საქმე № ას-732-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2020 წლის 11 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი) და შპს „მ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N162 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, შპს „მ–მა“ ვალდებულება იკისრა, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მოსამსახურეებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამთო აღჭურვილობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 10 მაისისა მიეწოდებინა.
2. აღნიშნული ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 109 615 ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3. შპს „მ–მა“ ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია. კერძოდ, შესყიდვის ობიექტი „მუფთიანი კარაბინი“, ნაცვლად 2020 წლის 10 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 29 მაისს - 19 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 109615 ლარის 0.15 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 3124,03 ლარს.
5. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „მ–ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და პირგასამტეხლოს სახით 3124.03 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
6. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მისი განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე აღიარებს, რომ კომპანიამ ხელშეკრულების შესრულების ვადა ნამდვილად დაარღვია და აღნიშნული განპირობებული იყო არა უმოქმედობით, არამედ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მხრიდან მოწოდების ვადების დარღვევით, რომელთანაც, თავის მხრივ, შპს „მ–ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს „მ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „მ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 6.19 ლარის გადახდა დაეკისრა.
8. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 117,56 ლარის გადახდა.
9.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა -გამოსახული. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 109615 ლარის 0.15 %-ის ოდენობით.
9.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მართალია, მოპასუხე აღიარებს, რომ კომპანიამ ხელშეკრულების შესრულების ვადა ნამდვილად დაარღვია და აღნიშნული განპირობებული იყო არა უმოქმედობით, არამედ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მხრიდან მოწოდების ვადების დარღვევით, რომელთანაც, თავის მხრივ, შპს „მ–ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა, მაგრამ მას რაიმე პირდაპირი მტკიცებულება მასზედ, რომ უშუალოდ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მხრიდან მიწოდების ვადების დარღვევა გახდა მოპასუხის მრიდან ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის საფუძველი, საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც გამორიცხავს პასუხისმგებლობისაგან მოპასუხის სრულად გათავისუფლებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერებასთან მიმართებით, თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ განახორციელა.
9.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს წარმოადგენდა და პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლო, მხარის მიერ ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან სწორად დაიანგარიშა, თუმცა, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა არასწორად განსაზღვრა.
9.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშების თაობაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ №ას-1819-2019; 19 თებერვალი, 2020).
9.6. სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობა 4125 ლარი იყო, ხოლო, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 19 კალენდარული დღე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან - 4125 ლარიდან უნდა მომხდარიყო, რაც ჯამში, 19 კალენდარულ დღეზე - 117,56 ლარს შეადგენს.
9.7. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
9.8. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან პირგასამტეხლოს გამოთვლის საკითხი იქნა არასწორად შეფასებული. კანონი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ როდესაც სახეზეა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ხოლო ამ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, სახეზე არაა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად, არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
18. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და იმავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის.
20. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები N ას-1292-2019, 24.12.2020წ; N ას-386-2019, 02.04.2021წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
21. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგN ას-186-2021, 25.03.2021წ.).
22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
23.განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის მთავარ სამართლებრივ შედავებას წარმოადგენს პირგასამტეხლოს დასაკისრებელი ოდენობის არასწორი განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ მიმწოდებელმა დროულად ვერ უზრუნველყო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, რის გამოც მოპასუხემ (მიმწოდებელმა) შემსყიდველს ხელშეკრულების საგანი ვადაგადაცილებით მიაწოდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებლის პირგასამტეხლოს სახით დაეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფულადი თანხა ხელშეკრულების ღირებულების - 109615 ლარის 0.15 %-ის ოდენობით.
25. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე მიუთითებს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დადგენის მიხედულების ფარგლები დამოკიდებულია სასამართლოზე, განსახილველ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთვლილი პირგასამტეხლოს ოდენობას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ შპს „მ–მა“ ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია. კერძოდ, შესყიდვის ობიექტი „მუფთიანი კარაბინი“, ნაცვლად 2020 წლის 10 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 29 მაისს - 19 კალენდარული დღის დაგვიანებით. დადგინდა, რომ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების მოცულობა 4125 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებით შესრულებელი ვალდებულების მოცულობასა (4125 ლარს) და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას (19 დღეს) მხარეები სადავოდ არ ხდიან. ამდენად, ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობა 4125 ლარი იყო, ხოლო, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 19 კალენდარული დღე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან - 4125 ლარიდან უნდა მოხდეს, რაც ჯამში, 19 კალენდარულ დღეზე - 117,56 ლარს შეადგენს.
26. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის დასაბუთებას და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ №ას-1819-2019; 19 თებერვალი, 2020).
27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითებული პრეტენზიები ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ საკითხებზე როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოებს ჰქონდათ შესაბამისი დასაბუთებული პასუხი.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ.მიქაბერიძე