საქმე №ას-1617-2022 16 იანვარი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები – შპს "ფ.ტ.ჰ–ი", შპს "ჩ.ე. (ფ.) ლ.ს–ო" (მოსარჩელეები შეგებებული სარჩელით, მოპასუხეები)
მოსარჩელე შეგებებული სარჩელით – შპს "დ.მ.კ."
მოწინააღმდეგე მხარეები - სს "ი.ჯ.", ღია სააქციო საზოგადოება "ა.ს.ბ–ი" (მოსარჩელეები, მოპასუხეები შეგებებული სარჩელით)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ო.თ–ი" (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ვი (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს "ი.ჯ"-ს და ღია სააქციო საზოგადოება "ა. ს.ბ "-ს სარჩელი, მოპასუხე შპს "ფ.ტ.ჰ–ი"-ს მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს "ფ.ტ.ჰ–ი"-ს, შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ო"-ს და შპს "დ.მ.კ."-ის შეგებებული სარჩელი, მოპასუხეების სს"ი. ჯ"-ს, ღია სააქციო საზოგადოება "ა.ს.ბ–ი"-ს, შპს "ო.თ"-ის და ა.გ–ვის მიმართ, ხელშეკრულების მოშლის, ზიანის ანაზღაურების და პარტნიორის გარიცხვის შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს "ი.ჯ–მ", ღია სააქციო საზოგადოება "ა.ს.ბ–მა", შპს "ფ.ტ.ჰ–მა", შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ომ", შპს "დ.მ.კ–მა" და შპს "ო.თ–მა".
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა, შპს "ფ.ტ.ჰ–ის" და შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ოს" წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე 2022 წლის 9 დეკემბერს საჩივარი წარადგინა შპს "ფ.ტ.ჰ–ის და შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ოს" წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, 2022 წლის 26 დეკემბერს, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2022 წლის 27 დეკემბერს შპს "ჩ.ე.(ფ) ლ.ს–ოს" და შპს "ფ.ტ.ჰ–ის" წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, განაცხადა, რომ აღარ აქვს საჩივრის განხილვის ინტერესი და მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება.
2023 წლის 9 იანვარს, საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა, მომართა სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 2022 წლის 9 დეკემბერს, საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, 2022 წლის 26 დეკემბერს, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2022 წლის 27 დეკემბერს შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ოს" და შპს "ფ.ტ.ჰ–ის" წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, განაცხადა, რომ აღარ აქვს საჩივრის განხილვის ინტერესი და მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საჩივრის ავტორების მიერ, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის დაბრუნებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არსებითად განიხილა, მის ავტორებს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ დაუბრუნდებათ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ოს" და შპს "ფ.ტ.ჰ–ის" საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1971 -ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ოს" და შპს "ფ.ტ.ჰ–ის" წარმომადგენლის გ.კ–ძის შუამდგომლობა საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება შპს "ჩ.ე.(ფ.) ლ.ს–ოს" და შპს "ფ.ტ.ჰ–ის" საჩივარზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური