Facebook Twitter

საქმე№ა-1539-შ-47-2022 17 იანვარი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ - ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ.

სააღსრულებო წარწერა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 11.01.2020წ. გაცემული №8-101 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 11.01.2020წ. გაცემული №8-101 სააღსრულებო წარწერის მიხედვით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "სააღსრულებო წარწერა"), გ. გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოწინააღმდეგე მხარე") ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ - ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") სასარგებლოდ დაეკისრა:

- ვადაგადაცილებული დავალიანება 02.07.2019 წლიდან 17.12.2019 წლამდე 345 რუბლის ოდენობით;

- ვადაგადაცილებული პროცენტი 03.06.2019 წლიდან 17.12.2019 წლამდე პერიოდისთვის 21 რუბლისა 96 კაპიკის ოდენობით;

- გაზრდილი პროცენტი 03.09.2019 წლიდან 17.12.2019 წლამდე პერიოდისთვის 11 რუბლისა და 21 კაპიკის ოდენობით;

- ჯარიმა 06.07.2019 წლიდან 17.12.2019 წლამდე პერიოდისთვის 6 რუბლისა და 52 კაპიკის ოდენობით;

- სააღსრულებო წარწერის განხორციელებაზე, იურიდიული და ტექნიკური ხასიათის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 19 რუბლისა და 23 კაპიკის ოდენობით; მთლიანობაში თანხა შეადგენს 403 რუბლსა და 92 კაპიკს.

2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ 12.01.2022წ. მდგომარეობით მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 403 რუბლსა და 92 კაპიკს, ამდენად, ზემოთმითითებული სააღსრულებო წარწერა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. სსსკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

9. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სსსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები). სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

10. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად,სარჩელში/განცხადებაში/შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართლი, სამუშაო ადგილის მისამართი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამეთუ სწორედ ამ მისამართზე გზავნილის ადრესატისათვის გაგზავნა/ჩაბარებით ხდება მისი ინფორმირება კონკრეტული საპროცესო მოქმედებების, საქმის განხილვის თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინება შუამდგომლობის წარმოებაში მიღების თაობაზე, თავად შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინების ბარათებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად ერთ შემთხვევაში მითითებულია, რომ ქუჩის ნუმერაცია შეცვლილია, ხოლო მეორე შემთხვევაში - რომ ქუჩა ახალი ნომრებით მთავრდება 98-ით. გზავნილის შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 28.10.2022 წლის განჩინებით დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს, რაც ასევე ვერ განხორციელდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ - ბ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 11.01.2020წ. გაცემული №8-101 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია