Facebook Twitter

საქმე №ა-5658-შ-144-2022 12 იანვარი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ო–ნი

მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საფრანგეთის რესპუბლიკის, პარიზის საერთო სასამართლოს 27.09.2021 წლის გადაწყვეტილება (RG 20/39209)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საფრანგეთის რესპუბლიკის, პარიზის საერთო სასამართლოს 27.09.2021 წლის გადაწყვეტილებით (შემდგომში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") მხოლოდ მ.ო–ნი (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") განახორციელებს არასრულწლოვანი ბავშვის მშობლის უფლებამოსილებას, არასრულწლოვანი ბავშვის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; ამავე გადაწყვეტილებით თ.მ–ნს შეუნარჩუნდა არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის და თავისთან წაყვანის უფლება.

2. შუამდგომლობის ავტორმა 27.10.2022წ. შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.11.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა ხარვეზის შევსება. ამავე სასამართლოს 02.12.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. მასვე განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ს.ფ. 61-63).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

6. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2022 წლის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის - გ.გ–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს ჩაჰბარდა 29.12.2022 წელს (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ს.ფ. 26,27; ჩაბარების დასტური, ს.ფ. 68). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

7. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 30 დეკემბერს და ამოიწურა 2023 წლის 9 იანვარს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო კვირა დღე. ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის (იხ.: სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 69).

8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება (სუსგ საქმეზე №ა-5120-შ-137-2022, 21.11.2022 წელი).

9. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ო–ნის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის, პარიზის საერთო სასამართლოს 27.09.2021 წლის გადაწყვეტილების (RG 20/39209) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე