Facebook Twitter

საქმე №ას-769-2022 24 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ტ.ბ–ძე, ჯ.ბ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება რაიონულ სასამართლოში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2015 წლის 20 თებერვალს სს ,,თბ–სა'' (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი) და ჯ.ბ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0105.3243902.001, რომლითაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების წესსა და პირობებზე.

2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 26 იანვარს სს თბ–სა და ჯ.ბ–ს შორის დაიდო N3243902-9557186 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს თ.ბ–მა ჯ.ბ–ზე სესხის სახით გასცა 10 050 (ათიათასორმოცდაათი) ლარი 35 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 25%-ის გადახდევინებით, ამავე ხელშეკრულების 29-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო 2.10-ე მუხლის მიხედვით კი განისაზღვრა, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

3. 2018 წლის 26 იანვარს სადაზღვევო კომპანია სს თ. დაზღვევას მიერ დაზღვეულ იქნა მსესხებლის ჯ.ბ–ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 1%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ჯ.ბ–ს ეკისრებოდა.

4. 2018 წლის 26 იანვარს სს თბ–სა და თ.მ–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ.მ–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N3243902-9 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ჯ.ბ–ის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 13065 ლარით.

5. 2018 წლის 26 იანვარს სს თბ–სა და ტ.ბ–ძეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ტ.ბ–ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N3243902-9557186 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ჯ.ბ–ის ვალდებულებების ჯეროვნად პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 13065 ლარით.

6. 2017 წლის 28 სექტემბერს ჯ.ბ–თან დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება #OM1163380, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაცემულ იქნა სესხი (საკრედიტო ლიმიტი) 10003 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2040 წლის 02 აპრილამდე, ლიმიტით სარგებლობისათვის წლიურად 48%-ის გადახდევინებით, ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენდა ყოველწლიურად 20 ლარს. ამავე ხელშეკრულების 2.20-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

7. სასარჩელო მოთხოვნა

სს „თ.ბ–ის" სასარგებლოდ მოპასუხეებს ჯ.ბ–ს, თ.მ–ს და ტ.ბ–ძეს დაეკისროთ N3243902-9557186 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსული დავალიანების თანხიდან 11000 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 8663,39 4 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1281,73 ლარს, ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა 1025,92 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 28,96 ლარს) სოლიდარულად გადახდა; სს „თ.ბ–ის" სასარგებლოდ მოპასუხე ჯ.ბ–ს #OM1163380 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს ვადამოსული დავალიანებიდან 1665 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 918,07 ლარი, დასაფარი პროცენტი 495,05 ლარია, ხოლო ჯარიმა შეადგენს 251,87 ლარს.

8. მოპასუხეების შესაგებელი

მოპასუხეებს განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზისათვის უცნობებია სასამართლოსათვის.

9. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს „თ. ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ჯ.ბ–ს, თ.მ–სა და ტ.ბ–ძეს სს „თ.ბ–ის" სასარგებლოდ დაეკისრათ N3243902-9557186 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11000 ლარი (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 8663,39 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1281,73 ლარს, ჯარიმა - 1025,92 ლარს, ხოლო დაზღვევის პრემია - 28,96 ლარს) სოლიდარულად გადახდა; მოპასუხე ჯ.ბ–ს სს „თ.ბ–ის" სასარგებლოდ #OM1163380 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 1665 ლარის გადახდა, (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 918,07 ლარი, დასაფარი პროცენტი 495,05 ლარია, ხოლო ჯარიმა შეადგენს 251,87 ლარს).

2021 წლის 6 აგვისტოს ჯ.ბ–მა და ტ.ბ–ძემ წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ჯ.ბ–ის და ტ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჯ.ბ–მა და ტ.ბ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, რომლითაც მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ტ.ბ–ძისა და ჯ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

11.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.

11.3.სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა რაიმე ობიექტური გარემოების გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

11.4. მოცემულ შემთხვევაში, ჯ.ბ–მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ უზრუნველყო შესაგებლის წარმოდგენა და პოზიციის დაფიქსირება. პალატის განმართებით, დადგენილია და აპელანტი ჯ.ბ–იც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის (მიზეზების) შესახებ უცნობებიათ, ასევე არც შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ სასამართლოსთვის. აპელანტი, ტ.ბ–ძე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი შვილი არ ცხოვრობს მასთან და არ აქვთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, ფაქტობრივად არ არის მისი ოჯახის წევრი. შესაბამისად, მის შვილზე ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტ.ბ–ძეზე გზავნილის ჩაბარებად. რაც პალატამ შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში ვერ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ტ.ბ–ძეს კორესპონდენცია ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.

11.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მხარეთა მხოლოდ ზეპირი მითითება შესაგებლის წარმოუდგენლობის ობიექტური მიზეზის თაობაზე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ უცნობებიათ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების შესახებ, შესაბამისად, მათი განმარტება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.

11.6. საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობას შეეხებაოდა, პალატა მიუთითა, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეები აქტიურად იყენებენ აღნიშნული შემთხვევებისას, და არა მხოლოდ, საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემას. კერძოდ, აპელანტს ჯ.ბ–ს შეეძლო შესაგებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოედგინა. ასევე, მხარეს შეეძლო განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, საპროცესო მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მაინც მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა მას არც ეს შესაძლებლობა გამოუყენებია, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტებმა ვერ წარადგინეს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სსსკ-ის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას, მათ ვერ უზრუნველყვეს საპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის და განსახილველი დავისადმი დიდი ინტერესის არსებობის დადასტურება, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

11.7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ტ.ბ–ძემ და ჯ.ბ–მა, რომლითაც მოითხოვეს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განჩინება/გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად. კასატორები კვლავ მიუთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შედავებებს, კერძოდ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობას, ასევე პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, რაც დაუძლეველს ხდიდა საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, ასევე, ტ.ბ–ძის მტკიცებით, ადრესატზე გზავნილის ჩაბარება სახეზეა, როდესაც გზავნილს იბარებს ოჯახის წევრი, მოცემულ შემთხვევაში კი შვილისთვის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს ჩაბარებად, რადგან ის ადრესატთან მცხოვრები არ არის.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუგ №ას-664-635-2016).

20.საკასაციო პალატა, გზავნილის ადრესატის ოჯახის წევრისთვის ჩაბარების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუკი სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ხსენებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ადრესატის ოჯახის წევრისთვის გზავნილის გადაცემა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს შეტყობინების ოფიციალურ ჩაბარებად, თუკი გზავნილი გაგზავნილი და მიტანილია მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და სწორედ დასახელებულ მისამართზე მცხოვრებ, ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს ჩაბარდება.

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავებას წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხის მიერ ამ სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 201-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 232-ე პრიმა მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. სასამართლო ვალდებულია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, კერძოდ: 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.

23. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. სსსკ-ის 233-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა შესაგებლის წარდგენაში; ბ)მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

24. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობა, ასევე პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რაც დაუძლეველს ხდიდა საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, ასევე, ტ.ბ–ძის მტკიცებით, ადრესატზე გზავნილის ჩაბარება სახეზეა, როდესაც გზავნილს იბარებს ოჯახის წევრი, მოცემულ შემთხვევაში კი შვილისთვის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს ჩაბარებად, რადგან ის ადრესატთან მცხოვრები არ არის.

23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებებს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს შემდეგი სამედიცინო დოკუმენტით, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ჯ.ბ–ი მიუთითებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომლის გამოც მან ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია ამ ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი სახის მტკიცებულება, ამიტომ, მისი საკასაციო შედავება ვერ ქმნის დასაბუთების იმ სტანდარტს, რაც საკმარისი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისთვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს წინა ინსტანციის მსჯელობას და თვლის, რომ ჯ.ბ–ის შესაგებლის წარმოუდგენლობა საპატიო მიზეზად არ შეიძლება ჩაითვალოს.

26. კასატორის მოსაზრებით, შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი შვილი არ ცხოვრობს მასთან და არ აქვთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, ფაქტობრივად არ არის მისი ოჯახის წევრი. შესაბამისად, მის შვილზე ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტ.ბ–ძეზე გზავნილის ჩაბარებად. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლი პირველ ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ისევე, როგორც კასატორი ჯ.ბ–ის შემთხვევაში, აქაც მტკიცებულების არარსებობის გამო, რომელიც დაადასტურებდა ტ.ბ–ძის სიტყვებს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და სარჩელს თანდართულ საბუთებთან ერთად ჩაბარებულად ჩათვლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

27. სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე, იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებაა საჭირო, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, ამდენად, დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია. ამ ფაქტების მითითება კი მისი მოვალეობაა, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი მიმთითებელ მხარეს ეკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებს ეკისრებოდათ შესაბამისი მტკიცებულებებით მათ მიერ მითითებულ ფატების დადასტურება, რაც მათ არ შეასრულეს.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 634 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს 634 ლარის 70% - 443.8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.ბ–ძისა და ჯ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ტ.ბ–ძესა (....) და ჯ.ბ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №13734624692, გადახდის თარიღი 2022 წლის 1 ივლისი), 634 ლარის 70% - 443.8 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე