საქმე№ას-702-2022 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.ქ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ა–ა’’-მ და შპს ,,ქ.ფ.ჯ–ა’’-მ, შპს ,,კ.მ’’-მა და შპს,,ს’’-მ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები დაუთმო შპს ,,ფ.ბ–ოს’’ რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა შპს ,,ფ–ო’’-ს (შემდგომში მოსარჩელე). აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულ იქნა მოპასუხე.
2. 2018 წლის 13 აგვისტოს ი.ქ–ძემ (შემდგომში მოპასუხე) შეავსო სასესხო განაცხადი შპს ,,ა–ა’’-ს ერთ-ერთ ონლაინ ვებ გვერდზე - www.c.ge. იდენტიფიცირების შემდგომ კომპანიამ მოპასუხეს პირად ანგარიშზე გადაურიცხა სესხის თანხა ჯამში 1 200 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 70%-ით. სესხის ვადა განისაზღვრა ორი წლით. მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 94.15 ლარი - ჯამში 2 259.6 ლარი. აღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხეს ჯამში გადახდილი აქვს 1 070.99 ლარი, საიდანაც ძირი თანხა დაიფარა 358.7 ლარით, ხოლო დანარჩენი თანხით დაიფარა პროცენტი და პირგასამტეხლო. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხეს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2019 წლის 22 ივლისს. ვალდებულების დარღვევის გამო მას დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება - ვადაგადაცილებული თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1 866.02 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 841.63 ლარი, სარგებელი - 903.75 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 120.64 ლარი.
3. 2018 წლის 10 სექტემბერს მოპასუხემ შეავსო სასესხო განაცხადი შპს ,,ქ.ფ.ჯ–ა’’-ს ერთ-ერთ ონლაინ ვებ გვერდზე - www.c.ge. იდენტიფიცირების შემდგომ კომპანიამ მოპასუხეს პირად ანგარიშზე გადაურიცხა სესხის თანხა ჯამში 1 000 ლარი. სესხის ვადა განისაზღვრა ერთი წლით. მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხა და პროცენტი, ჯამში - 1 813.84 ლარი. მოპასუხემ დაარღვია ყოველთვიურად თანხის გადახდის ვალდებულება. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაეკისრა ჯარიმა სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის შესასრულებელი დავალიანება შეადგენს 1 878.43 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 989.43 ლარი, სარგებელი - 101.34 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 787.66 ლარი.
4. 2018 წლის 06 აგვისტოს მოპასუხემ შეავსო სასესხო განაცხადი შპს ,,მ.ო. ? ფ’’-ს ვებ. გვერდზე - www.v.ge და მოითხოვა სესხის თანხა 300 ლარის ოდენობით ერთი თვის ვადით. კომპანიამ მოახდინა მსესხებლის იდენტიფიცირება რის შემდეგადაც მოპასუხეს პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა სესხის თანხა - 300 ლარი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხემ აიღო ვალდებულება თანხა დაებრუნებინა 2018 წლის 06 სექტემბერს, თუმცა მას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია. მოპასუხემ ისარგებლა სესხის გადავადების უფლებით, რის შემდეგადაც მას ჯამში უნდა გადაეხადა 317.10 ლარი 2019 წლის 03 თებერვლამდე. ხელშეკრულების დარღვევის გამო, მოპასუხეს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2019 წლის 09 ივლისიდან და ირიცხებოდა 175 დღის განმავლობაში. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 516.27 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 300 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 216.27 ლარი.
5. 2018 წლის 08 მაისს მოპასუხემ შპს ,,ს’’-ს მეშვეობით გამოიტანა სესხი 2 000 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, წლიური სარგებელი შეადგენდა 71%-ს, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 99.3%-ს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 368 დღით. მსესხებელს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 06 აპრილს. ყოველთვიური შენატანი შეადგენდა 238.01 ლარს. მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად უნდა შეესრულებინა 2019 წლის 06 მაისს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას ასევე დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით. მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება დავალიანება 2 555.14 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 754.42 ლარი, პროცენტი - 625.27 ლარი, ხოლო ნებაყოფლობით შემცირებული პირგასამტეხლო 175.45 ლარი. შპს ,,ა–ა’’-მ და შპს ,,ქ.ფ.ჯ–ა’’-მ, შპს ,,კ.მ’’-მა და შპს ,,ს’’-მ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები დაუთმო შპს ,,ფ.ბ–ოს’’ რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა შპს ,,ფ–ო’’-ს (შემდგომში მოსარჩელე). აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულ იქნა მოპასუხე.
6. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ფ–ომ’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი.ქ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 866.02 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 841.63 ლარი, სარგებელი - 903.75 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 120.64 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 878.43 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 989.43 ლარი, სარგებელი - 101.34 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 787.66 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 516.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 300 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 216.2 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 08 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 555.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 754.42 ლარი, სარგებელი - 625 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო
175.45 ლარი.
7. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
8. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც დაეთანხმა მითითებული სასესხო ურთიერთობების წარმოშობის ფაქტს, თუმცა მიუთითა აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ფაქტზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ფ–ო’’-ს სარჩელი მოპასუხე ი.ქ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ი.ქ–ძეს მოსარჩელე შპს ,,ფ–ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 841.63 ლარის, სარგებლის - 903.75 ლარის და პირგასამტეხლოს - 20 ლარის გადახდა; მოპასუხე ი.ქ–ძეს მოსარჩელე შპს ,,ფ–ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 989.43 ლარის, სარგებლის - 101.34 ლარის და პირგასამტეხლოს - 20 ლარის გადახდა; მოპასუხე ი.ქ–ძეს მოსარჩელე შპს ,,ფ–ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 300 ლარის და პირგასამტეხლო 20 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნები 2018 წლის 08 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,ფ–ომ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ფ–ო’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების 1.4. პუნქტის შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ი.ქ–ძეს მოსარჩელე შპს ,,ფ–ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 2079.53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1482.89 ლარი, სარგებელი - 421.22 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 175.45 ლარი.
11.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა ას-471-471-2018) სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
11.3. პალატამ მიუთითა სსკ-ის 130-ე მუხლზე, რომელიც ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
11.4. პალატის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი გადახდის 12 თვიანი გრაფიკი, რაც ადასტურებს, რომ ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს 2018-06-04 წლიდან 2019-05-06 წლის ჩათვლით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 238.01 ლარი. სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2021 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად პალატა თვლის ხანდაზმული არ არის 2018- 10-04 წლიდან 2019-05-06 წლამდე პერიოდში შესასრულებელი ვალდებულებები, რომელიც ჯამში შეადგენს 2079.53 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 1482.89 ლარი, პროცენტი 421.22 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 175.45 ლარი.
11.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ 2018 წლის 08 მაისს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი სრულად ხანდაზმულია, რაც გასაჩივრებული გადწყვეტილების 1.4. პუნქტის გაუქმების და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 08 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2079.53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1482.89 ლარი, სარგებელი - 421.22 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 175.45 ლარი.
11.6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოთვალა ვადები და სწორად ჩათვალა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავებას წარმოადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსხვავებულად იქნა გადაწყვეტილი.
21. სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}.
22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა მითითებული, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
23. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934- 899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ, მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი გადახდის 12 თვიანი გრაფიკი, რაც ადასტურებს, რომ ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს 2018-06-04 წლიდან 2019-05-06 წლის ჩათვლით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 238.01 ლარი. სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2021 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად, ხანდაზმული არ არის 2018- 10-04 წლიდან 2019-05-06 წლამდე პერიოდში შესასრულებელი ვალდებულებები, რომელიც ჯამში შეადგენს 2079.53 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 1482.89 ლარი, პროცენტი 421.22 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 175.45 ლარი.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
28.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გადახდილ იქნა 300 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ი.ქ–ძეს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2022 წლის 17 ივნისი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ.მიქაბერიძე