საქმე №ას-974-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ჯ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.პ–ვა (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ი.ს–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებულად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ჯ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.2022 წლის გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2021 წლის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანისა და უძრავი ნივთის - მდებარე ქ. ბათუმში, ..... (ს/კ: ......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ქონება“) მესაკუთრედ ე.პ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) აღრიცხვის ნაწილში.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
2.1. 26.10.2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მოვალეებს - ე.ქ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოვალე“) და ქ.ქ–ას მოსარჩელის მიმართ გააჩნდათ დავალიანება 22875 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის აღსრულების მიზნით 12.03.2019 წელს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი.
2.2. მოსარჩელის ადვოკატმა მიმართა კერძო აღმასრულებელს და დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. სააღსრულებო წარმოების დროს მოვალესა და მოსარჩელეს შორის წარიმართა მორიგება, რომლის თანხმად, მოვალე კისრულობდა ვალდებულებას, თავისი მეგობრის, ი.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) ქონება გადაეფორმებინა მოსარჩელისათვის არსებული დავალიანების - 22875 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ხოლო მოსარჩელე, თავის მხრივ, შეწყვეტდა სააღსრულებო წარმოებას. აღნიშნული მოლაპარაკებისას მოსარჩელეს წარმოადგენდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი - პირველი მოპასუხე. ამ ფაქტობრივ გარემოებას არც პირველი მოპასუხე უარყოფს.
2.3. 28.02.2019 წელს სანოტარო წესით გაფორმებული №190219666 მინდობილობის ძალით მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: მოსარჩელის სახელით შეიძინოს ნებისმიერი უძრავი ქონება მათ შორის თანასაკუთრების უფლებით, ამ მიზნით გააფორმოს ნებისმიერი სახის გარიგება (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, ბეს ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და ა. შ.) და ხელი მოაწეროს მათ, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები თავისი შეხედულებით, განსაზღვროს ამ გარიგებების ნებისმიერი პირობა, მოახდინოს აღნიშნული ხელშეკრულებების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებში, დადოს ნებისმიერი შეთანხმება ან/და გარიგება, ნებადართული ყოველგვარი გარიგება, მართოს და განკარგოს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, გაყიდოს, გაასხვისოს, განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები თავისი შეხედულებით. შეაგროვოს ყველა საჭირო ცნობები და დოკუმენტები, შეიტანოს მოსარჩელის სახელით განცხადებები, ისარგებლოს აღნიშნული უძრავი ქონებით. იყოს მოსარჩელის წარმომადგენელი ყველა კომპეტენტურ ორგანოში, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მესამე პირებთან ურთიერთობაში. მათ შორის საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, შემოსავლების, საგადასახადო ორგანოებში, სსგს შესაბამის სამსახურებში, არქივებში, ბანკებში, მერიის შესაბამის სამსახურებში, არქიტექტურის სამსახურში, საკრებულოს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, გამგეობაში, კერძო კომპანიებში, მიიღოს გადაწყვეტილებები ნებისმიერ საკითხზე, გადაიხადოს გადასახადები, მიიღოს თანხა. მიიღოს საჭირო ცნობები და დოკუმენტები, იყოს მოსარჩელის წარმომადგენელი კომუნალური მომსახურების ორგანოებში, მოაწეროს ხელი მის მაგივრად ნებისმიერ ხელშეკრულებას, თანხმობას და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნული დავალებების შესრულებასთან. ის უფლებამოსილია ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც მართალია, პირდაპირ არ არის მითითებული წინამდებარე მინდობილობაში, მაგრამ აუცილებელია ამ დავალებების შესასრულებლად. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით, მიმნდობის მიერ მის გაუქმებამდე.
2.4. 28.02.2019 წლის მინდობილობა გაუქმდა 12.06.2020 წელს №200335404 სანოტარო აქტის საფუძველზე, მარწმუნებლის - მოსარჩელის ნების შესაბამისად.
2.5. პირველმა მოპასუხემ დაარწმუნა მოსარჩელე, რომ 22875 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიეღო მოვალის მეგობრის - მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სადავო უძრავი ქონება. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა ხელშეკრულების პროექტი, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახელზე უნდა აღრიცხულიყო სადავო უძრავი ქონება, ხოლო ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა.
2.6. 13.03.2019 წელს მოთხოვნის დამთმობს - მოსარჩელეს (წარმომადგენელი პირველი მოპასუხე), მოთხოვნის მიმღებს - მოვალესა და გარანტორს - მეორე მოპასუხეს შორის დაიდო შემდეგი შინაარსის ხელშეკრულება: მოსარჩელე სრულად უთმობს მოთხოვნის უფლებას (26.10.2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცელი (დუბლიკატი) №190262712, გაცემული 12.03.2019 წელს) მოვალეს აღსასრულებლად და კუთვნილი თანხის მისაღებად, რომელიც ჩაირიცხება აღსრულების შედეგად. მოვალე თანახმაა, მოსარჩელემ სრულად მიიღოს და განახორციელოს მოთხოვნის უფლება და ყველა ვალდებულება (26.10.2010წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 12.03.2019წ. სააღსრულებლო ფურცელი №190262712) აღსასრულებლად და აღსრულების შედეგად მიიღოს კუთვნილი თანხა (ამავე ხელშეკრულების თანახმად, გარანტორი მეორე მოპასუხე თანახმაა მოთხოვნის დათმობის უზრუნველსაყოფად ვალდებულებით დაიტვირთოს საჯარო რეესტრში თავის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება და იღებს ვალდებულებას 12.03.2019 წლის სააღსრულებო ფურცლის №190262712 აღსრულების შედეგად მიღებული თანხის მოვალის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ გადაუფორმოს აღსრულების უზრუნველყოფით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონება საკუთრებაში პირველ მოპასუხეს საჯარო რეესტრში გაფორმების გზით. მოთხოვნების შესრულებამდეც მეორე მოპასუხე თანახმაა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრების, გაქირავების, გარემონტების უფლება მისცეს პირველ მოპასუხეს. მოვალე ვალდებულია, მოსარჩელის მინდობილ პირს პირველ მოპასუხეს მოთხოვნის შესრულების შემდეგ ეტაპობრივად გადაუხადოს 2000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს თავის ვალდებულებას, ვალდებულნი არიან ჯარიმის სახით მეორე მხარეს გადაუხადონ 15000 ლარი. ყველა მხარე გაეცნო შეთანხმების პირობებს, მოიწონეს და თანხმობას ადასტურებენ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.).
2.7. 13.03.2019 წელს პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და წარუდგინა ზემოაღნიშნული 13.03.2019 წლის შეთანხმება, რომელიც გაფორმებული იყო პირველ მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელს, მოვალესა და მეორე მოპასუხეს შორის და მოითხოვა ქონების რეგისტრაციაში გატარება, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, აღნიშნული შეთანხმება იმდენად ხარვეზიანი (ბუნდოვანი) იყო, რომ რეესტრმა იგი რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან შეთანხმებით მოსარჩელისათვის გადასაცემი ქონების რეგისტრაციას ითხოვდა პირველი მოპასუხე თავის სახელზე.
2.8. 24.06.2019 წელს პირველი მოპასუხე მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე დაუკავშირდა მოვალესა და მეორე მოპასუხეს და დაარწმუნა, რომ მოსარჩელის თანხმობით, ქონება უნდა გადაფორმებულიყო მისი - პირველი მოპასუხის სახელზე, ხოლო თავად, როგორც მოსარჩელის მინდობილი პირი, მოვალის მიმართ შეწყვეტდა სააღსრულებო წარმოებას.
2.9. 25.06.2019 წელს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისათვის გადასაცემი სადავო უძრავი ქონება აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებად.
2.10. საქმეში არსებული მასალებისა და სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე მხარეთა მიერ გაკეთებული განმარტებებიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ პირველ მოპასუხეს რეალურად არ გადაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული საფასური და ხელშეკრულებაში ნასყიდობის ღირებულება - 12000 აშშ დოლარი სიმბოლურად მიეთითა. რეალურად, ამ ხელშეკრულებით მოსარჩელის მოთხოვნა გაიქვითა.
2.11. სადავო უძრავი ქონების პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრაციამდე, პირველმა მოპასუხემ მიმართა კერძო აღმასრულებელ მ.ს–ს და მოვალის მიმართ დაწყებული აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ხოლო 25.06.2019 წელს, როდესაც საჯარო რეესტრს წარედგინა 25.06.2019 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება და განაცხადი ნასყიდობის საგნის პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, ამ უკანასკნელმა კერძო აღმასრულებელ მ.ს–ს განცხადება წარუდგინა შეჩერებული სააღსრულებო საქმის განახლებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უძრავ ნივთებზე გამოყენებული ყადაღის გაუქმების თაობაზე.
2.12. აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის მ.ს–ის მიერ სააღსრულებო საქმეზე №19056507 გაცემული ცნობით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო საქმეზე დამთავრებულია სააღსრულებო წარმოება.
2.13. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად სამართლებრივი სიკეთის (საკუთრების უფლების) მიმღები სუბიექტის ვინაობა.
2.14. პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, მინდობილობის საფუძველზე, დაიდო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება: რწმუნებულმა (პირველმა მოპასუხემ) იკისრა ვალდებულება - შეესრულებინა მარწმუნებლის (მოსარჩელის) მიერ დავალებული მოქმედებები, მარწმუნებლის სახელით ქონების შესაძენად. ამასთან, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა არ შეიცავს მითითებას, რაც მარწმუნებელს წარმოუქმნიდა უფლებამოსილებას, რომ მარწმუნებლის სახელით შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია თავის (რწმუნებულის) სახელზე განეხორციელებინა.
2.15. მხარეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას პირველი მოპასუხე მოქმედებდა მოსარჩელის სახელით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა 28.02.2019 წელს სანოტარო წესით გაფორმებული №190219666 მინდობილობის ძალით. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადავო უძრავი ქონების შეძენა მოსარჩელის ნებისგან დამოუკიდებლად განხორციელდა, ვინაიდან სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას მოსარჩელესა და მოვალეს შორის წარიმართა მორიგება, რომლის თანახმად, მოვალე კისრულობდა ვალდებულებას თავისი მეგობრის, მეორე მოპასუხის ქონება გადაეფორმებინა მოსარჩელისთვის არსებული დავალიანების - 22875 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ხოლო მოსარჩელე, თავის მხრივ, შეწყვეტდა სააღსრულებო წარმოებას. გარდა მარწმუნებლის შესაბამისი ნების არსებობისა, ხელშეკრულების დადების დროს პირველი მოპასუხე, მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, არ საჭიროებდა განსაკუთრებულ და დამატებით თანხმობას ქონების შესაძენად.
2.16. პალატამ მიიჩნია, რომ რწმუნებული ხელშეკრულების დადების მომენტში, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებდა მინდობილობით შეთანხმებული უფლებამოსილებების ფარგლებში (რომ მას უნდა დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება), მაგრამ ქონების რეგისტრაციის მომენტში იგი არაკეთილსინდისიერად გასცდა მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და ქონება, ნაცვლად მოსარჩელისა, აღრიცხა თავის სახელზე. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის მომენტში იგი არამართლზომიერად მოქმედებდა. სსკ-ის 715-ე მუხლის (დავალების შესასრულებლად გადაცემულის უკან დაბრუნების მოვალეობა) პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.
2.17. პირველი მოპასუხის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ, მართალია, მეორე მოპასუხესა და მოვალესთან მოლაპარაკებებისას იგი მოსარჩელის ინტერესებს წამოადგენდა, მაგრამ სადავო უძრავ ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების შეძენა არავითარ კავშირში არ არის მოსარჩელესთან, რომ შეძენილი ქონებისთვის მის მიერ გადახდილია 12000 აშშ დოლარი. პალატის მითითებით, პირველი მოპასუხის მიერ განვითარებული ზემოაღნიშნული მსჯელობა არათანმიმდევრული და არალოგიკურია, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად მხარეთა შორის მოლაპარაკებისას, პირველი მოპასუხე მოსარჩელის სახელით მოქმედებდა და ეს ფაქტი მას სადავოდ არ გაუხდია.
2.18. არ არის წარმოდგენილი პირველი მოპასუხის მიერ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან მეორე მოპასუხეს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის სანაცვლოდ გადაუხადა 12000 აშშ დოლარი. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ფაქტზე პირველი მოპასუხის მითითება უსაფუძვლოა, მით უფრო იმ პირობებში, როცა მეორე მოპასუხე უარყოფს თანხის გადაცემის ფაქტს და მისივე (მეორე მოპასუხის) განმარტებით, მოლაპარაკებებიდან გამოკვეთილი მხარეთა ნების გაცნობიერების კვალდაკვალ, მის გაკვირვებასა და ეჭვს იწვევდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის გადასვლა არა მოსარჩელის საკუთრებაში, არამედ მისი რწმუნებულის, პირველი მოპასუხის საკუთრებაში, რაც მიაჩნდა, რომ ვერ უზრუნველყოფდა მისი მეგობრის - მოვალის მოსარჩელის მიმართ არსებული იმ ვალდებულებისგან გათავისუფლებას, რომლის შესასრულებლად უკვე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება.
2.19. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი უნდა დაუბრუნდეს მარწმუნებელს - მოსარჩელეს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე იმყოფებოდნენ დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობაში სსკ-ის 709-ე მუხლის (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) საფუძველზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ; №ას-1281-2018, 27.03.2019წ; №ას-405-2021, 29.06.2021წ.). რწმუნებულმა მოქმედებები უნდა შეასრულოს არა თავისი, არამედ მარწმუნებლის სახელით და მისი მოქმედების შედეგად მესამე პირთან წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილე თვითონ კი არ უნდა გახდეს, არამედ მარწმუნებელი.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის მასალებით დადგენილ, წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 25.06.2019 წლის სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შეთანხმების პროცესში პირველი მოპასუხე მოქმედებდა 28.02.2019 წელს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, რა დროსაც მოსარჩელის წინაშე არსებული 22875 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულება შეწყდა მესამე პირისაგან (მეორე მოპასუხე) სხვა შესრულების (უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის) მოსარჩელის მიერ მიღებით. პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა, სხვა რა მიზანს ემსახურებოდა მოსარჩელის მიერ მასზე უძრავი ქონების შეძენის უფლებამოსილებით მინდობილობის გაცემა. სადავო უძრავი ქონება პირველმა მოპასუხემ შეიძინა სწორედ მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო, დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის. მას არაკვალიფიციური შედავება (შესაგებელი) ჰქოდა წარდგენილი სარჩელზეც (ტ.2, ს.ფ.58-66; 143-144).
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (სუსგ №ას-108-2021, 22.04.2021წ; №ას-301-301-2018, 14.12.2021წ.). პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).
10. კასატორის ძირითადი პრეტენზია დაფუძნებულია მასზე, რომ, მართალია, უძრავ ქონებაზე მოლაპარაკებების პროცესში ის მონაწილეობდა როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, საბოლოოდ, მასთან გაფორმდა ნასყიდობა და მან თავად გადაიხადა ნასყიდობის ფასი - 12000 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
11. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1695.65 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1186.95 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ზ.ჯ–ძეს (პ/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1695.65 ლარის (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 19.09.2022წ.) 70% – 1186.95 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია