Facebook Twitter

საქმე №ას-1169-2019 6 აგვისტო, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – მ.ა–ა, ლ.კ–ი, ა.ჯ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.კ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილება, და 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინების ექსპერტის მოწვევაზე უარის თქმის შესახებ გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არ არსებობის აღიარება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.შპს ,,ე.კ’’-სა (შემდეგში: საწარმო, მოპასუხე, გამსხვისებელი, აპელანტი) და მ.ა–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი ან კასატორი) შორის, 2016 წლის 1 ივნისს, ნასყიდობის N 131596/T ხელშეკრულება გაფორმდა; ამ ხელშეკრულებით მოსარჩელემ შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: მარკა - SAAB, ტიპი - სედანი, მოდელი - 9.5, სატრანსპორტო საშუალების უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი: ....., სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: ....., გამოშვების წელი - 2000წ. ნასყიდობის საგნის ფასი 2200 აშშ დოლარით განისაზღვრა.

2.საწარმოსა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 1 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N 136980/T; ასევე - სესხის ხელშეკრულება N 136980/T და N 136980/T შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. ხელშეკრულებით საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა 2500 აშშ დოლარით განისაზღვრა.

3. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა გამსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).

4. მხარეებს შორის გაფორმებული N 136980/T სესხის ხელშეკრულებით სესხის ოდენობა 2295,00 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც მსესხებელს 24 თვის ვადაში ყოველთვიურად 151 აშშ დოლარის გადახდით უნდა დაეფარა. სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი კი 4%-ით განისაზღვრა.

5. სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა, ასევე, გამსხვისებელ საწარმოსა და ლ.კ–ს, ა.ჯ–ას შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით.

6. ავტომანქანა 2016 წლის 8 ივნისს მყიდველის სახელზე დარეგისტრირდა.

7. მყიდველის მიერ შეძენილმა და მის მფლობელობაში არსებულმა ავტომანქანამ 2016 წლის 1 ივნისს რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზაზე ექსპლუატაციისას შეწყვიტა მუშაობა.

8. ხელშეკრულებების დადების დღესვე, 2016 წლის 1 ივნისს, კომპენსაციის გადახდის შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გამსხვისებელმა საწარმომ აღიარა გაყიდული ავტომანქანის ნაკლი, ძრავის დაზიანება და მყიდველს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია - 400 აშშ დოლარი გადასცა.

9. 2016 წლის 28 ივნისს მყიდველმა წერილობით მიმართა გამსხვისებელ საწარმოს და მოითხოვა ავტომანქანისათვის აღმოჩენილი ნაკლის აღმოფხვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველი უარს იტყოდა ხელშეკრულებაზე.

10. 2016 წლის 1 აგვისტოს მყიდველის წერილით გამსხვისებელ საწარმოს ეცნობა, რომ მყიდველი გადიოდა ხელშეკრულებიდან.

11. გამსხვისებელმა საწარმომ 2016 წლის ოქტომბერში მყიდველისაგან ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიბრუნა.

12. გამსხვისებელი საწარმოს მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს: მყიდველს და სოლიდარულად თავდებ პირებს - ლ.კ–ისა და ა.ჯ–ას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) გააჩნდათ დავალიანება, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა - 2 045,00 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული სარგებელი - 597,13 აშშ დოლარი.

13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2016 წლის 19 სექტემბრის №005552716 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის SAAB - .., სახელმწიფო ნომრით ...., გამოშვებული 2000 წელს, ვიზუალური და ტექნიკური შემოწმებით დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომობილის ძრავი, კერძოდ, გართულებულია მისი გაშვება, ძრავი მუშაობს მხოლოდ აქსელერატორზე ზემოქმედებით, მუშაობისას ვერ ხერხდება ბრუნების სტაბილიზაცია და აღენიშნება დეტონაცია. ძრავი გაუმართავ მდგომარეობაშია და წარმოდგენილი სახით მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია. კონკრეტული დაზიანებული დეტალების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ძრავის დეტალური დაშლის შემდეგ.

14. მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები

14.1. გამსხვისებელმა საწარმომ 2017 წლის 17 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების: მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების წინააღმდეგ და მოითხოვა მათთვის სესხის ძირითადი თანხის 2 045,00 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის - 597,13 აშშ დოლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება, 2016 წლის პირველი ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T სესხის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე. მოსარჩელე საწარმომ ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაც მოითხოვა.

14.2. მყიდველმა, თავის მხრივ, სასამართლოს მიმართა სარჩელით გამსხვისებელი საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა, 2016 წლის 1 ივნისიდან აღიარებული იქნეს მყიდველსა და გამყიდველ საწარმოს შორის 2016 წლის 1 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T სესხის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობების არარასებობა.

14.3. მყიდველისა და გამსხვისებლის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა. გამსხვისებელმა საწარმომ მყიდველის სარჩელი არ სცნო, ხოლო, თავის მხრივ, ავტომანქანის მყიდველმა და სოლიდარულად თავდებმა პირებმა გამსხვისებელი საწარმოს სარჩელი არ ცნეს.

15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ავტომანქანის მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო გამსხვისებელი საწარმოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; 2016 წლის 1 ივნისიდან აღიარებულ იქნა გამსხვისებელი საწარმოს წინაშე მყიდველის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა 2016 წლის 1 ივნისის N 131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ’’ N 136980/T ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის N 136980/T სესხის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის 1 ივნისის N 136980/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე.

15.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით გამსხვისებელი საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მყიდველის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა 2016 წლის 1 ივნისიდან გამსხვისებელი საწარმოს წინაშე მყიდველის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა 01.06.2016წ. N 131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. N 136980/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე. მყიდველი გათავისუფლდა 01.06.2016წ. N 131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №136980/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისგან. ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს მყიდველის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა დაეკისრა;

16.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გამსხვისებელ საწარმოს მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ (სარჩელის, შესაგებლის წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ხარჯის; 2. შესაგებლის, შუამდგომლობების და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების; 3. მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის; 4. საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული დანახარჯის; 5. სასამართლოში მოპასუხის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯის) 150 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში აპელანტებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

16.3. მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს 60 ლარის გადახდა დაეკისრა;

16.4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ 70 ლარის გადახდა დაეკისრა;

16.5. იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში გამსხვისებელ საწარმოს მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ 400 ლარის გადახდა დაეკისრა.

16.6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მყიდველი 01.06.2016წ. №131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №136980/T საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე 01.06.2016 წელს გაფორმებული №136980/T სესხის ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან მართლზომიერად გავიდა. შესაბამისად, მისი მოთხოვნა 01.06.2016წ. №131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №136980/T საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. №136980/T სესხის ხელშეკრულებიდან და 01.06.2016წ. №136980/T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე 2016 წლის 1 ივნისიდან გამსხვისებელი საწარმოს წინაშე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენის თაობაზე დასაბუთებულია.

16.7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 327-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების, რომლის ფარგლებშიც მან მყიდველისთვის ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა, უფრო მეტიც, იმ უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გამყიდველი ნივთის გაყიდვაზე უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენდა, ფაქტი, რომ ნივთი გამყიდველის სახელზე რეგისტრირებული არ ყოფილა ან/და გამყიდველმა ნივთი, როგორც მოგირავნემ ისე გაასხვისა ამ უკანასკნელის, როგორც გამყიდველის ვალდებულებაზე, მყიდველისთვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ გავლენას ვერ მოახდენდა.

16.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გამყიდველი საწამოს წარმომადგენლების განმარტებაზე, რომლის ფარგლებშიც მათ დაადასტურეს ავტომობილის, მისი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებით, გაყიდვის ფაქტი. მითითებული განმარტების ფარგლებში აპელანტი საწარმოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ, მართალია, ცალკეულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალება ჯართის სახითაც გაუყიდიათ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში გარიგება ჯართზე დადებული არ ყოფილა; ამდენად, 1. გამყიდველის კანონით (სსკ-ის 487-ე მუხლი) გათვალისწინებული ვალდებულების, რომლის მიხედვითაც მას მყიდველისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება ჰქონდა; 2. ასევე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ნასყიდობის საგანს ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა, რომელიც უდავოა, რომ გამყიდველმა მისი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებით (ჩვეულებრივი სარგებლობისთვის) გაყიდა, მეტიც, გარიგების გაფორმების დღეს გარიგების საგანზე გაუმართაობის გამოვლენის შემდეგ ნაკლის გამოსწორების მიზნით გამყიდველმა მყიდველს კომპენსაციის სახით 400 აშშ დოლარი გადასცა. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გარიგებაში არსებული დათქმა, რომ მყიდველმა შეთანხმებული ხარისხის ნივთი მიიღო, გარიგების დადების შემდეგ ნივთზე გამოვლენილ ნაკლთან დაკავშირებით, რომელიც უდავოა, რომ, მიუხედავად ნივთის შემოწმებისა, მხოლოდ ნივთის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ გამოვლინდა და ამ ნივთით სარგებლობის შესაძლებლობას საერთოდ გამორიცხავდა, ნასყიდობის საგანზე გამოვლენილ ნაკლთან დაკავშირებით გამყიდველი საწარმოს პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავდა.

16.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ნასყიდობის საგანს ჩვეულებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა, რაც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში გამყიდველს მყიდველისათვის ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ვარგის ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულებას აკისრებდა; სასამართლომ აღნიშნა, რომ მყიდველმა გარიგების გაფორმებამდე ნასყიდობის საგანი შეამოწმა, ნაკლი კი მხოლოდ ნივთის ექსპლოატაციის პროცესში გამოვლინდა;

16.10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნივთის ნაკლის გამო პასუხისმგებლობის გამორიცხვა (სსკ-ის 497-ე მუხლი) შეიძლება გავრცელდეს იმ ნაკლზე, რომელიც მყიდველს ჩვეულებრივი ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო და უნდა აღმოეჩინა. ამასთან, პასუხისმგებლობის გამორიცხვა მაშინ ჩაითვლება შეთანხმებულად, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე პირდაპირ მითითებული არ არის, ეს სახელშეკრულებო პირობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მაგ: „ნაყიდია დათვალიერების შედეგად“; „შემოწმებულია“; ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამორიცხვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ ისეთ ნაკლზე, რომელიც დათვალიერებისა თუ შემოწმების შედეგად თვალსაჩინო და შეცნობადია (იხ. Gnos, Anspruchskonkurrenz im schweizerischen Produktehaftpflichtrecht, 1997,S. 43; იხ. MüKo/ Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 444, Rn. 7);

16.11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 491-ე, 352-ე, 405-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მყიდველის მოთხოვნას ნასყიდობის საგნის ჩანაცვლების ან ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ 30.06.2016წ. წერილით გამყიდველმა ნივთის ნაკლთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არარსებობაზე მიუთითა, სხვა რეაგირება არ მოჰყოლია. 01.08.2016წ. წერილით მყიდველმა გამსხვისებელ საწარმოს აცნობა, რომ გადიოდა ხელშეკრულებიდან. ამდენად, ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი ხარვეზის გათვალისწინებით მყიდველის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლამდე დასტურდება ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლისთვის დამატებითი ვადის მიცემის ფაქტი;

16.12. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარე 01.06.2016წ. N 131596/T ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, 01.06.2016წ. N 136980/T საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე 01.06.2016 წელს გაფორმებული N 136980/T სესხის ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან მართლზომიერად გავიდა;

16.13. მხარეებს შორის სესხისა და ნასყიდობის შესახებ გარიგებები ერთსა და იმავე დღეს - 01.06.2016 წელს გაფორმდა, უდავოა ასევე, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება გარიგების დადებისთანავე 01.06.2016 წელს სრულად დაიფარა, მხარეებს სადავოდ არც ის გარემოება გაუხდიათ, რომ 01.06.2016 წელს სესხის ხელშეკრულების გაფორმების მიზანს იმავე დღეს მათ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დაფინანსება წარმოადგენდა, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტი, რომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მსესხებელის მფლობელობაში გადავიდა და ამ უკანასკნელმა ნასყიდობის საფასური სესხის თანხის უშუალოდ მისთვის გადაცემის შემდეგ დაფარა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგებებში გამსესხებელ და გამსხვისებელ სუბიექტს ერთი და იგივე საწარმო წარმოადგენდა, ამასთან, უდავოა, რომ სესხის გაცემის მიზანს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დაფინანსება წარმოადგენდა, ფაქტი იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სესხის თანხა მსესხებელს გადაეცა, რაც მას თანხის მისი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობას ანიჭებდა გამსესხებელს უნდა დაემტკიცებინა;

16.14. სააპელაციო სასამართლომ მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 37-ე, 44-ე, 53-ე, 54-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, რომ მას სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი სასამართლოსგარეშე ხარჯების რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარუდგენია. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილი, იმპერატიულად ადგენს შუამდგომლობის ავტორის ვალდებულებას, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის ბიუროს 16.09.2016წ. დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანზე ექსპერტიზა მყიდველის მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტიც, რომ, მართალია, სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა არც სარჩელის, შესაგებლის წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის გაწეული ხარჯის, მათი ასლების მომზადებისთვის გაღებული ხარჯის, ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის, გასაჩივრებულ ნაწილში საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული ხარჯის და სასამართლოში მოპასუხის გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა საქმეში წარმოდგენილი იყო სარჩელი, შესაგებელი, წერილობითი განცხადებები, რომლებიც, თავის მხრივ, აკინძულია ლითონის ამკინძავი საშუალებებით, საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო საფოსტო კონვერტები, რაც, თავის მხრივ, საფოსტო კავშირის გამოყენებაზე მიუთითებდა, სასამართლო სხდომის ოქმებიდან დგინდებოდა ასევე სხდომაზე საწარმოს სარჩელზე მოპასუხე მხარის (ა.ჯ–ა) გამოცხადების ფაქტი. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტების/შუამდგომლობის ავტორების სასარგებლოდ იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ მათი მხრიდან გაღებულია ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისა და საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯი;

16.15. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტების არგუმენტი სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა მოიხმო. ერთ-ერთ საქმეში, სადაც მხარეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა წარდგენილი, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არსებობდა მოგებული მხარისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“)“.

16.16. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მყიდველის სააპელაციო საჩივარი და, მის სასარგებლოდ, გამსხვისებელ საწარმოს, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის, ხოლო მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ სარჩელის, შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის გაწეული ხარჯის, მათი ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯის, მათი აკინძვისთვის გაწეული ხარჯის, საფოსტო კავშირისთვის გაღებული ხარჯის, ასევე მოპასუხის სასამართლოში გამოცხადებისთვის (ტრანსპორტირებისათვის) გაწეული ხარჯის სახით, ჯამში - 150 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

16.17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს გამსხვისებელი საწარმოს სარჩელის საწინააღმდეგოდ გაწეული იურიდიული დახმარებისთვის გაღებული ხარჯის და სასამართლო სხდომებზე წარმომადგენლის გამოცხადების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2017წ. განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მყიდველის სარჩელი გამსხვისებელი საწარმოს წინაააღმდეგ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარებისა და, თავის მხრივ, გამსხვისებელი საწარმოს სარჩელი მყიდველისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით ერთ წარმოებად გაერთიანდა. შესაბამისად, მხარეთა სარჩელების განხილვა ერთი სასამართლო წარმოების ფარგლებში მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აპელანტების წარმომადგენლის რესურსის დაზოგვაზე. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების მოთხოვნით სარჩელის არსებობის პირობებში თანხის დაკისრების მოთხოვნით გამსხვისებელი საწარმოს სარჩელის უარყოფის მიზნით შესაგებლის შედგენა, სადაც პრაქტიკულად ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში აღნიშნული გარემოების მითითება მოხდა, წარმომადგენლის მხრიდან დროის და ინტელექტუალური რესურსის დიდ ხარჯვას აღარ მოითხოვდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომებზე წარმომადგენლის გამოცხადებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ხარჯი, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებში შედის და ცალკე ანაზღაურებას არ ექვემდებარება. მხედველობაშია მისაღები, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოთხოვნა 259,70 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა;

16.18. აპელანტის მტკიცებაზე, რომ დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების არარსებობის აღიარებაა და შესაბამისად არაქონებრივი ხასიათის დავას წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ - სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ-ები: N ას-1384-1306-2012; N ას-476-452-2013).

16.19. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა ექსპერტების დაკითხვის თაობაზე.

16.20. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.1-ე, 171.1-ე მუხლებზე მითითებით, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი ნაკლის გათვალისწინებით (ძრავის გაუმართაობა) მისი არსებული სახით ექსპლოატაცია შეუძლებელია. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნივთზე ნაკლის გამოვლენის და ამ საფუძვლით მისი გამოყენების შეუძლებლობის ფაქტი სადავოდ არც მოპასუხე მხარეს გაუხდია, ეს უკანასკნელი სადავოდ იმ გარემოებას ხდიდა, რომ ნასყიდობის საგანზე გარიგების დადების შემდეგ გამოვლენილ ნაკლზე პასუხისმგებლობა მას არ უნდა დაჰკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ ნასყიდობის საგნის ძრავის გაუმართაობის გამო მისი გამოყენება შეუძლებელია, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ საქმეში ამ დასკვნის შესახებ, მისი განმარტებისა და შევსების მიზნით, სასამართლო სხდომაზე ექსპერტის დაკითხვის საფუძველი არ არსებობდა;

16.21. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, დასახელებულ პირთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის და საქმის განხილვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამსხვისებელ საწარმოს მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 60 (დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს (სსსკ-ის 53.1-ე მუხლი).

16.22. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა იშუამდგომლა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 3000 ლარის და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება; ასევე შუამდგომლობა ეხება მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებას, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 20 ლარი, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 60 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის ანაზღაურებას; ასევე, მოთხოვნილია აპელანტების და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების 100 ლარის ანაზღაურება, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება, რაც 5 000 ლარს შეადგენს, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება.

16.23. საქმეში წარმოდგენილია აპელანტების წერილობითი განცხადებები, სააპელაციო შესაგებელი აკინძული სახით, საქმის მასალებით ირკვევა ასევე საფოსტო კავშირის გამოყენების ფაქტი, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მყიდველისა და ერთ-ერთი თავდები პირის - ა.ჯ–ას მიერ ი.პ–ის სახელზე სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ თითოეული დოკუმენტის შედგენისთვის გადახდილია 13.80 ლარი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებს უნდა აუნაზღაურდეთ სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების, დახარჯული ფურცლების, მათ ასაკინძად გაღებული ხარჯის, ასევე საფოსტო კონვერტის და მომსახურების საფასური 70 ლარი.

16.24. რაც შეეხება აპელანტების და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეულ ხარჯებს, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურებას, დავალების და იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯებს, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებულ ხარჯს, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებულ ხარჯს და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გასაწევ სააღსრულებო ხარჯს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან შუამდგომლობის ავტორის მიერ საქმეში სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი არ ყოფილა ხარჯის გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ დგინდებოდა აპელანტების სასამართლოში გამოცხადების დავალების და იურიდიული მომსახურების შესახებ წერილობითი დოკუმენტის, შედგენისა და მათი სანოტარო წესით დამოწმების ფაქტი, ადვოკატის სახელზე შედგენილი სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმების ფაქტი, საქმეში ახალი მტკიცებულებების წარდგენის ფაქტი. რაც შეეხება წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გამოცხადების მიზნით გაღებულ ხარჯს (ტრანსპორტირება, კვება) და სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ხარჯი ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებში შედის და ცალკე ანაზღაურებას არ ექვემდებარება. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოთხოვნა 259,70 ლარის ნაწილში, ხოლო წინამდებარე გადაწყვეტილებით 400 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა.

17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

17.1. მყიდველმა და სოლიდარულად თავდებმა პირებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის შემაჯამებელი გადაწყვეტილება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკმაყოფილდეს სარჩელითა და სააპელაციო საჩივრით (ასევე პროცესის ხარჯებზე სააპელაციო საჩივარსა და სააპელაციო შესაგებელში ჩამოყალიბებული შუამდგომლობებით) ამ ნაწილზე წარდგენილი მოთხოვნები; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოწვევაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინების ძალაში დატოვების შესახებ.

17.2. კასატორთა განმარტებით, წარმოდგენილ საქმეზე მყიდველმა თავდაპირველად აღიარებითი სარჩელი აღძრა და არ აღძრულა მიკუთვნებითი, აღსრულებითი სარჩელი. ნაცვლად ამისა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს აღიარებითი სარჩელის დროს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების გაანგარიშების წესი და შედეგად არასწორად გამოთვალეს და გაანაწილეს მოდავე მხარეთა შორის პროცესის ხარჯების სახეობაში შემავალი სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

17.3. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სარჩელი არაქონებრივი დავიდან გამომდინარეა და მოთხოვნილია ურთიერთობის არარსებობის აღიარება, რომლითაც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი ითხოვს სამართლებრივ განსაზღვრულობას, მისი კონკრეტული სამართლებრივი მდგომარეობის აღიარებას, სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარებას, ხოლო მოგვიანებით აღძრული გამსხვისებელი საწარმოს სარჩელი ქონებრივი ხასიათის იყო, დავის ტიპის მიხედვით კი - მოთხოვნითი, რამეთუ მის მიერ მათ სარჩელზე მოპასუხეების (მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირებისათვის) მიმართ წაყენებული იქნა ფულადი თანხის დაკისრებისა და სასამართლოს ძალით იძულებითი ამოღების მოთხოვნა. კასატორთა მტკიცებით, დაუშვებელი იყო ორივე ტიპის სარჩელზე ერთნაირად განხორციელებულიყო პროცესის ხარჯების - სასამართლო და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების გამოთვლა რამაც სასამართლო ხარჯების გამოთვლის ნაწილში დააზარალა - გამსხვისებელი საწარმო, ხოლო სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ნაწილში - მყიდველი (მოსარჩელე). შეუძლებელია ამდაგვარი არაერთგვაროვანი ტიპის მოთხოვნები ერთი წესით გამოთვლილიყო პროცესის ხარჯების შეფასების დროს;

17.4. არასწორად იქნა გამოთვლილი მყიდველის სარჩელით აღძრული შუამდგომლობა ადვოკატის დახმარებაზე გაწეული ხარჯების ქონებრივი ტიპის დავიდან ანაზღაურებაზე და მოპასუხე საწარმოს, როგორც მყიდველის სარჩელზე მოპასუხის და არა როგორც მოსარჩელის მიმართ არასწორად დადგინდა დამატებით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი. ასევე, არასწორად დადგინდა გამსხვისებელი საწარმოს, როგორც მოსარჩელის, მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი, რის გამოც გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილებში უნდა გაუქმდეს და, საკასაციო სასამართლოში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სწორად უნდა განაწილდეს და გამოთვლილ იქნეს დასახელებული ხარჯები;

17.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა მხოლოდ მ.ა–ას სარჩელით მოპასუხე საწარმოს წინააღმდეგ სარჩელით აღძრული შუამდგომლობა მყიდველის სარჩელზე ადვოკატის დახმარებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და ფაქტების პრეზუმირებაზე მითითებით აღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების წარდგენის მიუხედავად, ვინაიდან მყიდველის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა;

17.6. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე გამსხვისებელი საწარმოს სარჩელი სრულად უარყოფილია, ხოლო ამ სარჩელზე მოპასუხეების (მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების) მიერ სასამართლოში შუამდგომლობა ადვოკატის დახმარებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საერთოდ გადაუწყვეტელი დარჩა, მაშინ როდესაც ეს შუამდგომლობა წარდგენილი იქნა სასამართლოსათვის გამსხვისებელი საწარმოს სარჩელზე მოპასუხეთა მიერ აღძრული შუამდგომლობით;

17.7. კასატორი მოითხოვს, რომ საკასაციო სასამართლომ გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის შემაჯამებელი გადაწყვეტილების ის უარმყოფელი ნაწილი, რომლითაც საერთოდ არ იქნა განხილული საწარმოს სარჩელზე მოპასუხეების (მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების) შუამდგომლობა, საწარმოს მიერ მათ წინააღმდეგ დაყენებულ სარჩელზე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გაწევის გამო ადვოკატის დახმარებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და საკასაციო სასამართლომ ამ ნაწილის გაუქმებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

17.8. მყიდველმა და სოლიდარულად თავდებმა პირებმა სარჩელითა და შესაგებლით მოითხოვეს, რომ მათ სასარგებლოდ, გამსხვისებელ საწარმოს დაჰკისრებოდა თითოეულისათვის, ინდივიდუალურად სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების ანაზღაურება, შესაგებლის, შუამდგომლობების და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის ანაზღაურება, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის ანაზღაურება, სასამართლოში მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის ანაზღაურება, რაც სასამართლოს მიერ უარყოფილი იქნა;

17.9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა საქმის საწარმოებლად გასწიეს გარკვეული ხარჯები, რომლის გარეშეც საქმეში ვერ იქნებოდა წარმოდგენილი ფურცლები, ასლები, ფოსტით გამოგზავნილი საჩივრები, აკინძული მასალები და სხვა. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების საქმიანობის პროცესში საქმეში დაცული უდავო მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების გზით უნდა გაირკვეს, სახეზე ხომ არ არის პრეზუმირებული ფაქტები, რითაც დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს გარკვეული ფაქტები და დამტკიცებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული მარტოოდენ ის ფაქტები, რომელთა შესახებ საქმეში წარმოდგენილია რაიმე სახის გამატერიალიზებული მტკიცებულება, გახარჯულ ნივთებზე და საქმეში მათ წარმოდგენაზე ფაქტი პრეზუმირებულია მოსარჩელის სასარგებლოდ;

17.11. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს სურდა კანონით დადგენილი წესით შეემოწმებინა სასამართლო სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნა და კითხვები დაესვა მასთან დაკავშირებით, წარდგენილი იქნა შუამდგომლობა მისი მოწვევის თაობაზე, რაზედაც სასამართლომ უარი თქვა, იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა და საჭიროებას არ წარმოადგენდა ექსპერტის მოწვევა, რაც არასწორად მიაჩნიათ კასატორებს;

17.12. დაუსაბუთებელია სასამართლოს შეხედულება იმაზე, რომ ადვოკატისათვის გადახდილი საზღაური ასევე მოიცავს სასამართლოში ტრანსპორტირებაზე გაწეულ ხარჯებსაც. გაუგებარია სასამართლოს ამდაგვარი დასკვნა საიდან შეიძლება მიიღებოდეს, მაშინ როდესაც ეს მხოლოდ კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს; სასამართლოში ადვოკატის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯი კლიენტის დანახარჯია, მის მიერ გაწეული უზრუნველყოფაა და ეს ტვირთი კლიენტს აწვება, რის გამოც ყოვლად გაუმართლებელია სასამართლოში ადვოკატის ტრანსპორტირებაზე მხარის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმა, სამართლის ნორმის გარეშე და ალოგიკური მოსაზრებით;

17.13. კასატორები შუამდგომლობენ, მოწინააღმდეგე მხარეს, მათ სასარგებლოდ დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად დაეკისროს სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის 9 000 ლარი.

17.14. კასატორები შუამდგომლობენ, მოწინააღმდეგე მხარეს, მათ სასარგებლოდ ინდივიდუალურად დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარი, საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 20 ლარი, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მე-3 ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, საკასაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 60 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის, ასევე აპელანტების და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 100 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 4 000 ლარის, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 500 ლარის ოდენობით.

17.15. კასატორები შუამდგომლობენ, საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისას საბანკო სერვისით მომსახურებაზე გაწეული 1 ლარი დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული პროცესის ხარჯი, სასამართლო ხარჯის სახით.

17.16. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და "ე" ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების გამოკვლევისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის პრეტენზიების შემოწმებისას, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ საპროცესო უფლების განკარგვა მოიცავს, როგორც სარჩელის, ისე სააპელაციო და საკასაციო საჩივრების აღძვრის შესაძლებლობას იმ მოცულობითა და ფარგლებში, რაც საჩივრის ინიციატორ მხარეს ფაქტობრივსამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულად მიაჩნია. შესაბამისად, თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა განსაზღვროს საპროცესო უფლების განკარგვის საკითხი და შესადავებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

20. „სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი ფასიანია, ე.ი. მხარეები და მესამე პირები სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიან ფულად თანხებს ნებისმიერი იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, რაც სასამართლომ უნდა შეასრულოს“ (იხ. ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა /შევსებული და გადამუშავებული/, რედ. შენგელია რ.,2015, 230, გამომცემლობა „ მერიდიანი“). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.).

21. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელემ აღიარებითი სარჩელი აღძრა და არა მიკუთვნებითი, სარჩელი არაქონებრივი დავიდან გამომდინარეობს და მოთხოვნილია ურთიერთობის არარსებობის აღიარება, რომლითაც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი ითხოვს სამართლებრივ განსაზღვრულობას, მისი კონკრეტული სამართლებრივი მდგომარეობის აღიარებას, სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარებას; თავის მხრივ, გამსხვისებელი საწარმოს მიერ მოგვიანებით აღძრული სარჩელი ქონებრივი ხასიათის იყო, დავის ტიპის მიხედვით კი - მოთხოვნითი, კერძოდ გამსხვისებელი საწარმოს სარჩელზე მოპასუხეებისათვის (მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირებისათვის) წაყენებული იქნა ფულადი თანხის დაკისრებისა და სასამართლოს ძალით იძულებითი ამოღების მოთხოვნა. კასატორის მტკიცებით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომელთა საფუძველზე არასწორად გადანაწილდა მხარეთა შორის ხარჯები.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ (როგორც ავტომანქანის მყიდველმა) სარჩელი აღძრა ავტომანქანის გამსხვისებელი საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა, 2016 წლის 1 ივნისიდან აღიარებული იქნეს მყიდველსა და გამყიდველ საწარმოს შორის 2016 წლის 1 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T სესხის ხელშეკრულებიდან, 2016 წლის პირველი ივნისის N 136980-T სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობების არარასებობა. მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი მოთხოვნები ფულადი სახისაა და ქონებრივი ხასიათის, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველმა მის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე წარმატებულ სამართლებრივ შედეგს მიაღწია, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ მას არ დაეკისრება ფულადი მოთხოვნები, რომელიც გამსხვისებელთან მისი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარებდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მართლზომიერად გავიდა ხელშეკრულებიდან, რამაც გამორიცხა მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულება, რასაც საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს (იხ. წინამდებარე განჩინების 16.8 ქვეპუნქტი).

23. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება, ან შესაძლო ფულადი ვალდებულებისაგან გათავისუფლება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ-ები: N ას-1155-1032-2010, 6.01.2011 წ; N ას-1384-1306-2012, 26.11, 2012 წ; N ას-1101-1050-2014, 6.02.2015წ; N ას-148-140-2017, 18.01.2018წ; N ას-322-322-2018მ 23.03.2020წ; N ას-146-2020, 29.12.2020წ.).

24. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა სარჩელების განხილვა ერთი სასამართლო წარმოების ფარგლებში მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აპელანტების წარმომადგენლის რესურსის დაზოგვაზე და მიუთითებს წინამდებარე განჩინების 16.7 ქვეპუნქტში ასახულ დასაბუთებაზე. მართლმსაჯულების განხორციელების საპროცესო ეკონომიის პრინციპი ეფუძნება სამოქალაქოსაპროცესო ნორმებს და განაპირობებს საქმის ეფექტურ განხილვას, რაც არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მართლმსაჯულების მონაწილე პირთა (მხარეების, წარმომადგენლებისა და სხვათა) ინტელექტუალური და დროითი რესურსების დაზოგვას ემსახურება, ცხადია, მათივე ინტერესებისა და სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების დაცვის სტანდარტით; ასევე უარყოფილია კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის შემაჯამებელი გადაწყვეტილების, როგორც კასატორი უთითებს: „ის უარმყოფელი ნაწილი, რომლითაც საერთოდ არ განხილულა საწარმოს სარჩელზე მოპასუხეების (მყიდველისა და სოლიდარულად თავდები პირების) შუამდგომლობა, საწარმოს მიერ მათ წინააღმდეგ დაყენებულ სარჩელზე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გაწევის გამო ადვოკატის დახმარებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით“ და კასატორის მოთხოვნა, რომ საკასაციო სასამართლომ ამ ნაწილის გაუქმებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, უარყოფილია (შესაბამისად წინამდებარე განჩინების 17.6-17.8 ქვეპუნქტებში მითითებული საკასაციო პრეტენზიები უარყოფილია).

25. კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებიც წინამდებარე განჩინების, შესაბამისად, 17.9.-17.10 და 17.3-17.7 ქვეპუნქტებშია ასახული, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ;” შეად. სუსგ-ას N ას-792-1114-07, 11.01.2008). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, როგორც ეს რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული სამოქალაქო უფლების დარღვევის აღსაკვეთად (იხ. „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომლებიც 16.23-16.24 ქვეპუნქტებშია ასახული, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ 259,70 ლარის ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს მოთხოვნა 400 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა. ცხადია, „ხარჯების ოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება რამდენიმე ინსტანციაში დავის მიმდინარეობის დროს და მისი ანაზღაურების ვალდებულება კი ეკისრება იმ მხარეს, რომლის მოქმედებამაც განაპირობა ამ ხარჯების არსებობა“, თუმცა, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, თუ რა რესურსია ფაქტობრივად დახარჯული ან რომელი გარემოებები იძლევიან მხარისათვის სასარგებლო პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას (იხ. სუსგ-ები: N ას-1771-1751-2012, 09.02.2012წ; N ას- 148-140-2017, 18.01.2018წ.);

26. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას გაამახვილებს, რომ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარჯების გაწევა პრეზუმირებულია, თუმცა, წარმატებული იურიდიული შედეგით დასრულებული საქმის მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება არა ყოველგვარი ხარჯების ანაზღაურება, არამედ ის, რაც რეალურად არის გაწეული მხარის მიერ ან გონივრული შეფასების სტანდარტით ქმნის პრეზუმფციას, რომ დახარჯა მხარემ. კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოში ადვოკატის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯი კლიენტის დანახარჯია, მის მიერ გაწეული უზრუნველყოფაა და ეს ტვირთი კლიენტს აწვება, რის გამოც ყოვლად გაუმართლებელია სასამართლოში ადვოკატის ტრანსპორტირებაზე მხარის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმა, სამართლის ნორმის გარეშე და ალოგიკური მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არის გაზიარებული, რადგან მხარის წარმომადგენელს (ადვოკატს) საკუთარი კლიენტის ინტერესების სასარგებლოდ ევალება საქმისწარმოების მოსალოდნელი ხარჯების თაობაზე კლიენტის ინფორმირება. “ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან“(ასევე იხ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის (შემდეგში: აპეკ) 8.6 მუხლი). სსკ-ის 713-ე მუხლი ადგენს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, კერძოდ, “1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. 2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება რწმუნებულის მოვალეობები ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,საჭიროებს წერილობით ფორმას”. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ადვოკატს აკისრია კლიენტთან ურთიერთობისას, არის მოსალოდნელი ხარჯების შესახებ კლიენტის წინასწარი ინფორმირება. „მოსალოდნელი ხარჯები“ – ეს არის გამომუშავებული ჰონორარის მიღმა არსებული ისეთი ტიპის ხარჯები, რომელიც უკავშირდება კლიენტის საქმის წარმოებას. მაგალითად, სახელმწიფო ბაჟი, სანოტარო მომსახურების საფასური, ადმინისტრაციული ორგანოებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის/ქონების რეგისტრაციის ან სხვა მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, ექსპერტიზის საფასური, დოკუმენტაციის გადათარგმნის საფასური, ტრანსპორტის საფასური, ფოსტის საფასური და სხვა დანარჩენი ხარჯი, რომელიც უკავშირდება კლიენტის საქმის წარმოებას“ (იხ. იურიდიული ეთიკა, 2021წ.; გვ. 372; რედ. ლორია ანა); ცხადია, საქმის წარმოებისათვის მოსალოდნელ ხარჯების ზუსტი გაანგარიშება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე საქმის იურიდიული შედეგით წარმატებული მხარის უფლება, მოითხოვოს მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმეზე დახარჯული ფინანსური რესურსების ანაზღაურება, არ გულისხმობს აბსტრაქტული და კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მხარის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის, როგორც დახარჯულის, პრეზუმფციად მიჩნევას სასამართლოს მხრიდან. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2011 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით დისციპლინურ საქმეზე N 034/11 განმარტებულია, რომ „ადვოკატის კანონისმიერი ვალდებულებაა, კლიენტს განუმარტოს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული იმ ყველა შესაძლო ფინანსურ დანახარჯზე, რომლის გაღებაც მას შეიძლება მოუხდეს. ეს ვალდებულება ნიშნავს, რომ ადვოკატმა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დარწმუნებულიც რომ იყოს საქმის წარმატებულ შედეგში, უნდა განჭვრიტოს ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა, გონივრული განსჯის შედეგად წინასწარ იქნეს შეფასებული როგორც რისკი“. აპეკ-ის 8.12 მუხლის მიხედვით „ადვოკატმა უნდა აწარმოოს სრული და ზუსტი ჩანაწერი კლიენტის მიერ გადახდილ საქმის წარმოების ხარჯებთან დაკავშირებით“. „ეს ნორმა აწესებს ადვოკატის ვალდებულებას, აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა, მიუხედავად იმისა, კლიენტი ითხოვს თუ არა ამას. მართალია, ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ადვოკატს მხოლოდ კლიენტის მოთხოვნის შემდეგ წარმოეშობა, მაგრამ ეს არ ვრცელდება ხარჯთაღრიცხვის წარმოების ვალდებულებაზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიამ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ფიდუციური ვალდებულების დარღვევა დადგინა საქმეზე, სადაც ადვოკატმა არ აწარმოა ხარჯთაღრიცხვა კლიენტის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ კლიენტს წინასწარ არ მოუთხოვია ადვოკატისაგან აღნიშნული. ადვოკატის მიერ ხარჯთაღრიცხვის წარმოების შესახებ ვალდებულების შესრულება არ არის დაკავშირებული კლიენტის მოთხოვნასთან. მიუხედავად იმისა, კლიენტი მოითხოვს თუ არა ამას, ადვოკატს საწმისწარმოების პროცესში ევალება ხარჯთაღრიცხვის წარმოების ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ საქმისწარმოების ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება წარმოიშობა არა კლიენტის მოთხოვნის მომენტიდან, არამედ ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის დაწყების მომენტიდან“ (იხ. იურიდიული ეთიკა, 2021წ.; გვ. 381-382; რედ. ლორია ანა).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობიდან გამომდინარე ეთიკური ვალდებულებები, რაც დავალების ხელშეკრულების ფარგლებში უმნიშვნელოვანესია მარწმუნებლისა და რწმუნებულის შეთანხმებისათვის, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე კი საქმეზე გაწეული ფინანსური დანახარჯების ზედმიწევნით და მოწესრიგებულად აღრიცხვა (გაწეული ხარჯების დოკუმენტაციის შენახვა) შესაძლებლობას აძლევს მხარეს, დასაბუთებული შუამდგომლობა წარუდგინოს სასამართლოს კონკრეტული დოკუმენტაციის თანხლებით, რომელიც თითოეულ საქმეზე გაწეულ ფაქტობრივ ხარჯებს ასახავს მტკიცებულებების საფუძველზე და ასეთ ვითარებაში, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, შეამოწმოს შუამდგომლობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და გადაწყვეტილება მიიღოს არა მხოლოდ პრეზუმირებული გარემოებების, არამედ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ამდენად, კასატორის წარმომადგენლის პრეტენზია, რომ თითქოსდა სააპელაციომ სასამართლოს ალოგიკური და სამართლებრივად დაუსაბუთებელი მსჯელობა აქვს განვითარებული მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არ არის გაზიარებული.

28. საკასაციო სასამართლო ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას სავსებით იზიარებს და ამ შემთხვევაშიც აპეკ-ის 8.8 მუხლზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვით ადვოკატის ანაზღაურების (ჰონორარის) გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის. ცხადია, ამ შემთხვევაში სასამართლო ჰონორარის გადაუხდელობის გამო დავას არ იხილავს, მაგრამ ჰონორარის მკაფიოდ და კლიენტისათვის მისაღები წესით განსაზღვრის ვალდებულების შესრულება, კლიენტის გარდა, თვით ადვოკატის ინტერესსაც ემსახურება, რადგან ასეთ ვითარებაში განსაზღვრულია კლიენტის მიერ გასაწევი თუ გაწეული ხარჯი, რაც ადვოკატის ჰონორარს წარმოადგენს და წარმატებული სამართალწარმოების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკრეტული ჰონორარის დაკისრების მოთხოვნის ფაქტობრივ წინაპირობას ცხადად წარმოაჩენს სასამართლოს წინაშე (შეად. სუსგ-ებს: Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ; Nას-1117-2020, 25.03.2021წ.).

29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურებას ეხება და კასატორის წარმომადგენლის მიერ 4000 ლარად არის შეფასებული (იხ. წინამდებარე განჩინების 7.16 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს მოიხმობს, რომლის საფუძველზე განმარტებულია, რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: „ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას“. ამასთან, ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის, უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკრეტული საქმის წარმოებაზე დათანხმება/უარის თქმა, რაც თანხმობის შემთხვევაში ადვოკატ-კლიენტის შეთანხმებას (ზეპირ ან წერილობით ხელშეკრულებას) ეფუძნება და დავალების მომწესრიგებელი ნორმებით რეგულირდება. შესაბამისად, კასატორის წარმომადგენლის მოთხოვნა „სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის“ ფულადი ეკვივალენტით ანაზღაურებაზე ფაქტობრივად დაუსაბუთებელია, რადგან დავალების ფარგლებში განსახორციელებელი მოქმედებებისათვის გარკვეული დროითი რესურსის დახარჯვა (ზოგჯერ წინასწარ გაუთვლელი მოცულობითაც კი) ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ნაწილია და ვერ დაკვალიფიცირდება იძულებით (დაკარგულ) დროდ, მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღესა და საათზე ადვოკატი გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე, თუმცა, სხდომა გადაიდება სხვა ან განუსაზღვრელი დროისათვის. რაც შეეხება კლიენტის საქმეზე დახარჯული დროის ანაზღაურებას, ეს ადვოკატ-კლიენტის შეთანხმების ფარგლებში უნდა მოწესრიგდეს და საამისოდ არსებობს გამოთვლის სხვადასხვა სისტემა, რომელიც შესაძლოა ერთ შემთხვევაში საათობრივ ანაზღაურებას ემყარებოდეს, მეორე შემთხვევაში - ფიქსირებულ თანხას (რაც, თავის მხრივ, სამართალწარმოების პროცესუალური ეტაპებისა და სასამართლოს ინსტანციების, ასევე სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით შეიძლება დაიყოს, გადანაწილდეს, დაჯგუფდეს) და ა.შ. ”პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადვოკატი სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულებაში უთითებს მის მიერ გასაწევი იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ ჰონორარს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ფარგლებში სთავაზობს კლიენტს მომსახურებას. მომსახურების ფარგლების განსაზღვრა ხშირად გამხდარა დავის საგანი ადვოკატ-კლიენტს შორის. ეთიკური სტანდარტებით, კლიენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, თუ რა მომსახურებას სთავაზობს ადვოკატი მას შეთავაზებულ ჰონორარში. აღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობა ჩაითვლება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ჰონორარის ოდენობისა და მისი გამოთვლის წესის შესახებ კლიენტის ინფორმირების ვალდებულების (მუხლი 8.8) დარღვევად“(იხ. იურიდიული ეთიკა, 2021წ.; გვ. 364-372; რედ. ლორია ანა).

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კლიენტის საქმეზე დახარჯული დრო, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, პროცესის მსვლელობის დროს კლიენტის წარმომადგენლობის გაწევას ან სხდომის გადადებას უკავშირდება, ვერ დაკვალიფიცირდება იძულებით (დაკარგულ) დროდ. ადვოკატის პროფესიული კანონისმიერი და ეთიკური ვალდებულებაა, პროფესიული კომპეტენტურობით, კეთილსინდისიერად დაიცვას კლიენტის საუკეთესო ინტერესები და კლიენტის ინტერესებზე წინ ვერ დააყენებს ვერც პირად, ვერც პროფესიის ინტერესებს (იხ. აპეკ-ის მე-5 მუხლი). ამდენად, ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია.

31. კასატორი იმაზეც დავობს, რომ მას სურდა კანონით დადგენილი წესით შეემოწმებინა სასამართლო სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნა და კითხვები დაესვა ამასთან დაკავშირებით, რაზედაც წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ექსპერტის მოწვევის თაობაზე, თუმცა, სასამართლომ უარი თქვა, იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის მოწვევის საჭიროება არ გამოვლინდა (იხ. წინამდებარე განჩინების 7.12. ქვეპუნქტი); ეს საკასაციო პრეტენზია (სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინების შესახებ) სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით სადავო ნაწილის იურიდიულ შედეგზე ვერ ახდენს გავლენას და ამ თვალსაზრისით მოცემულ საქმეზე სამართლებრივად უმნიშვნელოა, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, თითოეულ შუამდგომლობას ინდივიდუალურად იხილავს სასამართლო და მისი დაკმაყოფილების თუ უარყოფის შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოტივაციას ემყარება, შესაბამისად, მარტოოდენ მხარის მოსაზრება, სურვილი სამართლებრივად არ არის საკმარისი საიმისოდ რომ უპირობოდ იქნეს გაზიარებული მხარის შუამდგომლობის არგუმენტაცია (იხ. სსსკ-ის 215-ე მუხლი).

32. საკასაციო სასამართლო საქმის არსებითად განხილვის შედეგადაც ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორს დასაბუთებული პრეტენზიები აქვს წარმოდგენილი და უარყოფილია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენს (საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ დაკმაყოფილდა სხვა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკმაყოფილების შესახებ წარმოდგენილი საკასაციო მოთხოვნაც).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა–ას, ლ.კ–ის და ა.ჯ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური