საქმე №ას-1236-2022 9 იანვარი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.ბ–ა, რ.ლ–ძე, თ.ა–ვა, ა.ლ–ძე, ა.მ–ი, გ.მ–ი, მ.მ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ს–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ.ლ–ძის, დ.ლ–ძის, თ.ა–ვას, ა.ლ–ძის, ა.მ–ის, გ.მ–ის, მ.მ–ის, ვ.ბ–ას და ი.თ–ას სარჩელი, ხელშეკრულების მოშლის და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაცი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, 6000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს ბ.ბ–ს ჩაბარდა 2022 წლის 18 ოქტომბერს.
2022 წლის 21 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის 7 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, 6000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს, ბ.ბ–ს ჩაბარდა 2022 წლის 3 ნოემბერს.
2022 წლის 9 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა, და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება, რადგან სახელმწიფო ბაჟის თანხის მობილიზებისთვის ესაჭიროება დამატებითი ვადა.
2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
აღნიშნული განჩინების ასლი, კასატორების წარმომადგენელს ბ.ბ–ს ჩაბარდა 2022 წლის 5 დეკემბერს.
2022 წლის 12 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, კასატორების წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 7 დღით გაგრძელება, ვინდაიან კასატორები არიან თანხის მოძიების პროცესში და განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
აღნიშნული განჩინების ასლი, კასატორების წარმომადგენელს ბ.ბ–ს ჩაბარდა 2022 წლის 5 დეკემბერს.
2022 წლის 12 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, კასატორების წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 7 დღით გაგრძელება, ვინდაიან კასატორები არიან თანხის მოძიების პროცესში და განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამრთლომ მხარეს, სამჯერ განუსაზღვრა ხარვეზის გამოსწორებისთვის დამატებითი ვადა, თუმცა კასატორებმა მითითებული ხარვეზი არ გამოასწორეს და კვლავ ითხოვენ ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ კასატორებს არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორებისთვის (სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსიის წერმოსადგენად) განსაზღვრული საპროცესო ვადა და მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურება, ეჭვქვეშ აყენებს მხარეთა თანასწორობას და საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ.ბ–ას, რ.ლ–ძის, თ.ა–ვას, ა.ლ–ძის, ა.მ–ის, გ.მ–ის და მ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ბ–ას, რ.ლ–ძის, თ.ა–ვას, ა.ლ–ძის, ა.მ–ის, გ.მ–ის და მ.მ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. ვ.ბ–ას, რ.ლ–ძის, თ.ა–ვას, ა.ლ–ძის, ა.მ–ის, გ.მ–ის და მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი