ი. ჯ–ას, შ. ჯ–ას, კ. ჯ–ას, დ. ჯ–ასა და გ.გ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე.კ–იამ, ი. ჯ–ამ, შ. ჯ–ამ, კ. ჯ–ამ, დ. ჯ–ამ და გ.გ–იამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ე.კ–იას, ი. ჯ–ას, შ. ჯ–ას, კ. ჯ–ას, დ. ჯ–ას და გ.გ–იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. აღნიშნული განჩინება ე.კ–იას, ი. ჯ–ას, შ. ჯ–ას, დ. ჯ–ასა და გ.გ–იას წარმომადგენელ მ.ა–ძეს ჩაბარდა 2022 წლის 26 ოქტომბერს ხოლო კასატორ კ. ჯ–ას აღნიშნული განჩინება გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ, მაგრამ მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა ვერცერთხელ იმ მიზეზით, რომ ფოსტის თანამშრომელს მისამართზე არავინ დახვდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კ. ჯ–ას საჯარო შეტყობინებით ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მეშვიდე დღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება საჯაროდ გავრცელდა 2022 წლის 19 დეკემბერს და როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჯაროების პერიოდად მიეთითა 7 დღე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს მიეცათ 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
10. ზემოაღნიშნული განჩინება ე.კ–იას, ი. ჯ–ას, შ. ჯ–ას, დ. ჯ–ასა და გ.გ–იას წარმომადგენელ მ.ა–ძეს (იხ. მინდობილობები, ტ.1. ს.ფ. 175-181) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარდა (იხ. ჩაბარების დასტური). ხოლო რაც შეეხება კ. ჯ–ას, მას ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ, თუმცა გზავნილის მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ კ. ჯ–ას საჯარო შეტყობინებით ეცნობა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ და ზემოაღნიშნული განჩინება მისთვის ჩაბარებულად ითვლება საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან, 2022 წლის 19 დეკემბრიდან, 7 დღის გასვლის შემდეგ - 2022 წლის 26 დეკემბერს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
12. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის ე.კ–იას, ი. ჯ–ას, შ. ჯ–ას, დ. ჯ–ასა და გ.გ–იას წარმომადგენელ მ.ა–ძისათვის 2022 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა 2022 წლის 07 ნოემბერს (ვადის უკანასკნელი დღე - 05 ნოემბერი დაემთხვა უქმე დღეს) ამ დროის განმავლობაში კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
13. რაც შეეხება კასატორ კ. ჯ–ასთვის გზავნილის ჩაბარების წესის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
14. როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე კ. ჯ–ას ვერ ჩაბარდა სასამართლოს განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინების შინაარსი საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა მას. სასამართლო, შეტყობინებას მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს 2022 წლის 26 დეკემბერს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის საჯარო შეტყობინების შესახებ განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2022 წლის 19 დეკემბერს და გასაჯაროების პერიოდად მიეთითა 7 დღე). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 27 დეკემბერს და ამოიწურა 2023 წლის 09 იანვარს (ვადის უკანასნკელი დღე - 05 იანვარი დაემთხვა უქმე დღეს) ამ დროის განმავლობაში კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.კ–იას, ი. ჯ–ას, შ. ჯ–ას, კ. ჯ–ას, დ. ჯ–ასა და გ.გ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი