Facebook Twitter

საქმე № ას-572-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „კ.მ.ც–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ლ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2016 წლის 05 მარტს შპს ,,ნ.ლ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, შემსრულებელი) და შპს „კ.მ.ც–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამკვეთი) შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემკვეთისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური.

2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი თან ერთვის ხელშეკრულებას ,,ა’’ დანართის სახით, სამშენებლო პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს სამუშაო თან ერთვის ხელშეკრულებას ელექტრონული ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და სამუშაოების წარმოების ღირებულებას. სამუშაოთა სრული ღირებულება შეადგენს 2 813 502 ლარს. ამავე ხელშეკრულების 6.4-6.5 პუნქტების თანახმად განისაზღვრა, რომ, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, შემკვეთი შემსრულებელს ავანსის სახით გადაუხდის 300 000 ლარს. სამუშაოს დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, შესაბამისი მიმდინარე ფორმა 2-ისა და ფორმა 3-ის გათვალისწინებითა და საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს შემკვეთის მიერ. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან თუკი სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული ხელშეკრულების დანართი 1-ით და მოქმედებს მხარეთა მის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

3. ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ჯამური ღირებულებით 2 529 518 ლარი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 2 304 463 ლარი. მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა დარჩენილი თანხის - 225 055 ლარის გადახდა.

4. 2018 წლის 22 იანვრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ გადასახდელად დარჩენილი 225 055 ლარიდან 130 390.40 ლარი არ ექვემდებარებოდა გადახდას, ვინაიდან შემკვეთმა გამოავლინა რიგი შეუსაბამობები და გადახრები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფორმა 2-ებთან და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით. დარჩენილი 94 664.56 ლარი ექვემდებარებოდა გადახდას, თუ დამატებითი ალტერნატიული გადათვლების შედეგებით აღნიშნული იქნებოდა შესაძლებელი.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის დასკვნის თანახმად, 2016 წლის 05 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ცხრა ეტაპად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაცვლად 2 529 517.94 ლარისა, შეადგენს 2 417 505.82 ლარს და, ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით, ნაკლებობა შეადგენს 112 012.12 ლარს.

6. 2021 წლის 14 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა აღიარებული დავალიანების 94 664.56 ლარის გადახდის შესახებ მოთხოვნით და ამისათვის განუსაზღვრა ხუთდღიანი ვადა.

7. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ნ.ლ–მა“ სარჩელი აღძრა შპს ,,კ.მ.ც–ის“ წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თავის სასარგებლოდ 94 664.56 ლარის დაკისრება.

8. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, 2018 წლის 22 იანვრის წერილი არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას, შესაბამისად, მოსარჩელე მოკლებულია ამ დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვოს მისგან თანხის გადახდა. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია. კერძოდ, 2016 წლის 05 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ გადახდა დაიწყო 2017 წლის 05 აპრილს და დაასრულდა 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს. ამის შემდეგ მას გადახდა აღარ უწარმოებია. მითითებული დროიდან კი, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან ვინაიდან შემკვეთმა ბოლო გადახდა 2017 წლის 31 ოქტომბერს შეასრულა, მენარდემ ამ მომენტიდან იცოდა მისი დარღვეული უფლების შესახებ. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენაც ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა. ამდენად, რაკი დადგენილია, რომ სარჩელი 2021 წლის 21 იანვარსაა შეტანილი, მენარდის მოთხოვნა ხანდაზმულია.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 94 664.56 ლარის გადახდა.

10. სააპელაციო მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს ,,კ.მ.ც–ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლზე, რომელიც აწესრიგებს ასეთი სახის სამართალურთიერთობას და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 5 მარტს, მოსარჩელესა (შემსრულებელი/მენარდე) და მოპასუხეს (შემკვეთი) შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულება. მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 417 505.82 ლარის სამუშაო. შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 2 304 463 ლარი. შემკვეთს ასანაზღაურებელი დარჩა 112 012.12 ლარი (მენარდე სარჩელით მოითხოვს უფრო ნაკლები თანხის - 94 664.5 ლარის გადახდას). აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, მართალია, აპელანტი (შემკვეთი) არ ედავება, მაგრამ მიიჩნევს, რომ მენარდის სარჩელი ხანდაზმულია. კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან (ნარდობიდან) გამომდინარეობს, ამ მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

11.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შემკვეთის 22.01.2018 წლის წერილით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. კერძოდ, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მითითებული წერილის ვალის კაუზალურ აღიარებად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნა, რომ ასეთი აღიარება, სსკ-ის 137-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას) მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია. კაუზალური ვალის აღიარება მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ, რომელიც უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს. განსახილველ შემთხვევაში, 22.01.2018 წლის შემკვეთის წერილი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ, რომელიც შეიცავს დაპირების ელემენტს. კერძოდ, ამ წერილით შემკვეთი მენარდეს ჰპირდება ნადრობითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავალიანების - 94 664.5 ლარის გადახდას. ამასთან, შემკვეთი გადახდის ერთგვარ პირობასაც ადგენს. კერძოდ, აღიარებული თანხის გადახდის ვალდებულებას იმ შემთხვევაში კისრულობს, თუ ალტერნატიული გადათვლით მოთხოვნა დადასტურდება. სააპელაციო პალატის მითითებით, ალტერნატიული გადათვლის ერთ-ერთ შესაძლებლობას საექსპერტო კვლევა წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ შემკვეთს გადასახდელი აქვს მის მიერ აღიარებული თანხა (ამ დასკვნით გადასახდელი თანხა მეტია, თუმცა მოსარჩელე მხოლოდ აღიარებული თანხის გადახდას მოითხოვს).

11.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ არსებობს შემკვეთის კაუზალური აღიარება, რომელიც მოთხოვნის უფლებას წარმოშობს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და იმავდროულად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია სსკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით. ამ ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობის თაობაზე (შდრ: იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).

11.5. პალატამ საბოლოოდ დაადგინა, რომ ვალის კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა თავიდან იწყება. ამასთან, სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მქონე იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში, 22.01.2018 წლის წერილით, შემკვეთმა ვალდებულება იმ დროს აღიარა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო (თავად აპელანტის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადა 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გავიდა). ამდენად, რაკი შემკვეთის კაუზალური აღიარებით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და ახლიდან დაიწყო (ყველაზე ადრე 2018 წლის 22 იანვრიდან), განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არაა, რადგან სარჩელი 2021 წლის 21 იანვარსაა შეტანილი. ამასთან, ისიც ლოგიკურია, რომ ხანდაზმულობის ვადის ახლიდან დაწყება ექსპერტის დასკვნის შეტყობის მომენტს (15.05.2018წ.) დაუკავშირდეს, რადგან თავად შემკვეთმა აღიარებული თანხის გადახდა სწორედ ალტერნატიულ გადათვლას დაუკავშირა. ცხადია, ამ შემთხვევაში, მოთხოვნა მით უფრო არაა ხანდაზმული, რადგან მოსარჩელეს სარჩელის შეტანა 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით შეეძლო.

11.6.ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11.7.კასატორის მოსაზრებით, განჩინება ხანდაზმულობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას, რადგან სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის სახითხი, კერძოდ, საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ თუ კასატორს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2017 წლის 11 ოქტომბერს და 2017 წლის 31 ოქტომბრისთვის ასანაზღაურებელმა თანხამ ამ პერიოდისთვის შეადგინა 225 080 ლარი, რატომ დაუკავშირა სასამართლომ მოთხოვნის წარმოშობა ექსპერტიზის 2018 წლის 15 მაისის დასკვნას, ან 2018 წლის 22 იანვრის წერილს.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

20. სსკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

21 ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარების დანიშნულება ვალის არსებობის თაობაზე ეჭვებისა და შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილებაა. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს. შესაბამისად, დეკლარაციული ვალის აღიარება ფორმასავალდებულო გარიგება არ არის. დეკლარაციული ვალის აღიარების სამართლებრივი შედეგი ვალის არსებობის დადასტურება და შემდგომი დავების თავიდან აცილებაა, ხოლო დავის შემთხვევაში, მტკიცების პროცესის გამარტივება (მესხიშვილი ქ. ,,ვალის აღიარება, თეორია და სასამართლო პრაქტიკა“ 5-6, http://www.library.court.ge/upload/valis_aRiareba.pdf ).

22. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის მთავარ საკასაციო შედავებას წარმოადგენს ვალის აღიარების არარსებობა და შედეგად, მოთხოვნის ხანდაზმულობა. თუ რამდენად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ვალის აღიარებად ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოცემული საქმის ფარგლებში გახდა სადავო.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. კერძოდ, დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება, სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას), უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს (იხ. ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.12; შეადრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, თბილისი, მუხლი 341, ველი 24). შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის, მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ №ას-1029-949-2017, 23.02.2018წ.). ამ მხრივ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ 22.01.2018 წლის შემკვეთის წერილი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ, რომელიც შეიცავს დაპირების ელემენტს. კერძოდ, ამ წერილით შემკვეთი მენარდეს ჰპირდება ნადრობითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავალიანების - 94 664.5 ლარის გადახდას. ამასთან, შემკვეთი გადახდის ერთგვარ პირობასაც ადგენს. კერძოდ, აღიარებული თანხის გადახდის ვალდებულებას იმ შემთხვევაში კისრულობს, თუ ალტერნატიული გადათვლით მოთხოვნა დადასტურდება. პალატის მოსაზრებით, ალტერნატიული გადათვლის ერთ-ერთ შესაძლებლობას საექსპერტო კვლევა წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ შემკვეთს გადასახდელი აქვს მის მიერ აღიარებული თანხა (ამ დასკვნით გადასახდელი თანხა მეტია, თუმცა მოსარჩელე მხოლოდ აღიარებული თანხის გადახდას მოითხოვს). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ არსებობს შემკვეთის კაუზალური აღიარება, რომელიც მოთხოვნის უფლებას წარმოშობს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და იმავდროულად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია სსკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით.“

24. განსახილველ შემთხვევაში, 22.01.2018 წლის წერილით, შემკვეთმა ვალდებულება იმ დროს აღიარა, როდესაც ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო (თავად აპელანტის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადა 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გავიდა). ამდენად, რადგან შემკვეთის კაუზალური აღიარებით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და ახლიდან დაიწყო (ყველაზე ადრე 2018 წლის 22 იანვრიდან), მენარდის მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არაა, რადგან სარჩელი 2021 წლის 21 იანვარსაა შეტანილი.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

27.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილია 4 733.30 ლარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% - 3 313.31 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.მ.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „კ.მ.ც–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №133, გადახდის თარიღი 2021 წლის 21 დეკემბერი), 4 733.30 ლარის 70% - 3 313.31 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე