საქმე №ას-949-2022 20 იანვარი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.კ–ბა, ნ.ჭ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–ბა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ძირითადი სარჩელი - საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით; შეგებებული სარჩელი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ.კ–ბასა და ნ.ჭ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმში, ....... (ს.კ. ......) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საზიარო საგნის მონაწილეთა შორის გადანაწილდა მხარეებზე თითოეულზე (სულ სამი) 1/3 ნაწილით. ასევე, არ დაკმაყოფილდა ა.ჩ–ბას შეგებებული სარჩელი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ–ბამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ჩ–ბას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, ლ.კ–ბას და ნ.ჭ–ძის სარჩელი, ასევე ა.ჩ–ბას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ბათუმში, ......... (ს.კ. ......) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით; საზიარო წილი უძრავ ქონებაში განისაზღვრა 1/3 ით, ამასთან, ლ.კ–ბასა და ნ. ჭ–ძის 1/3-1/3 წილი განისაზღვრა არაუმეტეს 80 000 აშშ დოლარით. საზიარო უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ლ.კ–ბას, ასევე ნ.ჭ–ძეს თავიანთი 1/3-1/3 წილების 80 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ა.ჩ–ბას სასარგებლოდ დაეკისრათ ნამეტი თანხის გადახდა არაუმეტეს 60 000 აშშ დოლარისა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებაზე ლ.კ–ბამ და ნ.ჭ–ძემ წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
განსახილველ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 6000-6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრების, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრათ განჩინების ჩაბარებიდან შვიდ დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ გ.ს–ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 12 დეკემბერს. აღნიშნულ განჩინებაზე 2022 წლის 16 დეკემბერს კასატორთა წარმომადგენელმა სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული 7 დღიანი ვადის 10 დღით გაზრდის შესახებ, რადგან ბაჟის ოდენობა წარმოადგენდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ოდენობას ორივე კასატორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მხარემ არ შეავსო ხარვეზის ერთ-ერთი სხვა მიზეზი, კერძოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ვალდებულება და მან მხოლოდ ბაჟის გადახდის ვადის გაზრდა იშუამდგომლა, სასამართლომ 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა და კასატორებს დამატებით განუსაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღიანი ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, კერძოდ, კასატორებს კვლავ დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 6000-6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრების, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება 2022 წლის 20 დეკემბერს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ეცნო კასატორების წარმომადგენელ გ.ს–ძეს, შესაბამისად, განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 27 დეკემბერს, თუმცა მოცემული პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა აღნიშნული ხარვეზის შევსება ან შესაბამისი შუამდგომლობის წარმოდგენა, ამიტომ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობს ხარვეზის შეუვსებლობის გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.კ–ბასა და ნ.ჭ–ჭის საკასაციო საჩივარი 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ბასა და ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე