საქმე №ას-1169-2019 16 დეკემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – მ.ა–ას, ლ.წ–სა და ა.ჯ–ას წარმომადგენელი ი.პ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.კ“ (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არ არსებობის აღიარება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ა–ას (შემდეგში: ავტომანქანის მყიდველი, მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შპს ,,ე.კ’’-ის სარჩელი (შემდეგში: საწარმო, მოპასუხე, გამსხვისებელი, აპელანტი) სარჩელი ავტომანქანის მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების: ლ.წ–სა და ა.ჯ–ას წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა (მყიდველისა და გამსხვისებლის სარჩელები ერთ წარმოებად არის გაერთიანებული);
1.1. ზემოხსენებული გადაწყვეტილებით 2016 წლის 1 ივნისიდან აღიარებულ იქნა გამსხვისებელი საწარმოს წინაშე მყიდველის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა 2016 წლის 1 ივნისის N 131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ’’ N 136980/T ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის N 136980/T სესხის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის N 136980/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით გამსხვისებელი საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2.1. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
2.2. ავტომანქანის მყიდველის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
2.3. დადგინდა 2016 წლის 1 ივნისიდან გამსხვისებელი საწარმოს წინაშე მყიდველის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა 01.06.2016წ. N 131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. N 136980/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე;
2.4. მყიდველი გათავისუფლდა 01.06.2016წ. N 131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №136980/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისგან.
2.5. ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს მყიდველის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა დაეკისრა;
2.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გამსხვისებელ საწარმოს მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ (სარჩელის, შესაგებლის წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ხარჯის; 2. შესაგებლის, შუამდგომლობების და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების; 3. მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის; 4. საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული დანახარჯის; 5. სასამართლოში მოპასუხის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯის) 150 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში აპელანტებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
2.7. მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს 60 ლარის გადახდა დაეკისრა;
2.8. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ 70 ლარის გადახდა დაეკისრა;
2.9. იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ 400 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. ავტომანქანის მყიდველმა და სოლიდარულად თავდებმა პირებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის შემაჯამებელი გადაწყვეტილების (იხ. მე-2 პუნქტი) გაუქმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელითა და სააპელაციო საჩივრით (ასევე პროცესის ხარჯებზე სააპელაციო საჩივარსა და სააპელაციო შესაგებელში ჩამოყალიბებული შუამდგომლობებით) ამ ნაწილზე წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც უცვლელად დარჩა ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოწვევაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინება;
3.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, საქმის არსებითი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საკასაციო განაცხადი, შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე არაერთი განცხადება წარმოადგინა კასატორთა წარმომადგენელმა - ადვოკატმა ი.პ–მა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო აქტებში კასატორი მხარის ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატის ვინაობის მითითება;
3.3. კასატორთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ არაერთი განჩინება ისეა მომზადებული, თითქოს კასატორ მხარეს არ ჰყოლია ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატი და თითქოს მხარე საკუთარ უფლებებსა და ინტერესებს დამოუკიდებლად იცავს, პრაქტიკოსი ადვოკატის დახმარებისა და პროცესში მისი მონაწილეობის გარეშე. კასატორთა ადვოკატი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 249-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით „გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა,სასამართლო სხდომის მდივანი, მხარეები, წარმომადგენლები, დავის საგანი“. ადვოკატს მიაჩნია, რომ „როგორც მოსამართლის, ასევე ადვოკატის შრომა, კვალიფიკაცია, კომპეტენცია, გამოცდილება, პროფესიული წვრთნა და არსებულ სამართლებრივ სივრცეში მისი ოპერირების ადეკვატურობა ვლინდება საქართველოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებებიდან და ცალკეულ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება აფასებს არა მარტო მოსამართლეს, არამედ ადვოკატს, რამეთუ მოსამართლის შთაგონების, მისი განვითარების, მისი პროფესიული გემოვნების დახვეწის, მისი თვალსაწიერის გაზრდის, იშვიათ პრობლემებზე დაფიქრების ინიციატორი, პროცესის ცენტრალური ფიგურა, ღერძი და სასამართლოს განვითარების მთავარი მამოძრავებელი არტერიაა“;
3.4. ადვოკატს მიაჩნია, რომ გულდასაწყვეტია ადვოკატის ვინაობის მიუთითებლობა სასამართლო აქტებში, რადგან „სწორედ პრაქტიკოსი ადვოკატია მხარესთან ერთად, რომლის უგულებელყოფა გადაწყვეტილებიდან არც სამართლებრივი კულტურის, არც ურთიერთობის წესის, არც სასამართლოსა და ადვოკატს შორის საპროცესო დიალოგის და არც გადაწყვეტილების შექმნის საუკეთესო სტილად უნდა შეფასდეს, მაშინ როდესაც სასამართლო მუდმივად ხვეწს გადაწყვეტილების მიღების წერილობით კულტურას და მნიშვნელოვანი ძალისხმევა იხარჯება აღნიშნულზე“;
3.5. ადვოკატი უთითებს სსსკ-ის 260-ე მუხლის მოწესრიგებაზე, რომლის მიხედვით: 1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. 2. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“. კასატორთა ადვოკატს მიაჩნია, რომ მხარის წარმომადგენელი ადვოკატის მიუთითებლობა ერთგვარად ადვოკატის უპატივცემულობად უნდა იქნეს მიჩნეული სასამართლოს მხრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოს განჩინების შინაარსისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ უსწორობის გასწორების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანისათვის რაიმე ვადები არ არის გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის, ასევე აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია უსწორობის გასწორება გადაწყვეტილების აღსრულების დამთავრებამდე. მთავარი ისაა, რომ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა არ უნდა იწვევდეს მისი შინაარსის, სარეზოლუციო ნაწილის ცვლილებას, რომლითაც აღმასრულებელი ორგანო ხელმძღვანელობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი; 2004წ; გვ.431-432; იმავე თანაავტორთა მიერ 2007 წელს გამოცემული კომენტარი; გვ.454-455;);
5. სსსკ-ის 260-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. 3.5 ქვეპუნქტში) პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია გადაწყვეტილებით (განჩინებით) დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე „დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი; 2004წ; გვ.431-432; იმავე თანაავტორთა მიერ 2007 წელს გამოცემული კომენტარი; გვ.454-455; შეად. სუსგ-ებს: №ას-1369-2020; 20.04.2021წ; N ას-305-2021, 30.06.2021წ; N ას-223-2022. 12.12.2022წ.).
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების მონაწილე პირისა და მხარის წარმომადგენლის როლი და ფუნქცია მნიშვნელოვანია სამართალწარმოების პროცესში, ამასთან პროცესუალურად ადვოკატი იმ მხარედ განიხილება, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაწილოებს კონკრეტულ დავაში. მხარისა და მისი წარმომადგენელი ადვოკატის ერთ მხარედ მიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას ეფუძნება, კონკრეტულად კი, VIII თავის (მუხლები 70-78) - სასამართლო შეტყობინება და დაბარება- მოწესრიგებას, რომლის საფუძველზე კანონმდებელს მკაფიოდ აქვს გამოვლენილი ნება, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს აცნობოს სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. საპროცესო კანონი უწყების ჩაბარებას მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, თუ ერთ-ერთ მათგანს ჩაბარდება სსსკ-ის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და ა.შ. სსსკ-ის 79-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვინ მიიჩნევა მხარედ სამოქალაქო პროცესში, კერძოდ: „1. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. 2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები“. სწორედ ამ ნორმიდან გამომდინარე და მის საფუძველზეა განმარტებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარში, რომ დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა და სხვა(იხ. წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტები). ამდენად, სასამართლო აქტში დაშვებულ უსწორობად ვერ იქნება მიჩნეული მხარის წარმომადგენლის მიუთითებლობა და არ არის გაზიარებული ადვოკატის განცხადებაში აღნიშნული პრეტენზია;
7. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე N ას-1169-2019 მიღებულ საპროცესო აქტებში-სასამართლო განჩინებებში უსწორობის გასწორების საფუძველი, რადგან განჩინებებში მოსარჩელის წარმომადგენელი ადვოკატის ვინაობის მიუთითებლობა არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობას; საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აქტების უსწორობის გასწორების საფუძველი კი ვერ გახდება მხოლოდ მხარის სურვილი, მითითებული იქნეს ადვოკატის ვინაობა. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებში სწორად არის მითითებული მხარეთა პერსონალური მონაცემები და სხვა რეკვიზიტები, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას კანონით დადგენილი წესით და არ ხელყოფს მხარეთა უფლებებს. კასატორის პრეტენზიის პასუხად, სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის მიუთითებლობა განჩინების შესავალ ნაწილში არ ნიშნავს სასამართლოს უპატივცემლობას ადვოკატის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 260-ე, 284-ე, 264.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა–ას, ლ.წ–სა და ა.ჯ–ას წარმომადგენელ ი.პ–ის განცხადება, უსწორობის გასწორების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური