Facebook Twitter

საქმე №ას-662-2022 11 ნოემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.კ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი, ნ.ჭ–ის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ:

3.1განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, რის გამოც, სარჩელი მოპასუხისთვის ვალის გადახდის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა;

3.2. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსზე, რომლის თანახმადაც, კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010);

3.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცებით, მასსა და მოპასუხეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხეს 3000 აშშ დოლარი ასესხა. მხარეები სესხის დაბრუნების პირობებზე არ შეთანხმებულან, თუმცა მოგვიანებით, 2015 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით დაუდასტურა, ვალის - 3000 აშშ დოლარის არსებობა და ამ თანხის წლის ბოლომდე დაბრუნების ვალდებულება იკისრა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარემოება მხარეთა შორის გაფორმებული ხელწერილით დასტურდებოდა. მოპასუხემ კი განმარტა, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა არ არსებობს და არც მომხდარა შეთანხმება მხარეთა შორის ვალის აღიარების შესახებ;

3.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო იყო ვალდებულებით-სამართლებრივი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობა, შესაბამისად, უნდა შეფასებულიყო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის შემადგენლობასთან.;

3.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამდენად, დასახელებული ნორმის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12. 2015). ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

3.6. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების სადავოობის საკითხთან დაკავშირებით, მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის-ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (იხ.საქმე №ას1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სასამართლომ მიუთითა დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლიც მიხედვითაც თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთს კი სესხის თანხის დაფარვის დადასტურება წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უდავოა, რომ ხელშეკრულების ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს და სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, კანონისმიერი ჩანაწერის მიხედვით, ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, თანხის გადაცემის ფაქტი მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობთ არ მტკიცდება. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად ისეთ წერილობით საბუთს მიიჩნევს, როგორიცაა მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალარო შემოსავლის ორდერი და ა.შ. (იხ.სუსგ №ას-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი).

3.7 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საკუთარ პრეტენზიას მხარეთა შორის დადებული „სესხის ხელწერილზე“ მითითებით ამყარებდა. კერძოდ საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ხელმოწერილი, ე.წ. „სესხის ხელწერილის“ ასლი და მოწმე გ.დ–ას ხელწერილის ასლი, სადაც მითითებულია, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა ნამდვილად არსებობდა. დასახელებული დოკუმენტები წარმოდგენილია ასლის სახით.

3.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 135-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. კანონის ეს დანაწესი გამორიცხავს მტკიცებულების გაყალბების საშიშროებას, ვინაიდან ტექნიკის განვითარებამ ამგვარი შესაძლებლობები გაამარტივა და იმპერატიულად ადგენს, რომ სასამართლოს წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, დედნის სახით უნდა წარედგინოს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავო გახადა „სესხის ხელწერილის“ ნამდვილობა და შესაგებელში საქმეზე ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე იშუამდგომლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ხელწერილის ნამდვილობის დასადგენად, მოსარჩელეს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 აპრილამდე, 2015 წლის სესხის ხელშეკრულების დედანი ხელწერილისა და კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობის წარმოსადგენად (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.03.2021 წ. სასამართლო სხდომის ოქმი). თუმცა მოსარჩელემ „დედანი“ დოკუმენტის წარმოდგენა სასამართლოში ვერ შეძლო, რის გამოც საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონი არ გამორიცხავს წერილობითი დოკუმენტის დედნის წარდგენის შეუძლებლობას და იგი შეიძლება გამოწვეული იყოს მხარისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა ყოფითი მიზეზის რეალურად არსებობით, თუმცა ეს გარემოება მხარემ დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს, რაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. ამასთან სადავო ხელწერილის ასლში მითითებული სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ ფაქტი საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დგინდება, გარდა გ.დ–ას ხელწერილისა, რომელიც ასევე ასლის სახითაა წარმოდგენილი.

3.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ მას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) წარდგენილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დედნის სახით, რის შედეგადაც უნდა დადგენილიყო მისი ხელმოწერის ნამდვილობა. წარმომადგენლის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აპელანტის ხელმოწერის ნამდვილობას დაადგენდა, დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის სესხის ხელშეკრულება იყო დადებული. ამავე სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით, მოსარჩელეს წარმოდგენილ შუამდგომლობაზე უარი ეთქვა, სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაადგინა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ექსპერტიზა არ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან მასზე მხოლოდ მოსარჩელის ხელმოწერა, სხვადასხვა თარიღები და თანხა იკითხებოდა, ხოლო თუ რა სამართალურთიერთობას ეხებოდა იგი,ვერ ირკვეოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 327-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. იმისთვის, რომ ხელშეკრულება ნამდვილად ჩაითვალოს, საჭიროა მასში კანონით „დადგენილი მინიმალური შინაარსი“ იყოს გათვალისწინებული, რომელზე შეთანხმების გარეშეც მხარეებს შორის ხელშეკრულება არ დაიდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ პასუხობდა ხელშეკრულების მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც სსკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით უნდა იყოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული, შესაბამისად, რომც დადგენილიყო მოპასუხის ხელმოწერა, არ დგინდება ვალდებულების არსებობა, რის გამოც სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.

3.10. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩამოთვლილ გარემოებათა ერთობლიობა არ ქმნიდა საკმარის საფუძველს, რომ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის ასლს მტკიცებულებითი ძალა მინიჭებოდა და, მით უფრო, მასში აღწერილი გარემოება დადგენილ ფაქტად ჩათვლილიყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი უცილოდ არ დასტურდებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.

4.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სსსკ -ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

9. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა კასატორის წარმომადგენლის მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროცესის გადადების და მოწმის დაკითხვის თაობაზე. მისი განცხადებით, მათ მიმართული ჰქონდათ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის დოკუმენტების ტექნიკური ხელნაწერებისა და ხელმოწერების შემოწმების/ნამდვილობის დადგენის მიზნით, სასამართლომ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება, მხარეს უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, კასატორი ითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის და მოწმის გამოძახებას, კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნას და დოკუმენტების ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნას.

10. საკასაციო სასამართლო, ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 327-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს, საჭიროა, მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ითვლება ის პირობები რომლებზედაც, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა მასში კანონით დადგენილი „მინიმალური შინაარსის“ გათვალისწინება, რომელზე შეთანხმების გარეშეც მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დაიდებოდა (იხ. სუსგ №ას-855-799-2017).

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ პასუხობს ხელშეკრულების იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, უნდა იყოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული. მოცემულ დოკუმენტზე ასახულია მხოლოდ მოსარჩელის ხელმოწერა, სხვადასხვა თარიღები და თანხა, თუმცა ვერ დგინდება, თუ რა სამართალურთიერთობას ეხება იგი. შესაბამისად, აღნიშნული ხელწერილი ვერ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ხელშეკრულების ნამდვილობას. აქედან გამომდინარე, რომც დადგინდეს მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობა, დოკუმენტიდან არ ირკვევა ვალდებულების არსებობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა აპელანტის მოთხოვნას კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

12. საკასაციო საჩივარში კასტორი შუამდგომლობს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარისა და მოწმის გამოძახების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იგი იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სსს 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განამრტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად საქმის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების მიღება-შემოწმება მოკლებულია პროცესუალურ საფუძველს.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია(შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე, კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრა საქმის განხილვის ფორმა, განმხილველი კოლეგიური შემადგენლობა და თარიღი, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, მისი არსებითად განხილვისათვის დაუშვებლად ცნობისა და, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

17. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.კ–ძის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და მოწმეებად ნ.ჭ–ის და გ.დ–ას მოწვევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

3. ნ.კ–ძის შუამდგომლობა, კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ.კ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება N14129995109; გადახდის თარიღი 2022 წლის 11 აგვისტო) სახელმწიფო ბაჟიდან - 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური