საქმე №ას-1209-2018 15 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (უფლებამონაცვლე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ-ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 21 სექტემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 42 971,25 ლარის გადახდა.
3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
4. საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ ჩაბარებია სარჩელი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის უცნობი იყო აღნიშნული საქმის წამოების შესახებ. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, მოპასუხისათვის განკუთვნილი გზავნილი - სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა პ. პ–ს, რომელიც არ წარმოადგენს მოპასუხესთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ პირს. ასეთი სახელითა და გვარით კომპანიაში არასდროს ყოფილა ვინმე დასაქმებული. შესაბამისად, მისთვის გზავნილის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით ჩაბარებად ვერ ჩაითვლება. საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს წარმოადგენს პ. პ–ი, შესაბამისად, მას გააჩნია ინტერესი, რომ კომპანია სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში იყოს ქმედუნარიანი და ჰქონდეს საქმის განხილვისთვის მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. პ–ი წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა მოპასუხესთან და ამავე დროს შეეძლო სარჩელისა და თანდართული მასალების შესახებ კომპანიის დირექტორისათვის ეცნობებინა.
7. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 241-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
8. ზემოაღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე კომპანია დაფუძნდა 1996 წლის 09 იანვარს. ამ პერიოდში სარეგისტრაციო დოკუმენტებში დამფუძნებელ პარტნიორებად მითითებულები იყვნენ: ი.მ–ი, ი.მ–ი, მ.მ–ი და პ. პ–ი. სამეწარმეო საზოგადოებაში წილის გასხვისების შესახებ 21.03.2002წ. ხელშეკრულებით პ. პ–მა კომპანიაში მისი კუთვნილი წილი მიჰყიდა თ.მ–ს, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა კომპანიის წესდებაში და 3.1 პუნქტში კომპანიის პარტნიორებად მიეთითნენ მხოლოდ - მ.მ–ი, ი.მ–ი და თ.მ–ი. შესაბამისად, 2022 წლიდან პ. პ–ი აღარ წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებელს. ამასთან, საქმის მასალებიდან არ დგინდება აღნიშნული პირის კომპანიასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, პ. პ–ისათვის გზავნილის ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 73.8, 74-ე, 2321-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
13. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სარჩელი არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 11 იანვარს ჩაბარდა კომპანიის წარმომადგენელს, პ. პ–ს (ცეხის უფროსი), კომპანიის იურიდიულ მისამართზე - ადიგენი, ....... ამდენად, გზავნილი ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა მოპასუხესთან. თუმცა, ამ უკანასკნელს დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო;
13.2. პ. პ–ი წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. მან გზავნილზე ხელმოწერით დაადასტურა მისი მიღება, რაც სასამართლოს აძლევდა მოპასუხის ინფორმირებულობის ვარაუდის საფუძველს;
13.3. მოპასუხე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში და სასამართლო სხდომაზე მიუთითებდა, რომ პ. პ–ი მათთვის სრულიად უცხო პიროვნება იყო, თუმცა მოსარჩელემ წარადგინა წესდება, სადაც კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებლად სწორედ პ. პ–ია მითითებული. მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტა მოპასუხის წარმომადგენელმა ემტკიცებინა, რომ პ. პ–ს მისთვის გზავნილი არ გადაუცია;
13.4. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გზავნილი კომპანიას ჩაბარდა მის იურიდიულ მისამართზე, ხოლო ჩაბარების დასტურზე მითითებულია პ. პ–ის სამართლებრივი ურთიერთობა მოპასუხესთან - ცეხის უფროსი. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმავე მისამართზე ჩაბარდა სხვა პირს გ. მ–ძეს, რომელთან დაკავშირებითაც 10.10.2016წ. გზავნილზე მითითებულია, რომ არის მექანიკოსი, ხოლო 17.11.2016წ. გზავნილზე ცეხის უფროსი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების მართლზომიერება. კერძოდ, ის საკითხი, სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა თუ არა კომპანიის უფლებამოსილ პირს.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
20. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
21. შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
22. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების ფაქტი. კერძოდ, მოპასუხე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, ასევე, სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ პ. პ–ი, რომელსაც ჩაბარდა მოპასუხისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები, გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, რასაც კასატორი არ ეთანხმება.
23. სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ჩაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კანონის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
24. ამდენად, ორგანიზაციისათვის გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩაბარდება კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს.
25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე: ადიგენი, ...... და ჩაბარდა პ. პ–ს, რომელიც სადავო არ არის, რომ გზავნილის ჩაბარების დროისათვის (11.01.2016წ.) კომპანიის პარტნიორს აღარ წარმოადგენდა. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მისი კომპანიაში დასაქმების ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პ. პ–ისათვის გზავნილის ჩაბარება მისი უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებად ვერ მიიჩნევა.
26. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ამრიგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებელია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
28. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ" ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე