Facebook Twitter

საქმე №ას-566-2022 29 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დ.ო–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.06.2021 წლის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „სამინისტრო“) და დ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3300 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 25.02.2018 წელს თბილისში, ჰუალინგის ახალ გზაზე, 68-ე ელექტროგანათების ბოძის მიმდებარედ, ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომანქანა „მერსედესი“ (სახელმწიფო ნომრით: ....), რომელსაც მართავდა მოსარჩელე და ავტომანქანა „შკოდა“ (სახელმწიფო ნომრით: ....), რომელსაც მართავდა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომელი მეორე მოპასუხე. მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ ავტომანქანა „შკოდა“ (სახელმწიფო ნომრით: .....) ირიცხება პირველი მოპასუხის ბალანსზე.

1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.03.2018 წლის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №002020618 დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები უგულვებელყოფილი არ იყო; კონკრეტული საგზაო შემთხვევა განპირობებული იყო მძღოლის, მეორე მოპასუხის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რომლის დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მეორე მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და, შესაბამისად, ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა მხარეებს შორის არ არის სადავო.

1.3. 11.09.2018 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006337418 დასკვნის თანახმად, 2001 წელს დამზადებული, მსუბუქი ავტომობილის „MERZEDES BENZ CLK 230“ -თვის, სახელმწიფო ნომრით: AA – ...., მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3300 ლარს. აღდგენის ღირებულება მხარეებს შორის სადავო არ არის.

1.4. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი - დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი; სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ მეორე მოპასუხემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მეორე მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიადგებოდა ზიანი.

1.5. მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხე წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, ხოლო მეორე მოპასუხე - სამართალდამრღვევ პირს.

1.6. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნა იურიდიულად საფუძვლიანია, მის მიმართ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი საკანონმდებლო დანაწესია სსკ-ის 997-ე მუხლი და სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც, მიუხედავად ბრალეულობისა, ტრანსპორტის მესაკუთრეს პასუხისმგებლობას აკისრებს მომეტებული საფრთხის წყაროს (ავტოსატრანსპორტო საშუალების) ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანისათვის. კონკრეტულ საქმეზე სადავო არაა, რომ ზიანი სწორედ პირველი მოპასუხის იურიდიულ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის ექსპლუატაციას მოჰყვა. სამოქალაქო კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეთა მიმართ, პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.) გამომდინარეობს. ნორმის მიზანია ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდნონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ შედეგებს. შესაბამისად, პირველი მოპასუხე, მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევის მიმართ მისი არაბრალეული ქმედებისა, მოსარგებელესთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის. ამდენად, სარჩელი როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად დასაბუთებულია, რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურება - 3300 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2022 წლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნა შემდეგი:

3.1. განსახილველ შემთხვევაში, შესრულებულია როგორც სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ: მოსარჩელის ავტომანქანა დაზიანდა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად; ამ სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელია სამინისტრო; სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სამინისტროს თანამშრომელი სამინისტროს ნებართვის საფუძველზე; ზიანის გამომწვევი ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა სამინისტროს თანამშრომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. ეს გარემოებები დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

3.2. მოპასუხეები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს დაზღვეული აქვს მის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელეს ზიანი უნდა აუნაზღაუროს სადაზღვევო კომპანიამ და არა მოპასუხეებმა. მათივე განმარტებით, სამინისტროს აღძრული აქვს სარჩელი სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.

3.3. მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირები, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეები არიან სსკ-ის 999.1 და 992-ე მუხლების საფუძველზე (შდრ: სუსგ №ას-589-2021, 14.09.2021წ.). მათ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს სამინისტროს მიერ დადებული დაზღვევის ხელშეკრულება. მართალია, ამ ხელშეკრულებით სამინისტრომ დააზღვია ის ზიანი, რაც მის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანების ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირებს შეიძლება მიადგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაზარალებულმა მესამე პირებმა დაკარგეს უფლება, ზიანის ანაზღაურება მის მიმყენებელ პირს მოსთხოვონ. ეს უფლება ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს და დაზარალებულ მესამე პირებს ყოველთვის შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებით, მიუხედავად იმისა, თუ რა ხელშეკრულებას გააფორმებს ზიანის მიმყენებელი სადაზღვევო კომპანიასთან და როგორ დააზღვევს საკუთარ რისკებს. ამასთან, მართალია, დაზღვევის ხელშეკრულება სამინისტროს უფლებას ანიჭებს, მზღვეველს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება დაზღვეული მესამე პირებისათვის, მაგრამ თუ მზღვეველი რაიმე მიზეზით უარს განაცხადებს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე, სამინისტრომ თავად უნდა აუნაზღაუროს ეს ზიანი დაზარალებულ მესამე პირებს და ამის შემდეგ, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე, შეედავოს მზღვეველს. სხვაგვარად მივიღებთ ვითარებას, როდესაც დაზარალებული მესამე პირი იძულებულია, ელოდოს დავის დასრულებას მზღვეველსა და დამზღვევს შორის. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ დამზღვევმა დავა ვერც მოიგოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობის გამო, რაც არ გამორიცხავს მესამე პირების წინაშე მის პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირი კიდევ უფრო დაზარალდება, რადგან მას ახალი დავის დაწყება დასჭირდება ზიანის მიმყენებელთან, რაც, ცხადია, დამატებით დროს მოითხოვს. რაც შეეხება მოპასუხეების მოსაზრებას მოსარჩელის მიერ სადავო თანხის ორჯერადად მიღების შესაძლებლობის შესახებ, თეორიულად ასეთი რისკი შესაძლოა არსებობდეს კიდეც, მაგრამ მისი გადაწყვეტა შეიძლება როგორც აღსრულების ეტაპზე, ასევე უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენებით.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სარჩელი მიმართულია ერთდროულად როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის (პირველი მოპასუხის), ისე - მის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად დანიშნული პირის (სამინისტროს თანამშრომლის, მეორე მოპასუხის) მიმართ, დელიქტური ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.

9. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 992-ე (მეორე მოპასუხის მიმართ) (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), სსკ-ის 999.1-ე (პირველი მოპასუხის მიმართ) (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი), სსკ-ის 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სსკ-ის 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) სსკ-ის 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მეორე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. დადგენილია ისიც, რომ ზიანი პირველი მოპასუხის იურიდიულ მფლობელობაში (საკუთრებაში) მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია. ამასთან, სადავო არ არის, რომ მეორე მოპასუხე ავტომობილს მართავდა პირველი მოპასუხის ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მეორე მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, მოპასუხეები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის. არ არსებობს სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული, გარემოებები, რაც გამორიცხავდა ავტომობილის მფლობელის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართ.

11. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (შდრ. სუსგ №ას-494-463-2010, 09.11.2010წ; №ას-504-481-2016, 30.09.2016წ; №ას-1245-2020, 01.07.2021წ; №ას-1158-2020, 12.07.2021წ; №ას-589-2021, 14.09.2021წ.). დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4 მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე (სუსგ №ას-254-239-2010, 20.07.2010წ; №ას-1311-2021, 21.04.2022წ; №ას-77-2022, 20.05.2022წ.).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სსკ-ის 992-ე და 999.1-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, რაც მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების საფუძველია.

13. კასატორების ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ სხვა დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამინისტროს მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2; 3.3 პუნქტები) და დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხეები სსკ-ის 992-ე და 999.1-ე მუხლების საფუძველზე არიან მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირები, რასაც ვერ შეცვლის მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოება (შდრ. სუსგ №ას-589-2021, 14.09.2021წ.). ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორების მიერ მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, მოთხოვნის რეალიზებაზე უფლებამოსილი სუბიექტი არის არა წინამდებარე დავის მოსარჩელე, არამედ - სამინისტრო.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია და მეორე მოპასუხეს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი, რაც შეეხება პირველ მოპასუხეს იგი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დ.ო–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. დ.ო–ს (პ/ნ .......) უკან დაუბრუნდეს თ.გ–ვის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 17.06.2022წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია