Facebook Twitter

17 იანვარი, 2023 წელი,

ა-5711-შ-145-2022 გუჯეჯიანი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.გ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე - ე.კ–კი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 07.02.2022 წლის გადაწყვეტილება (C/10/631412/ FA RK 22-36)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 07.02.2022 წლის გადაწყვეტილებით (შემდგომში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") 28.08.2012 წელს ქ. როტერდამში დაბადებული გ.გ–ის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, ზ.გ–ნის (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") საცხოვრებელი ადგილი.

2. 31.10.2022 წელს შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.11.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობაზე დადგენილ იქნა ხარვეზი. ამავე სასამართლოს 19.12.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. მასვე განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ს.ფ. 57-61).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

6. ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.12.2022 წლის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ჩაჰბარდა 30.12.2022 წელს (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ს.ფ. 9; ჩაბარების დასტური, ს.ფ. 63). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

7. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2023 წლის 9 იანვარს. ამდენად, შუამდგომლობის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 2023 წლის 9 იანვრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით დგინდება, შუამდგომლობის ავტორის განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლო კანცელარიის რეგისტრაციაში გატარდა 10.01.2023 წელს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განცხადება გამოგზავნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე 10.01.2023 წელს (ს.ფ.65), ანუ, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით. თავად განცხადებაშიც მისი შედგენის თარიღად მითითებულია 10.01.2023 წელი (ს.ფ.64).

8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება (სუსგ საქმეზე №ა-2438-შ-64-2019, 09.09.2019 წელი).

9. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

10. შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 38-ე მუხლითა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას (შდრ. სუსგ Nას-1847-შ-49-2017, 05.01.2018წ., სუსგ Nა-420-შ-11-2020, 23.04.2021წ.). ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, როგორც შეცდომით გადახდილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.გ–ნის შუამდგომლობა ნიდერლანდების, ქ. როტერდამის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 07.02.2022 წლის გადაწყვეტილების (C/10/631412/ FA RK 22-36) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. ზ.გ–ნს (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს ვ.კ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადახდო დავალება №29046240, გადახდის თარიღი 31.10.2022წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინოკოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე